კარატე. ოლიმპიადა: მედლებიც, სალიცენზიო ქულებიც

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კარატეც (WKF) შეიტანეს. მედლები ქალ-ვაჟთა სამ-სამ წონაში გათამაშდება, თანაც თითოეულში მხოლოდ 10-10 სპორტსმენი გამოვა. მამაკაცები 67, 75 და +75 კოლოგრამ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ ძალებს. აქედან გამომდინარე, კარატისტთა ტურნირებს, განსაკუთრებით, სუპერლიგის შეჯიბრებებს მეტი ფასი დაედო, რადგან სწორედ აქ შეიძლება სალიცენზიო ქულების მოგროვება და ტოკიოს თამაშების საგზურების მოპოვება.

ესპანურ ტოლედოში სუპერლიგის (სერია A) მორიგი შეჯიბრება გაიმართა. მედლებისთვის პაექრობაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჩაება. მძიმე წონაში (+84) მსოფლიოს ექსჩემპიონმა გოგიტა არქანიამ შესანიშნავად იასპარეზა. მან ჯგუფში ზედიზედ სძლია პლამენ
მეშკოვს (ბულგარეთი, 2;0), იგორ გარსია რუისს (ესპანეთი, 8:0), ხორხე ლოპესს (ესპანეთი, 8:0), მიხალ ბაბოშს (პოლონეთი, 2:0), ნახევარფინალში კი პორტუგალიელი ფილიპ რეისი ჩამოიშორა გზიდან (2:0), ხოლო გადამწყვეტი ორთაბრძოლა მაროკოელ ასრაფ ოუშენთან ფრედ დაასრულა - 3:3.

მსაჯთა გადაწყვეტილებით, ქართველი კარატისტი უფრო აქტიური იყო და გამარჯვებაც მას მიეკუთვნა. ოუშენი ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. მესამე ადგილებზე სალიმ ბენდიაბი (ჰოლანდია) და მიხალ ბაბოში (პოლონეთი) გავიდნენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს დავით ტყებუჩავა. სტარტზე მან კევინ ლიუტის (შვეიცარია, 6:0) აჯობა, მერე ერთნაირი ანგარიშით (1:0) ანგელ მედინა (ესპანეთი) და მიჩელ დე სოული (ბელგია) დაამარცხა, ნახევარფინალი კი ესპანელ გარსია მატია გომესთან დათმო - 0:1.

პირენეელმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი ევგენი პლახუტინი დაჯაბნა და პირველ ადგილზე გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ტყებუჩავამ რუს იური ბალაკინს სძლია (1:0). მეორე ბრინჯაო იტალიელ დანილე გრეკოს ერგო.

75 კილოში გამოდიოდა ჰენრი ვეკუა. მან პირველივე ორთაბრძოლა ფრანგ მაქსიმ რელიფოსთან ნულოვანი ფრით დაასრულა. მსაჯების გადაწყვეტილებით, მეორე წრეში ფრანგი გავიდა.

ტოლედოს ტურნირზე კარატისტებმა სალიცენზიო ქულები დაიმსახურეს. ამჟამად მსოფლიო კლასიფიკაციაში გოგიტა არქანია (+84) 1100 ქულით მეორე ადგილზეა. ჩვენებურს ირანელი საჯად სანჯზადენი (2225) უსწრებს. 1075 ქულით მესამეა ხორვატი ანჯელო კვესიჩი.

60 კილოში დავით ტყებუჩავა 625 ქულით მეთერთმეტეა. სამეული კი ასეთია: 1. სადრიდინ საიმატოვი (უზბეკეთი, 2525), 2. ქაია აიქუტი (თურქეთი, 1575), 3. კალვის კალნინში (ლატვია, 1125).

ჰენრი ვეკუა (75 კგ) 150 ქულით 55-ე საფეხურზეა. მეწინავეობს ამერიკელი ტომას სკოტი (1675). მას 50 ქულით ჩამორჩება სტანისლავ ჰოსუნა (უკრაინა). ფრანგი ლოგან კოსტა 1000 ქულით მესამე საფეხურზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული