2014 წლის ბოლო დიდი ბრძოლა კრივში

AutoSharing Option
გუშინ მაკაოში 2014 წლის ბოლო დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ფილიპინელი მენი პაკიაო ამერიკელ კრის ალგიერის ხვდებოდა.

ამ ბრძოლის რეკლამირება სამი თვით ადრე დაიწყო და დასრულდა ორთაბრძოლით, რომლის აღწერა რაუნდების მიხედვით რთულია - ყოველ სამწუთეულში თითქმის ერთნაირი სურათი მივიღეთ.

მაშ ასე, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე მენი პაკიაო 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს ტიტულს იცავდა ამერიკელი კრის ალგიერის წინააღმდეგ.

ფილიპინელი რინგზე ძალიან აგრესიული გავიდა, თავდაპირველად ძალიან ძლიერი ერთეული დარტყმებით უტევდა, შემდეგ კი სერიებიც ჩართო საქმეში. ალგიერი პასუხის გაცემას ცდილობდა და ხანდახან
ეს გამოსდიოდა კიდეც.

ამერიკელის უფრო შთამბეჭდავი გაბარიტების მიუხედავად, ალგიერი ისე მძლავრად არ გამოიყურებოდა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც მთელი 12 რაუნდი შეტევაში გაატარა. პაკიაომ ალღო აუღო მეტოქის დარტყმებს, ბლოკავდა მათ და წინ წასულ ამერიკელს უმოწყალოდ ურტყამდა.

პირველად ალგიერი ნოკდაუნში მეორე რაუნდში ჩავარდა. თუმცა ნათლად ჩანდა, რომ ფილიპინელის დარტყმის მიუხედავად, წაქცევის მიზეზი რინგის სველი კუთხე იყო. დამაინც, რეფერიმ ამერიკელს პირველად დაუთვალა 10 წამი.

ბრძოლის შუაში ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და ეს ჩემპიონის დამსახურება იყო. მეექვსე რაუნდში ამერიკელი ორჯერ მოხვდა ნოკდაუნში. თავდაპირველად მან გაუშვა მარცხენა მძიმე დარტყმა, ცოტა ხანში კი პაკიაოს დარტყმების სერიის შემდეგ აღმოჩნდა იატაკზე - ყბაში უმძიმესმა დარტყმამ ალგიერის თითქმის მალაყი გააკეთებინა.

ამის შემდეგ ბრძოლა, პრაქტიკულად, ცალმხრივი გახდა, თუმცა ფილიპინელი არ ცდილობდა მოვლენათა ფორსირებას და იმდენს აკეთებდა რინგზე, რამდენიც საჭირო იყო მეტოქის უშანსოდ დასატოვებლად. ამიტომაც შეხვედრა ოდნავ მოსაწყენი გახდა - შედეგი ყველასთვის ცნობილი იყო და მხოლოდ ის აინტერესებდათ - შეძლებდა თუ არა მენი ვადაზე ადრე გამარჯვებას.

და ჩემპიონმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მომდევნო სამწუთეულში სცადა. მეცხრე რაუნდი ბრძოლის მშვენება გახდა და ალგიერი მხოლოდ არანორმალური ძალისხმევით გადარჩა.

პაკიაომ გამოიცნო მეტოქის მანევრი და მარცხენა დარტყმით ის უმძიმეს ნოკდაუნში გაუშვა. ამერიკელი წამოდგა და ტაბლოს გახედა - გონგამდე წუთზე მეტი რჩებოდა. ფილიპინელმა მასირებული შეტევა ჩაატარა და მინიმუმ ორი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა - ამერიკელი ისევ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გონგამდე კიდევ წუთი იყო და ალგიერი, ალბათ, ვერ გადარჩებოდა, რეფერი რომ არ მოქცეულიყო უცნაურად: მან რატომღაც ხელით გააჩერა ჩემპიონი და ისიც დამორჩილდა, მაგრამ მსაჯს არც ათვლა დაუწყია და არც ბრძოლა შეუჩერებია. ამ რამდენიმეწამიანმა პაუზამ ალგიერის ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

მენი მეათე რაუნდში აგრძელებდა შეტევას. აპერკოტების სერიისა და მარცხენა გვერდითი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა ახალი ნოკდაუნი და ალგიერის მორიგი მალაყი. მე-11 რაუნდის ბოლოს იყო ჩემპიონის რამდენიმე სუფთა დარტყმა, მაგრამ ამერიკელმა გაძლო.

საბოლოოდ, 12 რაუნდის შედეგების მიხედვით, ალგიერი ექვსჯერ მოხვდა ნოკდაუნში. ორმა მსაჯმა პაკიაოს 119:103 მოაგებინა, ერთმა - 120:102. სტატისტიკის მიხედვით, "პაკმენმა" ჯამში 669 დარტყმა შეასრულა და 229 მოხვდა მიზანში. ალგიერის ანალოგიური სტატისტიკა იყო - 469 და 108.

"ვცდილობდი ნოკაუტით მოგებას, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ის სწრაფი იყო და მუდმივად მოძრაობდა, - აღიარა ბრძოლის შემდეგ პაკიაომ. - რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ საკუთარი გამოსვლით: საბრძოლველად გავედი და ვაჩვენე ყველაფერი, რაც შემიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული