მასპინძლობა გადაწყვეტილია, დასადგენია თარიღი

AutoSharing Option
შეფილდი (ინგლისი) 14-დან 20 ივლისამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს იქნება 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი, სადაც სალიცენზიო ქულების მოპოვება შეუძლიათ მუშკეტერებს.

ამ შეჯიბრებაში საქართველოდან მხოლოდ ოთხი მოხმალავე იასპარეზებს. ესენი არიან: ბექა და სანდრო ბაზაძეები, კადეტთა შორის წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი და თათია აფციაური. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება კახაბერ მაღრაძე, ამიტომ გუნდურში სათადარიგოს გარეშე მოუწევთ ბრძოლა.

ჩემპიონატზე მსაჯად არის მიწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე. დელეგაციას ნაკრების მთავარი
მწვრთნელი მერაბ ბაზაძე უხელმძღვანელებს.

ამ ასპარეზობისთვის საქართველოს მოხმალავეთა ნაკრები, რომელიც ხვალ დილაადრიან მიუნხენის გავლით შეფილდში გაემგზავრება, თბილისში ემზადებოდა. 14 ივლისს საფარიკაო ბილიკზე გავა თათია აფციაური, 16-ში ბიჭები პირად პირველობაში გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო 19 ივლისი გუნდური პაექრობების დღეა.
საგულისხმოა, რომ 15 ივლისს შეფილდში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართება, სადაც საბოლოოდ დადგინდება თბილისში 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ევროპის თასის გათამაშების თარიღი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული