"მოხდა ის, რასაც მთელი მსოფლიო ელოდა. 2015 წლის 2 მაისს გაიმართება ბრძოლა მეივეზერსა და პაკიაოს შორის. კონტრაქტს ორივე მოკრივემ მოაწერა ხელი. მე დავპირდი გულშემატკივრებს და ჩვენ ეს გავაკეთეთ. 2 მაისს ახალ ისტორიას შევქმნით. არ გამოტოვოთ ეს!" - განაცხადა მეივეზერმა და ხელმოწერილი კონტრაქტიც უჩვენა ჟურნალისტებს.
ბრძოლა 2015 წლის 2 მაისს, ლას ვეგასის MGM Grand-ის კომპლექსში გაიმართება. შეხვედრას ერთობლივად გადასცემენ ტელეკომპანიები - Showtime და HBO.
ჰონორარის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა ადრე იტყობინებოდნენ, რომ პაკიაო დათმობაზე წავიდა და საერთო თანხის 60 პროცენტი მოწინააღმდეგეს მისცა, თავად კი 40-პროცენტიან წილს დათანხმდა.
მეივეზერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი ბრძოლაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დაიწყო და დაახლოებით 15 წუთში ყველი ბილეთი გაყიდული იყო. ასევე რამდენიმე წუთში დაჯავშნეს პირველი და ორი მაისისთვის MGM Grand-ის სასტუმროს ყველა ნომერი, რომლის ფასმა 615 დოლარამდე აიწია.
არენის ტევადობა, რომელიც "საუკუნის ბრძოლას" უმასპინძლებს, 17 ათასი მაყურებელია. ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა მოგებამ დაახლოებით 40 მილიონი დოლარი შეადგინა.
მეივეზერს, რომელიც 24 თებერვალს 38 წლის გახდება, პროფესიულ რინგზე 47-დან ყველა შეხვედრა აქვს მოგებული, 36 წლის პაკიაომ კი 64 ბრძოლაში 57-ჯერ მოიგო, ხუთჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"