ფლოიდ მეივეზერი: ზღვარი მხოლოდ ზეცაშია

AutoSharing Option
ფლოიდ მეივეზერი საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ყოველთვის ფართო ღიმილით, მოდურად ჩაცმული, კისერსა და ხელებზე უამრავი ძვირფასეულობით, მაგრამ, ამასთან, არანაირი ფორმალობა და ოფიციოზი არ ახასიათებს.

წვეულებებზე თუ სხვები აკურატულად მიირთმევენ სასმელს ჭიქებით, ფლოიდი პირდაპირ ბოთლიდან სვამს. ეს ცუდი აღზრდის ბრალიცაა, რადგან ამერიკელს მძიმე ბავშვობა ჰქონდა...

ცნობილია მეივეზერის სიყვარული ფულის მიმართ. მეტსახელიც შესაბამისი აქვს - The Money. მისი ყოველი ორი ფოტოდან ერთი ფულთან ერთად არის გადაღებული. ამბობენ, შორეული მგზავრობებისას დიდი ჩემოდნები არ მიაქვს, მხოლოდ "ბენჯამინების" (100-დოლარიანი კუპიურა) სქელი დასტები...

კარიერის დასრულების შემდეგ, ბიზნესს
მიჰყო ხელი, აქვს მაღაზიების ქსელი - The Money Team, აპირებს გახსნას კრივის საკუთარი სკოლა, თუმცა არ ჩქარობს და ამბობს: "საქმეები ერთ დღეში არ კეთდება"...

- ფლოიდ, ფულთან ერთად იღებთ ფოტოებს, ფულთან ერთად გძინავთ, ფულთან ერთად სადილობთ. და საერთოდ, სიტყვა "ფული" თქვენი მეტსახელია... სინამდვილეში, რას ნიშნავს თქვენთვის ფული?
- პირველ რიგში, ფული მე კი არ მაკეთებს, მე ვაკეთებ ფულს. და მეორე: რთული წარსული მქონდა. ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც შვიდი ბავშვი იყო. დედა ნარკოტიკებს იღებდა. ბაბუამ იმ დროს ესროლა, როცა დედას ხელში ვეჭირე.

წინსვლა იყო საჭირო, რომ ჩემი ოჯახისთვის კომფორტული პირობები შემექმნა. და საბოლოოდ, შეუძლებელი შევძელი. ყველაფერში ვაჯობე საკუთარ თავს. როცა ბრძოლებს ვატარებდი, ვფიქრობდი არა ფულზე, არამედ ფანებზე და მოგებაზე.

მაგრამ, რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ ფულზე, მით მეტს ვშოულობთ. საჭიროა, ყოველთვის გქონდეს გეგმა. ამავდროულად, არასოდეს დამვიწყებია ჩემი თანამემამულეების დახმარება, ფაქტობრივად, ადამიანების გამოკვება. პოპულარობის მატებასთან ერთად, თანდათან ჩემი მიზანი სხვა ქვეყნების დახმარებაც გახდა. რაც შეეხება სპორტიდან წასვლას, ჩემთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული.

- რამდენი მანქანაა თქვენს კოლექციაში?
- ზუსტად არ ვიცი, რამდენი მანქანა მყავს. შესაძლოა, ოცდდაათი. მე მყავს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი მსოფლიოში. ბევრი ძვირფასი გასართობი მაქვს.

- პროფესიულ რინგზე 49-დან 49 ბრძოლა მოიგეთ, მაგრამ კარიერის დასაწყისში გქონდათ ერთი წაგება...
- 1996 წლის ოლიმპიადაზე მომატყუეს. მაგრამ ახლა მიხარია, რომ იქ მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილების გამო ბრინჯაოს მედალი მოვიგე. კმაყოფილი ვარ, რომ მაშინ ოქრო მე არ მერგო. რა თქმა უნდა, იმ მომენტში სასტიკად იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ რომ არა ის ეპიზოდი, დღევანდელ სიმაღლეებს ვერ მივაღწევდი. როგორც კი ეს მოხდა, საკუთარ თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს წავაგებდი.

და ავასრულე დანაპირები. ჩემი რჩევა ასეთი იქნება - მონდომებით იმუშავე, შეინარჩუნე კონცენტრაცია, იყავი პოზიტიური და გახსოვდეს, რომ ზღვარი - მხოლოდ ზეცაშია. და არავითარ შემთხვევაში არ გამოეკიდო ფულს.

- როგორ გამოიცანით, რომ ვლადიმირ კლიჩკო ამჯერად დამარცხდებოდა? და კიდევ, კლიჩკოსა და ფიურის ჩხუბი უფრო მოსაწყენი იყო, თუ მეივეზერი-პაკიაოს შეხვედრა?
- ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა ის, როგორ იგებ, არამედ ის, რომ მოგებებს აგრძელებ. როგორც ბობი ფიშერი ჭადრაკში:

არავინ ფიქრობდა როგორ იგებდა, მაგრამ ყველა თვალს ადევნებდა მის გამარჯვებებს. მოგვიანებით, ისტორიის წიგნებში დაწერენ ჩემი რეკორდების შესახებ. მაგალითად, იმაზე, როგორ გამოვიმუშავე 36 წუთში 300 მილიონი დოლარი.

არ მგონია, რომ პაკიაოსთან ჩხუბი მოსაწყენი იყო. თავს მოდუნებულად ვგრძნობდი. ეს მან აქცია ეს ბრძოლა მოსაწყენად, მე კი ფულს ვითვლიდი. ჩემი მეტსახელია - The Money, და მე ვიცი ფულის კეთება. რაც შეეხება ფსონს, უბრალოდ, თავისუფალი 4 ათასი დოლარი მქონდა, დავინახე კარგი კოეფიციენტი ფიურის მოგებაზე, დავდე და მოვიგე 22 ათასი. ეს ჩემთვის ხურდაა.

- რომელი სამი ბრძოლა იყო ყველაზე რთული თქვენს კარიერაში?
- საერთო ჯამში, ყველა ბრძოლა საკმაოდ იოლი იყო. მივიღებდი ერთ-ორ სისხლჩაქცევას ან ნაკაწრს, მაგრამ მტვერს ჩამოვიწმენდი და... მორჩა. ალვარესი, კოტო, პაკიაო, მარკესი - ნიჭიერი მოკრივეები არიან, მაგრამ ძალიან მახვილი გონება მაქვს და წინასწარ ვიცი მეტოქის მოქმედება. უბრალოდ, ვკითხულობ სხეულის ენას და ვიცი, რომელი დარტყმა წამოვა ჩემი მიმართულებით.

- შეიძლება ეს ყველაფერი ასწავლოთ თქვენს მეგობარს ჯასტინ ბიბერს? ის ხომ თქვენს დარბაზში ვარჯიშობს.
- ჯასტინს მინდა პოზიტიური რჩევები გავუზიარო, ის შესანიშნავი მუსიკოსი და პოპ-ვარსკვლავია. მისთვის სასარგებლოა კრივის დარბაზში ვარჯიში - სტრესის მოსახსენლად, დაგროვილი ბრაზის გამოსაშვებად. მას მტკიცე ხასიათი აქვს და თუ პროფესიონალ მოკრივეობას მოისურვებს, მე ვიქნები მისი მწვრთნელი. ჩემგან კარგი მწვრთნელი შეიძლება დადგეს, თუმცა ჯერ ეს არ შედის ჩემს გეგმებში.

- რა ოცნება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განათლება მივცე ჩემს შვილებს, რომ სკოლა დაამთავრონ და კოლეჯში წავიდნენ. ვიზრუნო ჩემს მშობლებზე. თავის დროზე, სკოლა მივატოვე, რათა ოჯახის მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. უნდა ვაღიარო, რომ რაღაცის მისაღწევად, რისკი გაწევაა საჭირო. ვიცოდი, სკოლა არსად გაიქცეოდა. სწავლის განახლება გვიან არასოდეს არის.

სულ ცოტა დამრჩა საკუთარი განათლების დასასრულებლად და დიპლომის მისაღებად. ამის შემდეგ, შესაძლოა, რომელიმე კოლეჯში კურსები გავიარო. ეს ის არის, რაზეც ამ მომენტისთვის ვოცნებობ - ჩემი მოკლევადიანი გეგმები. მე მქონდა ერთი შანსი ცხოვრებაში და ის გამოვიყენე. დედაჩემი ბედნიერია.

- ნუთუ არ დაბრუნდებით კარიერაში საიუბილეო, 50-ე გამარჯვების მოსაპოვებლად?
- არა. ჩემი სამუშაო პოლიციელის შრომასავითაა. ერთი გასროლა და მორჩა, კარიერა დასრულებულია. უკვე ბებერი ვარ, უბრალოდ, ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოვიყურები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული