ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტად

AutoSharing Option
ორი საინტერესო ამბავი გავრცელდა WBC-ის ვერსიით სუპერმძიმეწონაში მსოფლიოს ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოს შესახებ.

როგორც ირკვევა, უფროსი კლიჩკო თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 2015 წელს გაიმართება. ამის შესახებ პირადად გამოაცხადა WBC-ის პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა. მისი თქმით, ვიტალი მას ამ დღეებში შეხვდა და საუბრისას ეს ამბავი გაანდო.

მეორე ახალი ამბავი ვიტალი კლიჩკოს შესახებ კი ნაკლებად მოეწონებათ მის გულშემატკივრებს. იმავე სულეიმანთან შეხვედრისას, უკრაინელმა ითხოვა თავისი მორიგი ბრძოლის თარიღის გაურკვეველი ვადით გადაწევა, რისი მიზეზიც მარჯვენა მაჯის ტრავმა გახლავთ. ვიტალიმ ოფიციალურად გამოაცხადა,
რომ 2013 წელს ვერ შეძლებს რინგზე გასვლას.

საბოლოოდ, WBC დათანხმდა ბრძოლის თარიღის 2014 წელს გადატანას და თან ტიტულიც შეუნარჩუნა უკრაინელს. თუ ვიტალი კლიჩკო 2014 წელსაც არ გავა რინგზე, მაშინ განიხილავენ მისთვის ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევის საკითხს.

უფროს კლიჩკოს წელს, WBC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვა უწევდა კანადელ ბერმეინ სტივერნთან. როცა ამ უკანასკნელმა შეიტყო, რომ უკრაინელს ბრძოლის თარიღის გადაწევის უფლება მისცეს, WBC ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

კანადელმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია - რატომ შეუნარჩუნეს კლიჩკოს ტიტული, იმ დროს, როცა ანალოგიურ სიტუაციაში სხვა მოკრივეებს ჩამოართვეს საჩემპიონო ქამარი. სტივერნმა მაგალითად მოიყვანა ამერიკელი ტიმოტი ბრედლი, რომელიც დიდი ხანი არ იცავდა ტიტულს და 2011 წელს ჩამოართვეს ჩემპიონობა.

ბოლოს ვიტალი კლიჩკო რინგზე 2012 წლის სექტემბერში გავიდა. მან მოსკოვში იჩხუბა გერმანელი მანუელ ჩარის წინააღმდეგ და ნოკაუტით დაამარცხა ის. სულ უფროს კლიჩკოს კარიერაში 47 ბრძოლა აქვს ჩატარებული. აქედან მან მოიგო 45 შეხვედრა (41 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

უკრაინელი WBC-ის ტიტულს 2008 წლის ოქტომბრიდან ფლობს, როცა ნიგერიელი სამუელ პიტერი დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტალი კლიჩკოს ტრავმა და ფლოიდ მეივეზერის პირობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული