ფლოიდ მეივეზერის უცნაური გამოწვევა

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის შემდეგ თავისი საერთო შემოსავალი 275 მილიონ დოლარად შეაფასა. ამის შესახებ წერს გამოცემა BoxingScene.

ბრძოლის ყურების უფლება 4.4 მილიონმა ადამიანმა შეიძინა, რამაც 71 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიტანა. შეხვედრის ჩატარებიდან მიღებული საერთო თანხა (რეკლამები, სპონსორული კონტრაქტები, ბილეთების გაყიდვა) 500 მილიონ დოლარს გაუტოლდა. წინასწარი შეთანხმების თანახმად, მოკრივეებმა ჰონორარი შემდეგნაირად გაინაწილეს: 60 პროცენტი მეივეზერს ერგო, 40 - პაკიაოს.

ბრძოლის შემდეგ პრესაში სხვადასხვა ინფორმაცია გაჩნდა ფლოიდის შემოსავალზე, ახლა კი ამერიკელმა თავად გამოაცხადა საკუთარი ჰონორარი.

სულ ცოტა
ხნის წინ, ჟურნალმა "ფორბსმა" მეივეზერი წლის ყველაზე მდიდარ სპორტსმენად დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე ამერიკელმა 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

12-რაუნდიანი ორთაბრძოლა, რომელიც ბევრმა ექსპერტმა "საუკუნის ბრძოლად" მონათლა, 2 მაისს ლას ვეგასში გაიმართა და ამერიკელის ქულებით გამარჯვებით დასრულდა - 118:110, 116:112, 116:112.

* * *
ამასობაში, მეივეზერმა გადაწყვიტა რინგზე დააბრუნოს ლეგენდარული თანამემამულე ოსკარ დე ლა ჰოია. ფლოიდმა ვეტერანს სექტემბერში ბრძოლის გამართვა შესთავაზა.

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მეივეზერის შემდეგ ბრძოლა 12 სექტემბერს არის დანიშნული. ყველაზე რეალურ მეტოქედ ბრიტანელი ამირ ხანი მოსჩანს, მაგრამ ჩემპიონი წინააღმდეგი არ არის რევანში გამართოს 42 წლის დე ლა ჰოიასთან.

შეგახსენებთ, რომ მათი პირველი ბრძოლა 2007 წელს გაიმართა და ქულებით მეივეზერის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის ბოლოს ოსკარმა კარიერა დაასრულა და პრომოუტერულ საქმიანობს მიჰყო ხელი, თუმცა რეგულარულად ახსენებდა რინგზე დაბრუნების შესაძლებლობას.

"ოსკარი ამბობდა, რომ დაბრუნებაზე ფიქრობს. თუ მას ასეთი სურვილი აქვს, შეგვიძლია სექტემბერში ლას ვეგასში შევხვდეთ. მან იცის ამის შესახებ. ამბობს, რომ უნდა რევანშის აღება. შეიძლება მას ასეთი შანსი მივცე", - განაცხადა მეივეზერმა.

დე ლა ჰოიამ ოპერატიულად გასცა პასუხი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს.
"შევიტყვე მისი წინადადების შესახებ. ჩვენი პირველი ბრძოლის კონტრაქტში იყო პუნქტი რევანშის შესახებ. ის ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო. მეივეზერი კრივიდან წავიდა ზუსტად ერთი წლითა და ერთი დღით.

მე კარიერა დავასრულე. ამჟამად, ძალიან ბედნიერი ვარ რინგის მიღმა. კრივში არასოდეს დავბრუნდები და საკუთარი პრომოუტერული ორგანიზაციის განვითარებაზე ვიზრუნებ", - ასეთი იყო მეივეზერის გამოწვევაში დე ლა ჰოიას პასუხი.

ცნობისთვის, 2007 წელს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფლოიდ მეივეზერმა კრივიდან წასვლა გადაწყვიტა.მისი დაბრუნება 2009 წლის სექტემბერში შედგა, როცა ამერიკელმა ხუან მანუელ მარკესი გაანადგურა.

* * *
მეივეზერთან დაკავშირებული მესამე ინფორმაციაც საინტერესოა. ამერიკელმა არაერთხელ განაცხადა, რომ 12 სექტემბერს ბოლო ბრძოლას ჩაატარებს პროფესიულ რინგზე და კარიერას დაასრულებს. მაგრამ, ახლა, ფლოიდმა შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება.

"ვიცი, რომ ყველას სურს ჩემი 50-ე ბრძოლის ხილვა. შესაძლოა, ის გაიმართოს. სექტემბერში ბრძოლა კი დაგვანახებს, რამდენად მზად ვარ საბრძოლველად", - განაცხადა მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბრის ბრძოლა 49-ე იქნება ამერიკელის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული