ღვაწლი დაუფასდებათ: გორში კრივის ახალი დარბაზი აიგება

AutoSharing Option
ამ დღეებში ახალქალაქში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ პირველობაზე კრივში, გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგს გორის გუნდმა მიაღწია. 9 წონითი კატეგორიიდან გორელებს სამში ოქროს, ორში კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

გამარჯვებულები გახდნენ ლაშა კობახიძე (49 კგ), გიორგი დოლიაშვილი (64), გიორგი ზედგინიძე (81), მესამე ადგილებზე გავიდნენ მიხეილ გაბინაშვილი (52) და იოსებ აბულაძე (69).

გუნდი დაკომპლექტებული იყო გორელი და ვარიანელი მოკრივეებით. ბოლო წლებში ისინი ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ ერთობლივად ემზადებიან, ერთ გუნდად გამოდიან და წარმატებებსაც აღწევენ.

ვესაუბრებით გორის კრივის სკოლის დირექტორს, მწვრთნელ ავთანდილ შოშიაშვილს.

- საქართველოს
პირველობისთვის გუნდის ორკვირიანი საერთო ფიზიკური და ათდღიანი ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადება გორის კრივის სკოლაში საკმაოდ ნაყოფიერი გვქონდა. მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის და მოხარული ვარ, რომ შრომა დაუფასდათ.

ლაშა კობახიძე საქართველოს პირველობის შარშანდელი ფინალისტია და სასიამოვნოა, რომ ეს მან წლეულსაც შეძლო და, რაც მთავარია, ამჯერად დაძაბულ პაექრობაში ფინალში მასპინძელთა გუნდის წარმომადგენელს მიხეილ კაზარიანს სძლია.

ოქროს მედალი პირველია გიორგი ზედგინიძისთვისაც, რომელსაც აქამდე მხოლოდ პრიზიორთა შორის ვხედავდით.

საქართველოს პირველობაზე გამარჯვებული ადრეც ყოფილა გიორგი დოლიაშვილი, რომელმაც ამჯერად ოთხი შეხვედრა მოიგო და კვლავ არავის დაუთმო პირველობა თავის წონაში. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე მას ცოტა დააკლდა კვარცხლბეკამდე, როდესაც უნგრელ მოკრივესთან წააგო 1:2. იმედი გვაქვს, სამომავლოდ დოლიაშვილი საერთაშორისო არენაზეც გვასახელებს.

- საერთაშორისო რინგზე სულ ცოტა ხნის წინათ რატი ტლაშაძემ (75 კგ) გასახელათ. არ შეგეძლოთ მისი ძალა ახალგაზრდებშიც გეცადათ?
- დიახ, რატი ამას წინათ ანაპაში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა, შარშან ბრინჯაოს პრიზიორი იყო. ფინალი უშუალო პაექრობაში არც წაუგია, ნატკენი ხელის გამო არ დართეს ექიმებმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მონაწილეობის უფლება.

ვფიქრობდით ტლაშაძე საქართველოს ახალგაზრდულ პირველობაზე გამოგვეყვანა და დამერწმუნებით, რომ მისგან მედალიც მოსალოდნელი იქნებოდა, მაგრამ ვარჩიეთ ამ შეჯიბრებაზეც მას დაესვენა.

- ორიოდე სიტყვით პრიზიორებზეც შევჩერდეთ.
- მიხეილ გაბინაშვილი კადეტთა შორის შარშანდელი საქართველოს ჩემპიონია. ახალგაზრდებში ფაქტობრივად დებიუტი ჰქონდა, თუმცა პრიზიორთა შორის მაინც მოხვდა. ისიც და კიდევ ერთი ბრინჯაოს პრიზიორი ვარიანელი იოსებ აბულაძე პერსპექტიული სპორტსმენები არიან და მათზე სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ მწვრთნელები.

- ამ მოკრივეებს უახლოეს შეჯიბრებაზე სად მოუწევთ გამოსვლა?
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დეკემბრის დასაწყისში ბაქოში ალიევის წარმომადგენლობით ტურნირზე აპირებს ასპარეზობას და გუნდის შემადგენლობაში, ცხადია, ჩვენი მოკრივეებიც გავლენ რინგზე.

P.S. საუბრის ბოლოს ბატონი ავთოსგან, რომელიც გორის საკრებულოს წევრიცაა, სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ. მან გვაცნობა, რომ საკრებულოს სხდომაზე წამოაყენეს ინიციატივა გორში საშეჯიბრო დარბაზის (დაახლოებით 2000 მაყურებელზე) აშენების თაობაზე. წინადადებამ მხარდაჭერა ჰპოვა საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ დავით რაზმაძისგან.

მიუხედავად გორელ სპორტსმენთა თვალსაჩინო საერთაშორისო წარმატებებისა, ქალაქში საშეჯიბრო დარბაზი არ არსებობს და ტურნირები ტარდება მეტად არაკომფორტულ გარემოში. ამ პრობლემაზე "ლელოც" რამდენჯერმე წერდა, რაც საკრებულოში საკითხზე მსჯელობისას მადლიერებით აღუნიშნავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავტ კარგია ტკვენ კოველტვის გკონდატ სედეგები ასე გევლოტ ცინ გკოცნიტ ბიჰებო
0

სიახლეები პოპულარული