მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი: კვარტეტი განახევრდა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში 5 აგვისტოს დაიწყო მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

პაექრობაში პირველები ჩაებნენ მოხმალავენი. საქართველოს სპორტულ ღირსებას სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე იცავდნენ.

ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა 18-წლამდელებში ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ: ექვსიდან ხუთი მეტოქე დაამარცხა: ტედი უელერი (ვირჯინიის კუნძულები, 5:1), იანივ მაიმონი (ისრაელი, 5:1), ჟოზეფ პოღოსიფაკისი (კანადა, 5:3,), სადეხ ჩანდანა (შრი-ლანკა, 5:0), ადრიან აკუნა რამირესი (მექსიკა, 5:4) და ერთადერთი შეხვედრა დათმო ჰონგკონგელ თინ ჰო ლოუსთან 2:5.

სამ შეხვედრაში მიაღწია წარმატებას საბა სულამანიძემ: ზედიზედ სძლია ტარიკ რუიზს (ჩილე, 5:2),
შუნ ტაკანას (იაპონია, 5:2) და ილია მოკრეცოვს (ყაზახეთი, 5:4), ხოლო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მანდ სინგხთან და უკრაინელ ანდრეი იაგოდკასთან, შესაბამისად, 1:5 და 2:5 წააგო.

ბექა ბაზაძემ მე-15 ჯგუფში მხოლოდ ორჯერ იზეიმა გამარჯვება იაპონელ კენტა ტოკუნანთან (5:3) და კოლუმბიელ კარლოს ვილა კარეასთან (5:1), ოთხი შეხვედრა დათმო: ადამ ვილკოკთან (ავსტრალია, 3:5), ჯეიმს ჰონეიბონთან (დიდი ბრიტანეთი, 2:5), შანად გემეშისთან (უნგრეთი, 1:5) და იან დოლე ჟალთან (ჩეხეთი, 3:5).

მიხეილ მარდალეიშვილმა კი, ჩვენდა გასაკვირად, ხუთივე ჯგუფური შეხვედრა წააგო და, ცხადია, პლეი ოფში ვერ მოხვდა.

ბექა ბაზაძემ პირველი შეხვედრა ალექსანდრ აჩტენს (არგენტინა) მოუგო 15:13, მომდევნო პაექრობა კი დაძაბულ პაექრობაში რუმინელ კიპრიან გალატანუსთან დათმო 14:15.

საბა სულამანიძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი ჯულიან აიალას (მექსიკა) აჯობა 15:12 და 64 საუკეთესოში შეაღწია.

იქ კი 7 აგვისტოს გერმანელ ნიკოლას ლიმბახს დაუპირისპირდება, სანდრო ბაზაძეს კი რევანშის აღების შანსი ეძლევა - სწორედ იმ თინ ჰო ლოუსთან გაარკვევს ურთიერთობას, რომელთანაც ჯგუფში ის ერთადერთი ორთაბრძოლა დათმო.

მოხმალავეთა ვაჟთა ოცდამეთოთხმეტედფინალური შეხვედრები 7 აგვისტოს გაიმართება.

6 აგვისტოს საფარიკაო ბილიკებზე რაპირითა და დაშნით მოასპარზე ვაჟები გამოვლენ.

ქართველთაგან ლუკა ღაღანიძე (რაპირა) და მიქაელ მიქაელიანი (დაშნა) მოსინჯავენ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული