ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დამთავრდა კადეტ და ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 50 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათგან გამოირჩა ანრი ბიწკინაშვილი (76 კგ), რომელმაც 17-წლამდელებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა კარატისტმა სტარტზე პოლონელ მაჩეია სკროუბას აჯობა - 2:0, შემდეგ ჯერონიმ ეტემი (გერმანია) დაამარცხა - 4:0, მეოთხედფინალში სლოვაკ ადი გიურიკს სძლია 1:0, მაგრამ, როგორც საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ სოფიიდან გვაცნობა, რუსმა მსაჯმა ჩვენებურს კონტაქტისთვის გაფრთხილება მისცა და წაგება ჩაეთვალა. სლოვაკმა სპორტსმენმა მერე ფინალში რუსი პაველ
დროზდი დაჯაბნა და ჩემპიონი გახდა.

ბიწკინაშვილი დამამშვიდებელში ჩაერთო: ზედიზედ სამ მეტოქეს მოუგო - ელრაზეკ მოუსას (ისრაელი, 0:0-ზე არბიტრების გადაწყვეტილებით) მიჩელ ტორპის (ინგლისი, 2:2), კოლ კაბაშის (შვეიცარია, 3:2) და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მასთან ერთად კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ვალიდ დეგჰალი (ბელგია).

ქართველ სპორტსმენთაგან საპრიზო ადგილამდე ერთი გამარჯვება დააკლდა 17-წლამდელებში დიმიტრი კუჩერენკოს (61 კგ), რომელიც მე-5 ადგილს დასჯერდა. ამავე ასაკში მეშვიდე იყო ოთარ ანთაძე (+76 კგ). მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ 20-წლამდელებში თამუნა თურმანიძე (61 კგ) და 15-წლამდელებში ლუკა ხვედელიანი (57 კგ).

საგულისხმოა, რომ ათეულში მოხვედრილმა ყველა ქართველმა კარატისტმა სალიცენზიო ქულები დაიმსახურა მსოფლიო ახალგაზრდობის მესამე ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელსაც 2018 წელს არგენტინა უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული