მენი პაკიაოს პირველი ქულა

AutoSharing Option
თანამედროვეობის ერთ-ერთმა უძლიერესმა მოკრივემ, მენი პაკიაომ, რომელსაც ოქტომბერში დებიუტი ჰქონდა ფილიპინების საკალათბურთო ლიგაში, პირველი ქულა მოიპოვა თავისი გუნდის შემადგენლობაში.

Kia Carnival-ი, რომლის რიგებშიც თამაშობს პაკიაო, 18 თებერვალს Purefoods Star Hotshots-ს შეხვდა და 95:84 გაიმარჯვა. 36 წლის ფილიპინელმა მოედანზე დაახლოებით ხუთი წუთი გაატარა, ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და ერთი არაზუსტი სამქულიანი შეასრულა. Kia Carnival-ისთვის ეს იყო მეორე მოგება ექვს მატჩში, რითაც მან 12-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

გასული წლის ივნისში მოკრივე Kia Carnival-ის მოთამაშე-მწვრთნელად დანიშნეს.

ჩემპიონი სიბრმავის გამო წავიდა
ნახევრად საშუალო წონაში
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 27 წლის ბრიტანელმა ლი პარდიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მიზეზი გახდა მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ. ამის შესახებ იტყობინება BBC.

"თვალი დავიზიანე და ამან ძალიან შემიშალა ხელი. შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რისი გაკეთებაც სპორტში მოვასწარი. ტიტული მოვიპოვე და მისი დაცვაც შევძელი", - განაცხადა პარდიმ.

მოკრივემ ტრავმა 2013 წლის დეკემბერში მიიღო - ნახევრად საშუალო წონაში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ლეონარდ ბუნდუს წინააღმდეგ. ბრიტანელი მაშინ ნოკაუტით დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ პარდიმ მარცხენა თვალში პრობლემებზე დაიჩივლა.

კარიერაში სპორტსმენმა 25 ბრძოლა ჩაატარა, 20 მოიგო, აქედან 13 - ნოკაუტით. 2012 წლის სექტემბერში პარდი IBF-ის ვერსიით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გუმერსინდო კარასკოს დამარცხების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული