კლიჩკოს ტიტულს პრეტენდენტები გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
ამერიკელი კრის არეოლა და კანადელი ბერმეინ სტივერნი გაითამაშებენ სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულს, რომელიც ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ვიტალი კლიჩკოს "საპატიო ჩემპიონის" ტიტული მიანიჭეს. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე უკრაინელმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

სტივერნი WBC-ის რეიტინგის პირველი ნომერი გახლავთ, ის აგრეთვე WBC Silver-ის ტიტულის მფლობელია. არეოლა, რომელსაც ეკუთვნის WBC International-ის ტიტული, მეორე ადგილს იკავებს კლასიფიკაციაში. მოკრივეები აპრილში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ტიტულზე პრეტენდენტის სტატუსისთვის და მაშინ კანადელმა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაამარცხა ამერიკელი.

არეოლამ პროფესიულ რინგზე 39 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო
36 (31 - ნოკაუტით) და სამჯერ დამარცხდა. სტივერნის ანგარიშზეა 25 ბრძოლა, 23 მოგება (20 - ნოკაუტით), ერთი წაგება და ერთი ფრე.

გაურკვეველი აბი რინგზე
ტექსასის შტატის საკრივო კომისიამ გამოძიება დაიწყო არგენტინელი მოკრივის, მარკო მაიდანას საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც გასულ უქმეებზე, ამერიკელ ედრიენ ბროუნერთან შეხვედრის მსვლელობისას, შესაძლოა, სეკუნდანტის მიერ მიწოდებული გაურკვეველი აბი მიიღო.

ვებგვერდმა TMZ.com-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტექსასის საკრივო კომისიის მხრიდან განხილვის საგანი გახდა. ჩანაწერში ჩანს, რომ რაუნდებს შორის შესვენებისას, მაიდანას ერთ-ერთმა სეკუნდანტმა ხელსახოცზე დადო საგანი, რომელიც აბს ჰგავდა და შემდეგ ხელსახოცი მოკრივის სახესთან მიიტანა. ვიდეოთი რთულია იმის გარკვევა, გადაყლაპა თუ არა მაიდანამ ეს აბი.

კრივის წესების თანახმად, სეკუნდანტებს თან შეიძლება ჰქონდეთ ნივთები, რომლებსაც წინასწარ ამოწმებენ. სამედიცინო პრეპარატები დაშვებულია მხოლოდ ხსნარის სახით. ბრძოლის წინ წყალიც კი მოწმდება.

მაიდანას წარმომადგენელმა სებასტიან კონტურსიმ Boxingscene.com-თან ინტერვიუში უარყო თავისი შეგირდის მიმართ ყველანაირი ბრალდება. მისი თქმით, არც მას და არც მაიდანას არავინ დაკავშირებია ტექსასის საკრივო კომისიიდან.

მაიდანასა და ბროუნერის ბრძოლა 14 დეკემბერს, სან ანტონიოში გაიმართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, არგენტინელმა გაიმარჯვა. მან მიიღო WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

30 წლის მაიდანას კარიერაში 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან მოიგო 35 (31 -ნოკაუტით) და წააგო სამი შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტალი კლიჩკოს არჩევანი: პოლიტიკა რინგის ნაცვლად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული