ქართველი მოფარიკავეები მსოფლიოსთვის ემზადებიან

AutoSharing Option
თბილისის ფარიკაობის დარბაზში ერთ კვირაზე მეტია, ვარჯიშები განაახლეს ქართველმა მუშკეტერებმა, რომლებიც წლის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ. ეს ასპარეზობა იტალიურ კატანიაში 8-16 ოქტომბერს გაიმართება.

მოხმალავენი მსოფლიოზე გუნდურ პირველობაშიც მოსინჯავენ ძალებს კახაბერ მაღრაძის, კადეტებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის მესამე პრიზიორის მიხეილ მარდალეიშვილის, ბექა და სანდრო ბაზაძეების შემადგენლობით. სამმა მათგანმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა.

მარდალეიშვილმა პირადში პირველი ეტაპი ორი მოგებით გადალახა, მაგრამ შემდეგ ფრანგ ნიკოლას ლოპესთან დამარცხდა. ეს ფრანგი კი გუნდურში პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონია, ხოლო ინდივიდუალურში მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო მასპინძელ
სონ მენთან.

- გუნდურ პირველობაში ორი შეხვედრა წავაგეთ - ბოლო ორი ოლიმპიადის ჩემპიონ ფრანგებთან და მსოფლიოს რეიტინგით მე-5 ადგილზე მყოფ ბელარუსებთან, - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ. - ამის მიუხედავად, 44-გუნდიან რეიტინგში 26-ე ადგილზე ვართ. ვეცდებით, მსოფლიოს ჩემპონატის შემდეგ საგრძნობლად წავიწიოთ წინ.

21-წლიანების 400-კაციან რეიტინგში 18 წლის სანდრო ბაზაძე მეთოთხმეტეა, ხოლო 16 წლის მარდალეიშვილს 22-ე ადგილი უკავია. თანაც, ჩვენმა ბიჭებმა ამ შედეგებს სამი ტურნირის ჯამში მიაღწიეს, მათს მეტოქეებს კი ბევრად მეტ შეჯიბრებაში აქვთ ნაასპარეზევი.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაზე რას იტყვით?
- ჯერჯერობით თბილისში ვვარჯიშობთ, ამჯერად მეტ ყურადღებას ფიზიკურ წრთობას ვაქცევთ. დაფინანსება თუ იქნა, 26 სექტემბრიდან კიევში გვინდა გამგზავრება უკრაინის ნაკრებთან ერთობლივი წვრთნის ჩასატარებლად. ასეთი მნიშვნელოვანი პაექრობების წინ სპარინგპარტნიორების გარეშე სათანადოდ მომზადება ძალიან ძნელია.

- ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი თუ გაქვთ?
- იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ სალიცენზიო ქულებს იძლევა. საბოლოოდ კი გაისად აპრილში გაირკვევა 40-ვე საგზურის მფლობელის ვინაობა.

- გვაქვს ორი სიახლეც, - ჩაერია საუბარში ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე. - ორი წლის წინათ ჩვენმა მოფარიკავე ანზორ ალბრეხტმა რუს ეკატერინა ჟუიკოვაზე იქორწინა. ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია გუნდურ დაშნაში. პირად პირველობებშიც მრავალ შეჯიბრებაზე უსახელებია თავი. წელიწადი გავიდა, რაც შვილი შეეძინა.

ორი თვის წინათ კი ვარჯიში განაახლა და წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის დაფინანსებით გაემგზავრება იგი იტალიაში ჯერ 10-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე და შემდეგ საპრიზო ადგილებისთვის საბრძოლველად. ეკატერინა უწინდელი სპორტული ფორმის აღდგენას თუ მოასწრებს, შესაძლოა, 2012 წლის ოლიმპიადის საგზურსაც გამოჰკრას ხელი.

გერმანიაში 5 წელიწადია სწავლობს და იქვე ვარჯიშობს ქართველი მოფარიკავე სპარტაკ რაზმაძე. დაშნაში მან რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, გამოცდილება აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, კატანიაში ისიც გამოვცადოთ.

ამჟამად სპარტაკი ალემანთა ნაკრებთან ერთად იმაღლებს ოსტატობას. მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი დებიუტანტი გვეყოლება - მოხმალავე თეოდორა კახიანი. მსგავსი შეჯიბრებისთვის იგი ძალიან ახალგაზრდაა და განსაკუთრებულ იმედებს არ ვამყარებთ, მაგრამ პერსპექტიული სპორტსმენია და აქედანვე გვინდა, გამოცდილება მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული