საქართველო ძალიან შავ სიაში - The Sun-ის სკანდალური სტატია ქართველ მოკრივეებზე

AutoSharing Option
ფოტოზე: დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე დაანოკაუტა
The Sun ექსკლუზიურად ავრცელებს ძალიან სკანდალურ ინფორმაციას, თუ როგორ ყალბდება პროფესიულ კრივში მონაცემები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, როგორ არიდებენ მოკრივეები თავს სამედიცინო შემოწმებას და ასე შემდეგ. გთავაზობთ ამ ექსკლუზიურ სტატიას, სათაურით "დოპინგების რინგი" (იხილეთ სტატიის ბმული):

"ქართველი ინსაიდერი ამტკიცებს, რომ უცხოელი პროფესიონალი მოკრივეები აყალბებენ თავიანთ სტატისტიკას, რათა ბრიტანელ ჩემპიონებთან მომგებიანი შეხვედრები დაიბევონ. ასეთი თაღლითების მიერ "წამხდარი" ორთაბრძოლების ასეულში მძიმეწონოსან დერეკ ჩისორასა და დილიან უაითთან შეხვედრებიც მოხვდა.

ქართველი მოკრივე აცხადებს, რომ მისი მხოლოდ სამი საშინაო ბრძოლა
იყო ნაღდი და მათ არასოდეს გაუვლიათ სამედიცინო შემოწმება. საეჭვოა სხვა ევროპული ქვეყნების მოკრივეების სტატისტიკაც.

Matchroom Boxing მიიჩნევს, რომ ბრიტანელმა მოკრივეებმა, ჯამში, დაახლოებით 100 ორთაბრძოლა გამართეს ისეთ მეტოქეებთან, რომელთაც სტატისტიკური მონაცემები გაყალბებული ჰქონდათ.

პროფესიონალი მოკრივეები ექსსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებში თითო ბრძოლაში საშუალოდ 15 ფუნტს გამოიმუშავებენ, მაშინ, როცა კონტინენტზე ბრძოლაში 2 ათასი ფუნტის გამომუშავებაც შეუძლიათ.

როგორც ამტკიცებენ, მენეჯერები ფალსიფიცირებით აგზავნიან ასეთ მოკრივეებს ბრიტანეთში, როგორც ფულის ტომრებს და შემდეგ მიღებული თანხის დაახლოებით ნახევარს ითვისებენ.

ჩვენი წყარო, რომელიც საკუთარ გვარ-სახელს ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით არ ასახელებს, ამბობს, რომ ეს ნამდვილი სკანდალია.

"საქართველოში ტოპ-მოკრივეები ფალსიფიცირებით ახერხებენ მოწინავე ევროპელ მოკრივეებთან ჩხუბის დაბევებას", - ამბობს იგი.

ჯამში, 89 ბრიტანელი მოკრივე გაება ამ მახეში. ჩისორა და უაითი - ორივე შეხვდა ქართველ მძიმეწონოსან ბექა ლობჟანიძეს, სანამ მათი საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართებოდა დეკემბერში მანჩესტერში.

- დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე 25 წამში დაანოკაუტა [VIDEO]

ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ლობჟანიძემ BoxRec.com-ზე გააყალბა თავისი სტატისტიკა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩები რომ დაებევებინა.

(Sportall.ge: ბექა ლობჟანიძე ცოტა ხნის წინ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. იხილეთ ბმული)

ცნობილი პრომოუთერი ფრენკ უორენი განცვიფრებულია:

"ეს საიტი ხომ ჩვენი ბიზნესის ბიბლიაა, შოკში ვარ. ჩვენ სწორედ ამ წყაროს მიხედვით ვარჩევთ სხვადასხვა ქვეყნიდან მეტოქეებს. ამ სტატისტიკას ამტკიცებს ყოველი ქვეყნის ფედერაცია საიტზე. გამოდის, რომ ისინიც გარეულნი არიან. ყველაფერს გავიღებ, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო ბრიტანელებს, დახარისხდეს ყველაფერი".

BoxRec.com-ის ჯონ შეპარდი ამბობს, რომ საიტი ქართულ მხარეს უკვე ბრძოლების ვიდეომტკიცებულებებს მოსთხოვს:

"ასეთი თაღლითობა მართლაც შესაძლებელია. ჩვენ მხოლოდ შავ სიაში მყოფთაგან ვითხოვთ ვიდეოებს, საქართველო კი "ძალიან" შავ სიაშია..."

ენტონი ლივერი Matchroom Boxing-დან ამბობს, რომ თუკი რომელიმე მოკრივე (არამარტო აღმოსავლეთ ევროპიდან) აყალბებს ბრძოლებს, ეს სერიოზული პრობლემაა პროფესიული კრივისთვის. თუკი ეს დამტკიცდა, განგაშის ზარებია შემოსაკრავი".

ბრიტანელ მოკრივეებს, მარტინ მიურეისა და ჯეკ მასისაც გაუმართავთ ბრძოლა ისეთ ქართველ სპორტსმენებთან, რომელთა სტატისტიკაც ეჭვის ქვეშაა. 2015-ში მიურეიმ გიორგი ბეროშვილი დაანოკაუტა, ხოლო მასიმ გოგიტა გორგილაძე შეაჩერა.

ჩვენი წყარო ამბობს:

"მე ვიყავი ამ მოკრივეების "ბრძოლების" ღონისძიებაზე და იქ ისინი არ გამოსულან. თუკი მოკრივე ევროპაში მარცხდება, მას რენომეს აღსადგენად მალევე სჭირდება ბრძოლა, აქ კი საქმეში ერთვებიან ყალბი ოპონენტები".

სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით, პროფესიულ კრივს საერთაშორისო დამრეგულირებელი არ ჰყავს. ზემოთ ნახსენებ საიტზე მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ, შექმნან თავიანთი მოკრივეების პროფილები, ატვირთონ სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები.

ჩვენმა წყარომ დაასახელა ბევრი ყალბი მოკრივე საიტზე, რომელთა პროფილებს არ აქვთ დაბადების თარიღები და ფოტოები, მაგრამ მათ აქვთ ძალიან დიდი უარყოფითი ბალანსი ბრძოლებში.

ქართველი მოკრივე აცხადებს:

"ფედერაციის წარმომადგენლები ხათუნა არონიშიძე და ლელა ადუაშვილი ქმნიან ამ პროფილებს. ისინი ამას სახალხოდაც ამბობდნენ. როცა ოპონენტი მოითხოვს სამედიცინო ცნობას დოპინგზე, ისინი ამასაც აყალბებენ. ზოგჯერ მენეჯერები ექიმების ნაცვლადაც აწერენ ხელს. ისინი იჯიბავენ სულ მცირე, ნახევარ შემოსავალს, რასაც ჩვენ ვიღებთ".

ჩვენმა წყარომ დაასახელა 29 ქართველი მოკრივე, რომლებიც ბრძოლების გაყალბებით ბრიტანეთში პრესტიჟულ ბრძოლებს იბევებენ.

როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, იგივე ხდება სლოვაკეთში, ბულგარეთში, ბოსნიასა და ლიტვაში.

შეპარდი ამბობს:

"ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, ჩვენ ხომ პოლიცია არ ვართ. ჩვენ ვცდილობთ უკეთესი სტანდარტების დამკვიდრებას. სამწუხაროა, არ არსებობს საეთაშორისო სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელი იქნებოდა".

როგორ მოქმედებს თაღლითური სქემა
1. მოკრივის მენეჯერი იხდის 30 ფუნტს BoxRec.com-ის ექაუნთისთვის. შემდეგ აკეთებს "იქს" მოკრივის პროფილს, რომელიც ნამდვილია.

2. მენეჯერი აკეთებს აგრეთვე რამდენიმე ყალბი მოკრივის პროფილს. შემდეგ "იქს" მოკრივეს უგროვდება მოგებები ამ ყალბი მეტოქეების წყალობით.

3. "იქს" მოკრივე მიდის ბრიტანეთში ბრძოლის გასამართავად, შესანიშნავი სტატისტიკით.

4. იქ მარცხდება, მაგრამ იღებს 500-2000 ფუნტს, რომლის ნახევარი რჩება მენეჯერებს.

5. "იქს" მოკრივის პროფილი მარცხის მერე ახალი "გამარჯვებებით" ივსება.

P.S. Sportall.ge შეეცდება, მოგვიანებით გაგაცნოთ სკანდალურ სტატიაში მოხსენიებულ პირთა პოზიციებიც
მკითხველის კომენტარები / 8 /
სქემა მართლაც ისეთია ქართველზე რომაა ზედგამოჭრილი, მაგრამ თანხები მართლა საეჭვოა. 30 ფუნტი, ამას პლუს ფეიკი მოკრივეების რეგისტრაციის ხარჯები, მინიმუმ 150 ფუნტი, შემდეგ ბრიტანეთში გამგზავრების ხარჯები თავის გუნდიან მენეჯერიან სეკუნდანტებიანად და იქ რამდენიმე დღით გაჩერება სანამ ბრძოლა გაიმართება მემგონი ბევრად მეტი უნდა დაჯდეს ვიდრე ამ სტატიაში დასახელებული მაქსიმალური თანხა 2000 ფუნტია.
fraternity
15:38 10-03-2017
0
მეტს რას უნდა ელოდო თქვენგან
ebbe sandi
17:37 07-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული