მოხმალავენი საუკეთესოდ ცნეს

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველმა მუშკეტერებმა წლეულს რამდენიმე შეჯიბრებაში იყოჩაღეს.

განსაკუთრებით მოხმალავეებმა - თბილისელმა თეოდორა კახიანმა და ქუთაისელმა მიხეილ მარდალეიშვილმა გამოიჩინეს თავი.

თეოდორამ საქართველოს პირველობა ჯერ კადეტებში, შემდეგ უფროსებშიც მოიგო, ქვეყნის თასსაც გამოჰკრა ხელი. თურქეთის თასიც დაიმსახურა, ხოლო ევროპის თასის ერთ-ერთ ეტაპზე სოფიაში მესამე ადგილზე გავიდა. მარდალეიშვილმა საქართველოს ჩემპიონატში, ირანის თასსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს თასის ეტაპზე მესამე ადგილები დაიკავა, კონტინენტის თასის გათამაშებაზე ორჯერ რვა საუკეთესოში მოხვდა.

ამჟამად ევროპელ თანატოლთა შორის რეიტინგით მეცხრამეტეა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ 2010 წლის შედეგების შეჯამების შემდეგ ორივე მოხმალავე წლის
საუკეთესო მოფარიკავედ დაასახელა. ახლა ისინი ახალი სეზონისთვის მონდომებით ემზადებიან თბილისში. მარდალეიშვილი თანაგუნდელებთან და უკრაინის ნაკრების წევრებთან ერთად ნაახალწლევს ბაკურიანს გაემგზავრება საერთო ფიზიკური მომზადების გასავლელად, 15 იანვრიდან კი უკრაინელ კოლეგებთან ერთად კიევში განაგრძობს ერთობლივ წვრთნას.

საგულისხმოა, რომ უკვე 7-8 იანვარს კახიანი იტალიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვა, მარდალეიშვილი კი იანვრის ბოლოს ლონდონში ევროპის თასის ეტაპზე იასპარეზებს.


***
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, შოთა დარასელიას ქალიშვილი - რაპირაში სპორტის ოსტატი მანანა დარასელია რამდენიმე წლის წინათ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მისი მეგობრებისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინიციატივითა და თანადგომით მეორედ გაიმართა მანანა დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ვეტერანთა შორის. საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ხათუნა ჭუმბურიძე, 2. ინგა ფრანგიშვილი, 3. ირინა სალუქვაძე და ხათუნა მამუკაშვილი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული