საქართველო მზადაა კარატეში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად

AutoSharing Option
25-26 მაისს თბილისმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ეგიდით, გრანდიოზულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - "ოფენ ჯორჯია 2013"-ს.

ტურნირზე 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350 საუკეთესო სპორტსმენი ასპარეზობდა. საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდი იყო - 3 000 დოლარი. გარდა ამისა, მრავალმა სპონსორმა დააწესა საჩუქრები. კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ კი ამერიკაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული მედლები გადასცა გამარჯვებულებს და პრიზიორებს.

საერთაშორისო ტურნირს წინ უსწრებდა ისრაელიდან ჩამოსული ოსტატის, მსოფლიოს უსაფრთხოების ორგანიზაციის შეფ-ინსტრუქტორის, გაბი მიხაელის სემინარი და სამსაჯო სემინარები, რომლებსაც
ევროპა-აზიის აკრედიტებული ოფიციალური წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

"საქართველოში სამსაჯო კოლეგიას დიდი პოტენციალი აქვს. კმაყოფილი ვარ სემინარებით და შეჯიბრებაზე ქართველების მსაჯობით.

ქართულ კარატეს დიდი მომავალი აქვს მსოფლიო ასპარეზზე, როგორც სპორტული, ისე სამსაჯო კუთხით.

დავძენ, რომ ქართული კარატეს მესვეურმა, ბატონმა კახა ბასილიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ღონისძიება ევროპულ დონეზე ჩატარებულიყო",
- განაცხადა ევროპის მსაჯთა კომისიის თავმჯდომარე პრიმოზ დებენაკმა.

"ოფენ ჯორჯია" სალიცენზიო ტურნირი იყო და ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით გაართვეს თავი გამოწვევას - გარანტირებული გვაქვს საგზურები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მოწვეული ქვეყნების ფედერაციების პრეზიდენტები და ევროპის კარატეს ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი კმაყოფილნი დარჩნენ საერთო დონით, სპორტული, საორგანიზაციო, სამსაჯო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ჩათვლით.

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ დადებითი შეფასება მიიღო ევროპის ფედერაციიდან, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისთვის, როგორც ევროპის კარატეს სტრუქტურებში, ასევე მსოფლიო ფედერაციაში.

ამავე დროს, ამ რეზიუმეს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო მზადაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. ეს კი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მომავალი წარმატებისთვის.

შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა შინაც გვასახელეს - ძირითად წონებსა და კატეგორიებში, - ოქროსმედალოსნები გახდნენ: დავით პატარიძე, ჰენრი ვეკუა და გოგიტა არქანია.

დანარჩენ კატეგორიებშიც მაღალი ხარისხის მედლები ჩვენთან დარჩა და შესაბამისად, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთის ნაკრები გავიდა, მესამეზე - ირანისა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებები",
- განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

მსოფლიო კარატეს ფედერაციამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სპეციალური დიპლომებითა და პრიზებით დააჯილდოვა თბილისის მერიის წარმომადგენლები - მამუკა ქაცარავა და მერაბ ჩიქობავა.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული