უკანონო ფლოიდ მეივეზერი

AutoSharing Option
სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა ინტერნეტ-გამოცემა SB Nation-მა. მან გაარკვია, რომ ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ აკრძალული ინექციები გაიკეთა.

პირველი ინექცია შეადგენდა ფიზიოლოგიური გამხსნელისა და პოლივიტამინების ნაზავს 250 მილილიტრის ოდენობით. მეორე იყო მარილის გამხსნელისა და C ვიტამინის 500 მილილიტრი ნაზავი, რაც საჭიროა აწონვის შემდეგ რეჰიდრატაციისთვის. აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტო არ კრძალავს ამ ნივთიერებების გამოყენებას, თუმცა აკრძალულია მათი ასეთი დოზით მიღება, რადგან ამით შეიძლება დამალონ ორგანიზმში სხვა ნივთიერების არსებობა.

გამოძიებამ დაადგინა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს,
აშშ-სა და ნევადას შტატის სააგენტოებს შორის შეუსაბამობა. წყაროს ცნობით, მეივეზერის გუნდმა სწორედ ამ მომენტით ისარგებლა.

* * *
ამასობაში, როგორც უკვე ვწერდით, 12 სექტემბერს, ლას ვეგასში გაიმართება ფლოიდ მეივეზერის კარიერაში ბოლო ბრძოლა - ის თანამემამულე ანდრე ბერტოს შეხვდება. როგორც ESPN იუწყება, ამ შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ შეინიშნება.

ბრძოლამდე სამი დღით ადრე, სარეალიზაციოდ დარჩენილია ორი ათას ბილეთზე მეტი. მაყურებელს არ ხიბლავს ბილეთის შედარებით დაბალი ფასი. მეივეზერისა და მენი პაკიაოს ბრძოლაზე ბილეთის საშუალო ფასი 5 ათას დოლარს შეადგენდა, ბერტოსთან ჩხუბზე მოსახვედრად კი 800 დოლარის გადახდაც საკმარისია.

ასევე არ შეინიშნება ფასების ზრდა ლას ვეგასის სასტუმროებში. მეივეზერი-პაკიაოს ბრძოლის წინ, ნებისმიერ სასტუმროში ნომრის ფასი ჩვეულებრივზე ოთხჯერ ძვირი იყო.

მაყურებლების მხრიდან ნაკლები ინტერესი და აჟიოტაჟი აიხსნება მეივეზერის მეტოქის დაბალი დონით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბერტომ სამჯერ წააგო ექვს ბრძოლაში, ამიტომაც, ნაკლებად თუ სჯერათ, რომ ბერტო შეძლებს მოგებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული