ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს

AutoSharing Option
20 ქვეყნის 289 სპორტსმენი მონაწილეობდა პოლონეთის ქალაქ ბიტომში 22 წლამდე კარატისტთა ევროპის ჩემპიონატში. საქართველოდან (დელეგაციის ხელმძღვანელი სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, მთავარი მწვრთნელი ლაშა ხაჭაპურიძე) შეჯიბრებაში ხუთმა ვაჟმა და ორმა გოგონამ იასპარეზა, რომლებმაც ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს ლიტვისა და უკრაინის შემდეგ.

პირად პირველობაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ლევან ვერულიძე (85 კგ), რომელმაც ზედიზედ სძლია სერგეი სტეცენკოს (უკრაინა), გრეგორი ბარგმანსა (პოლონეთი) და ვლადიმირ ბუხაის (უკრაინა). თანაგუნდელს მხარი აუბა თბილისელმა სერგეი მოვსესიანმა (65 კგ).
ევროპის შარშანდელი მსგავსი პირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა გზიდან ჩამოიშორა იური გრაფჩაკი (უკრაინა), აუგას რომულგასი (ლიტვა), ემინ ისმაილი (აზერბაიჯანი), ადრიან სტაშევსკი (პოლონეთი) და ოქროს მედალი მოიპოვა.

შარშან 22-წლამდელთა ევროპის პირველობაზე საქართველოდან გოგონათა შორის პირველი ჩემპიონი გახდა სამტრედიელი თამარ ბიბილეიშვილი (60). წლეულს მას ტიტულის შენარჩუნებაში ტრავმამ შეუშალა ხელი. ტკივილის მიუხედავად, სამი მეტოქე დაამარცხა - უკრაინელი ანა სასი, პოლონელი აგნეშკა გოდიევსკა, ლიტველი ვენკუტე სკაიპე და ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ სერედლი გიონგლისთან პაექრობა ფრედ დაამთავრა. მსაჯების გადაწყვეტილებით (ჰანტეი), ჩემპიონობა მადიარს ერგო, ბიბილეიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს ცდიდა თბილისელი ლაშა ოზბეთელაშვილი. შარშანდელი პირველობის გამარჯვებული ერთი თვის წინათ ტოკიოში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატში მონაწილეობდა. მეორე წრეში მან მსოფლიოს სამგზის და ევროპის 15-გზის ჩემპიონ ვალერი დიმიტროვთან (ბულგარეთი) ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. ამის მიუხედავად, ევროპის ახალგაზრდული პირველობისთვის მაინც საფუძვლიანად მოემზადა. ბიტომში ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა: რუმინელ ვასილი გუსანუს, უკრაინელ იური დუმას და პოლონელ ტომას ბოძოვიჩს აჯობა, ფინალური პაექრობა ლიტველ არნოლდას გრევასთან დათმო და მეორე ადგილზე გავიდა. ნაკრების დანარჩენი წევრები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაისად, 13-14 მაისს თბილისის ახალი სპორტის სასახლე კარატისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული