რა გველოდება 2015 წელს მსოფლიო კრივში?

AutoSharing Option
საკრივო 2015 წელი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. სუპერმძიმეწონოსანი ვლადიმირ კლიჩკო, პრეტენდენტთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, უახლოვდება აბსოლუტურ ჩემპიონობას. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ახლოს არიან შეთანხმებასთან ნახევრად საშუალო წონის მეფეები - ფლოიდ მეივეზერი და მენი პაკიაო.

დეონტეი უაილდერი-ბერმეინ სტივერნი
თარიღი: 17 იანვარი
წელი გაიხსნება ბრძოლით, რომელშიც სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, კანადელი ბერმეინ სტივერნი ამ ტიტულის პრეტენდენტს, ამერიკელ დეონტეი უაილდერს შეხვდება. სხვა საჩემპიონო ქამრები ამ დივიზიონში უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს ეკუთვნის, მაგრამ WBC-ის ტიტული, რომელიც მანამდე ვიტალი კლიჩკოს საკუთრება იყო,
ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა.

ორმეტრიანმა უაილდერმა 29 წლის ასაკისთვის 32 ბრძოლაში 32 მეტოქე გაუშვა ნოკაუტში, მაგრამ რეალურად სერიოზული მეტოქეები ამერიკელს დღემდე არ ჰყოლია. ამიტომაც კანადელ ჩემპიონთან ბრძოლა გვიჩვენებს დეონტეის რეალურ ძალას.

სტივერნმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიისთვის არაშთამბეჭდავი სიმაღლის (188 სანტიმეტრი) მიუხედავად, პროფესიულ რინგზე დაამარცხა ისეთი მეტოქეები, როგორებიც არიან კრის არეოლა (ორჯერ) და რეი ოსტინი. 36 წლის ბერმეინისთვის WBC-ის ქამრის ფლობა - კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ვლადიმირ კლიჩკოსთან ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის უფლება მოიპოვოს და კარგი ფულიც გამოიმუშავოს მოახლოებული საპენსიო ასაკის წინ.

ვლადიმირ კლიჩკო-ბრაიანტ ჯენინგსი
თარიღი: 25 აპრილი
ვლადიმირის ქამრებზე მრავალრიცხოვანი პრეტენდენტები საშუალებას არ აძლევენ უკრაინელს, სწრაფად დაგეგმოს ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა. ამასთან, უმცროს კლიჩკოს არ სურს უსაქმოდ ყოფნა და ამიტომაც "დროის მოკვლა" ამერიკელ ბრაიანტ ჯენინგსთან ბრძოლით გადაწყვიტა.

თავდაპირველად, მხარეებმა ვერ შეძლეს შოუს ფინანსურ საკითხზე მოლაპარაკება. ჯენინგსმა კლიჩკოს მენეჯერებს ორი მილიონი დოლარი მოსთხოვა, რაც უკრაინელის აზრით, ორჯერ აღემატება რეალურ ჰონორარს. მაგრამ ახალი წლისთვის გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოკრივეებმა შეათანხმეს ყველა დეტალი და ბრძოლაც დაინიშნა.

ფლოიდ მეივეზერი-მენი პაკიაო
თარიღი: სავარაუდოდ, აპრილი-მაისი
ამ ბრძოლას უკვე დიდი ხანია უწოდებენ "საუკუნის შეხვედრას". რა თქმა უნდა, ეს ასეც არის. ნახევრად საშუალო წონის მეფეები უკვე დიდი ხანია ემუქრებიან ერთმანეთს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრძოლის ორგანიზებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო აჭიანურებენ.

პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, ფინანსურია. მეივეზერის "მადის" დაოკება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ფლოიდს შემთხვევით არ აქვს მეტსახელი - The Money. მას შეუძლია იოლად უთხრას უარი არაბებს პაკიაოსთან ბრძოლის სანაცვლოდ 200-მილიონიან ჰონორარზე. თუმცა ასეთი გულუხვობისთვის შეიხები მეივეზერისგან საემიროებში ჩხუბს ითხოვდნენ, მაგრამ ფლოიდი აშშ-ის გარდა, სხვაგან ბრძოლას არ დათანხმდება. საერთოდ, ამერიკელი ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ ლას ვეგასში ჩხუბობს.

გულშემატკივრებს იმედს უსახავს მენი პაკიაოს პოზიცია: ფილიპინელი ძალიან მონდომებულია ამ ბრძოლის ორგანიზებით და განაცხადა კიდეც - მზად ვარ, ჰონორარის განაწილებისას ნაკლებ წილს დავთანხმდეო. მენი მზადაა, საერთო თანხის "მოკრძალებული" 40 პროცენტი აიღოს, მეტოქეს კი 60 პროცენტი მისცეს. ასევე, ფილიპინელისგან შევიტყვეთ ბრძოლის სავარაუდო თარიღი - 2 მაისი, თუმცა ის შეიძლება შეიცვალოს.

დევიდ ჰეის დაბრუნება
სუპერმძიმეწონოსნებს შორის ისედაც არეულ სიტუაციაში ჩარევას აპირებს ბრიტანელი დევიდ ჰეი. WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი აცხადებს, რომ 2015 წელი "ჰეიმეიკერის დაბრუნების წელი უნდა გახდეს". ბრიტანელი 2012 წლის ივლისის შემდეგ არ გასულა რინგზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მისი მომზადების დონეს. თუმცა, ჰეის სიტყვებით, მან მოირჩინა მხრის ძველი ტრავმა და აპირებს ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლამდე მიაღწიოს, რომელთანაც წააგო თავისი ტიტული 2011 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰეი - პოვეტკინი იქნება მაგარი
ჭიჭა
04:36 13-01-2015
0
ქარტველ მოკრივეებზე დაცერეტ ხშირად,უფრო კაი იქნება
qartveli
11:51 13-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული