ფლოიდ მეივეზერი მოგებით წავიდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა კარიერაში ბოლო ბრძოლა ჩაატარა - ლას ვეგასში მან ქულებით დაამარცხა თანამემამულე ანდრე ბერტო და ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის და WBA-ის ტიტულები მოიპოვა.

ბრძოლის წინ, ბევრს წერდნენ იმის შესახებ, რომ მეივეზერი იოლად, ენერგიის ზედმეტი დახარჯვის გარეშე გაუსწორდებოდა ბერტოს, რაც მოხდა კიდეც. ფლოიდი იმდენად კომფორტულად გრძნობდა თავს რინგზე, რომ ხანდახან, მოწყენილობისგან დარბაზში მყოფ ფანებს თვალს უკრავდა, იმანჭებოდა და ცეკვავდა კიდეც. მოკლედ, ჩემპიონი შესანიშნავ ხასიათზე იყო.

მეივეზერს განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია მეტოქისთვის. ის კვლავ მეორე ნომრად მუშაობდა,
მეტოქის შეტევებს აკონტროლებდა და ერთჯერადი დარტყმებით შემოიფარგლებოდა.

ბერტო დაახლოებით ფლოიდის ყაიდის მოკრივეა, მაგრამ, ამჯერად, შეტევაში წასვლა უწევდა, თუმცა ეს კარგად არ გამოსდიოდა, რადგან მთელი ბრძოლის განმავლობაში, რამდენჯერმე შეძლო აქცენტირებული დარტყმის შესრულება.

თავის მხრივ, მეივეზერი მარჯვნიდან საფირმო და შემხვედრ გვერდით დარტყმებს ხმარობდა. მოწყენილობის გამო, ხანდახან სივრცეს უტოვებდა მეტოქეს მანევრისთვის და მხოლოდ დაცვაში მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს, ბერტოს ნერვებმა უმტყუნეს და ქუჩურ ჩხუბზე გადავიდა, რის გამოც რეფერისგან გაფრთხილება მიიღო.

ფლოიდს ჰქონდა მეტოქის ნოკაუტში გაშვების ერთი შესაძლებლობა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მოერიდა მოვლენათა ფორსირებას. რაღაც მსგავსი მე-12 რაუნდშიც მოხდა, როცა ფავორიტმა მეტოქე კარგი აპერკოტით შეაზანზარა, მაგრამ მეივეზერი იქვე დამშვიდდა და ბოლო წამებზე საერთოდ მოერიდა აქტიურობას.

სამივე მსაჯმა მეივეზერის უდიდესი უპირატესობა დააფიქსირა - 120:108, 118:110, 117:111. გაცილებით საინტერესო იყო ბრძოლის შემდეგ მეივეზერის სიტყვები. მან გაიმეორა უკვე არაერთხელ ნათქვამი: "ამ სპორტში უკვე 19 წელია ვარ. გაჩერების დრო მოვიდა. გარანტირებულად ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი ბოლო გამოსვლა რინგზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი საიტია
0

სიახლეები პოპულარული