დაუვიწყარი 1993 წელი

AutoSharing Option
ფოტოზე: ავთანდილ შოშიაშვილი და გიორგი კანდელაკი

ბოლო წლებში ქართულ კრივში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედლები საოცნებო გაგვიხდა. არადა იყო დრო, როდესაც ცალკეული მოკრივეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონობა და პრიზიორობა წარმოუდგენელი არ ყოფილა და ჩვენი სპორტსმენები გუნდურადაც შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებდნენ.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით 1993 წლის თაობაა გამორჩეული. ზუსტად ოცი წლის წინათ, 1993 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯერ მსოფლიოს (ტამპერე, 7 - 16 მაისი), ხოლო შემდეგ ევროპის (ბურსა, 6 - 12 სექტემბერი) ჩემპიონატებზე ერთად 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

გამორჩეულად წარმატებული გიორგი კანდელაკის
ასპარეზობა გამოდგა. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალს, ევროპის ჩემპიონატზე ოქროც მიუმატა.

მაშინდელ ნაკრებს და მოკრივეთა ასპარეზობებს დღეს გიორგი კანდელაკთან და გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ ავთანდილ შოშიაშვილთან ერთად გავიხსენებთ.

"იმ სეზონში პირველად ჯერ მსოფლიოს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემი შეგირდი გიორგი კანდელაკი მაშინ მართალია, ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, მაგრამ არც დიდებში ჰყავდა ბადალი. მეტიც, 1992 წელს ახალგაზრდებს შორის სულაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული.

მიუხედავად ამისა, ნაკრების მწვრთნელები (ზურაბ გუნია, როლანდ კვაჭაძე) სიფრთხილეს იჩენდნენ, დიდებს შორის საასპარეზოდ გაყვანას არ ჩქარობდნენ. ასაკით პატარაა, გამოუცდელია და შეიძლება დარტყმები გამოეპაროსო.

მე დაჟინებით ვითხოვდი კანდელაკის გუნდში დაყენებას, ვინაიდან მჯეროდა მისი შესაძლებლობების და ბოლოს, საბედნიეროდ, დამიჯერეს",
- იხსენებს ავთანდილ შოშიაშვილი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგიმ ფინალამდე გზა წარმატებით განვლო. სადებიუტო დაპირისპირებაში გერმანელ მოწინააღმდეგეს მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩამორჩებოდა ქულებით, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა, ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბოლო წამებზე გადამწყვეტი იერიშით დაწინაურდა კიდეც.

შემდეგ კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი სომეხ არშაკ ავერტეკიანს აჯობა.

ფინალში კანდელაკი კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა ჭაბუკი ქართველისთვის მოპოვებული ეს ტიტულიც ცხადია, დიდი შედეგი იყო.

"სავონი მსოფლიოს სამოყვარულო კრივის ისტორიაში ქვემძიმე წონის ყველაზე ტიტულოვანი მოკრივეა. ის ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი სპორტსმენი გახლდათ. მე კი ყოველთვის ტექნიკური პაექრობა მიტაცებდა.

სავონმა ძირითადად თავისი ზემოაღნიშული კოზირის ხარჯზე მაჯობა, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა ფიზიკურ აღნაგობაში ჩვენს ასაკობრივ განსხვავებას ჰქონდა.

ახლა მაშინდელი ჩემი შეხვედრების ვიდეოებს რომ ვუყურებ, მეღიმება. 18 წლის, 86 კგ ვიყავი. ამ ასაკში თანატოლთან ორთაბრძოლა სულ სხვაა და უფროსთან - სხვა. მერწმუნეთ, 26-27 წლისა რომ შევხვედროდი სავონს, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს ვიხილავდით. ამ დროს ორგანიზმი ჩამოყალიბებულია, სუნთქვა გაცილებით უკეთესია, აღარაფერს ვამბობ დაგროვილ გამოცდილებასა და ტაქტიკურ განსწავლულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ქვემძიმე წონაში კუბის ნაკრების მეორე ნომერს ყოველთვის ვჯობნიდი.

26 წლისა, როდესაც უკვე პროფესიონალებში გამოვდიოდი, ლენოქს ლუისის კლუბში ვარჯიშისას მძიმე წონაში ბრიტანეთის პირველი ნომერი ოდლი ჰარისონი მომიყვანეს, რომელიც სიდნეის ოლიმპიადისთვის (2000 წ) ემზადებოდა. გეფიცებით, ოთხ-ხუთ სპარინგში შევხვდი და ისე მოვუგე, მისი მწვრთნელი მეუბნებოდა, ეგრე გამეტებით ნუ სცემო, ჰარისონი იქიდან და, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!"
- იხსენებს გიორგი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსოფლიოს ჩემპიონატზე კუბის მაშინდელი გუნდის საოცრად წარმატებული გამოსვლა. თავად განსაჯეთ, მათი 11 მოკრივიდან 8 ჩემპიონი გახდა და 3 ფინალისტი!

"მეტსაც გეტყვით, კუბელებს კიდევ მეტი ჩემპიონი შეიძლება ჰყოლოდათ. სამი წაგებული ფინალიდან, კუბელები კასამაიორი (54 კგ) და კარიონი (57 კგ) ბულგარელებთან, შესაბამისად ხრისტოვთან და ტოდოროვთან დამარცხდნენ.

AIBA - ს (სამოყვარულო კრივის მსოფლიო ასოციაცია) პრეზიდენტი მაშინ ბულგარელი გენჩევი გახლდათ და მსაჯების "დამსახურებით" ბულგარელთა მიერ კუბელებთან მოგებულ აღნიშნულ ფინალებს მთლად სუფთა არ ეთქმოდა",
- გვეუბნება შოშიაშვილი. 57 კგ-ში კარიონთან და ტოდოროვთან ერთად კვარცხლბეკზე რამაზ ფალიანი იდგა. მას ბრინჯაოს მედალი ერგო.

რამდენიმე თვეში ევროპის ჩემპიონატის ფინალი იმავე ტოდოროვმა ამჯერად რამაზს მოუგო და ქართველ სპორტსმენს ვერცხლის მედალი ხვდა წილად. სხვათა შორის, შემდეგ წლებში ფალიანმა ბულგარელთან რევანში მაინც მოახერხა. ევროპის ჩემპიონატზე მედლის ხარისხი გიორგი კანდელაკმაც გააუმჯობესა და შინ ჩემპიონის რანგში დაბრუნდა.

თუმცა იქამდე იყო მოსამზადებელი ეტაპი.

"ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები ბორჯომში ემზადებოდა. ვვარჯიშობდით კალათბურთის დარბაზში, კუსტარულად გაკეთებული კრივის ტომრებით.

მეცადინეობის შემდეგ გავდიოდით იქვე სტადიონზე და მინდორზე სარწყავი სისტემის რეზინის შლანგების საშუალებით ერთმანეთს ხელდახელ გაკეთებული შადრევნით წყალს ვავლებდით.

ვცხოვრობდით სასტუმროს მე-11 სართულზე დევნილებთან ერთად. რა გასაკვირია, რომ კვებაც არ ყოფილა სახარბიელო..."
- გვიყვება გიორგი კანდელაკი.

და მაინც, ბურსაში ევროპის ჩემპიონატზე თითო ოქროს და ბრინჯაოს, აგრეთვე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ხსენებულ პირობებში გამოვლილმა ჩვენმა გუნდმა. მესამე ადგილზე პაატა გვასალია (60 კგ) გავიდა. ერთ-ერთ ფინალისტ რამაზ ფალიანზე ზემოთ მოგახსენეთ.

ფინალში იბრძოლა აგრეთვე მძიმეწონოსანმა ზურაბ სარსანიამ.

"ჩემი ღრმა რწმენით, ზურაბს თავის წონაში ევროპაში იმ დროს ბადალი არ ჰყავდა. ბურსაში მას საჩემპიონო შეხვედრა ასევე ბულგარელ სლივენ რუსილოვთან "წაართვეს".

არ იფიქროთ, რომ ვამეტებ, როცა ბულგარელთა მიმართ მსაჯების მიკერძოებას ვიხსენებ. პრეზიდენტის გავლენა მსაჯებზე დიდი იყო.

საგულისხმოა, რომ ფინალში სამმა ბულგარელმა გააღწია და სამივე ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის ძალიან ცოტა დააკლდათ საპრიზო ადგილებამდე თენგიზ მესხაძეს და ალბერტ კაზანჯიანს",
- ამბობს შოშიაშვილი.

"ამ შეჯიბრებაში ფინალურ ბლოკამდე ორი მეტოქე დავამარცხე. ნახევარფინალში დენი უილიამსს (ინგლისი) მოვუგე. ოქროს მედლისთვის კი ჰოლადიელ დონ დიეგო პოედერთან მომიწია შეხვედრა.

პოედერმა ბურსაში ჩემამდე ყველა მეტოქე ნოკაუტით ჩამოიშორა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და პირველივე რომ მომიქნია, ხელში ისე მწარედ მომხვდა, ვიფიქრე, არ მომტეხოს მეთქი. თუმცა მე ტექნიკურად ვეჩხუბე, ჭკუით ვაჯობე და ჩემპიონი გავხდი",
- გვიყვება კანდელაკი.

იმ წელს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: გიორგი კანდელა კი, რამაზ ფალიანი, ზურაბ სარსანია, პაატა გვასალია, თენგიზ მესხაძე, კობა გოგოლაძე, ალბერკ კაზანჯიანი, აკაკი კაკაურიძე...

90-იან წლებში ქვეყანაში დასადგურებულმა ქაოსმა ამ შესანიშნავ საკრივო თაობას ბოლომდე არ მისცა შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის საშუალება. მართალია, ზოგიერთმა ტიტულებიც მოიპოვა, მაგრამ ნაწილი სხვა ქვეყანაში გაექცა ქაოსს და იქაური დროშით იბრძოლა, ზოგი ტრაგიკულად დაიღუპა, ზოგმაც ნაადრევად ჩამოკიდა ხელთათმანები ლურსმანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაიკიდეთ გულზე როლანდ კვაჭაძის მედლები! ამ ბიჭების მიღწევა როლანდი მასწავლებლის შრომით და ოფლითაა მიღწეული.უფალმა იცის სიმართლე ვის რა წილი მიუძღვის.
ქართველი
14:51 08-12-2021
0
სად იკვნენ ამ ცლებსი ეს გაკცეულებ აკ რომ უჰირდა კარტულ კრივს და ეგენი გაჰირვებას გაეკცნენ ეხლა გასლილ სუფრაზე დასზდნენ კარგია ხომ და ის ტაობა და საცოდავი მცვრტნელები აკ იბრზოდნენ სად იკავი დავიტ კვაჰაზე მასინ
janri
09:29 30-09-2013
0

სიახლეები პოპულარული