ქართველი მოკრივეები, ნაკრების მთავარი მწვრთნელის - დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით, მონდომებით ემზადებიან რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის, რომლებსაც აპრილსა და ივნისში, შესაბამისად, სამსუნი (თურქეთი) და ბაქო (აზერბაიჯანი) უმასპინძლებენ.
ამას წინათ ნაკრების შვიდი კანდიდატი - სევერიან ჭილაძე (თბილისი, 56), ოთარ ერანოსიანი (ახალქალაქი, 60), გელა აბაშიძე (ბათუმი, 69), ლევან კაჟაშვილი (თბილისი, 75), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 91), მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91) - უნგრულ დებრეცენში იშტვან ბოშკაის საერთაშორისო მემორიალში მონაწილეობდა.
ევროპის ჩემპიონატის მეორეპრიზიორმა ერანოსიანმა ოთხ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში იორდანელ ოდაბა
აბაშიძემ, კიზირიამ და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა ბახტიძემ მესამე ადგილები დაიკავეს.
მინსკის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდნენ ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი, +91) და ახალგაზრდა მოკრივეები - ნოდარ დარბაიძე (ჭიათურა, 49), ბადრი წიფურია (ფოთი, 60), გიორგი დოლიაშვილი (გორი, 64) და კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი, 75), რომლებისთვისაც უფროსებში ეს პირველი შეჯიბრება იყო.
დარბაიძემ, ხვისტანმა და გვენეტაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
- გვინდა, რომ საერთაშორისო სარბიელზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა რეზერვი გამოვცადოთ, - გვითხრა დავით წიკლაურმა. - მოკრივეებს შანსი ეძლევათ, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილებაც შეიძინონ.
ჩვენთვის მთავარია, ეროვნული ნაკრები კონკურენტუნარიანი სპორტსმენებით დავაკომპლექტოთ. 7-18 აპრილს სამსუნის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირის 49 და +91 კილოგრამ წონით კატეგორიებში რიოს ორ-ორი, დანარჩენ წონებში კი სამ-სამი საგზური გათამაშდება.
ამ ორთაბრძოლებისთვის სამზადისი დიდი ხანია, დავიწყეთ. ბიჭებმა უკვე რამდენიმე შეჯიბრებაში იასპარეზეს. 23 თებერვლიდან სოფიის საერთაშორისო ტურნირზე ნაკრების კიდევ ხუთი კანდიდატი მოსინჯავს ძალებს - ფოთელი ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ), ქუთაისელი მერაბ თურქაძე (56), რუსთაველი ლაშა გურული (64), ქუთაისელი ჯემალ შალამბერიძე (69) და გორელი ნიკოლოზ სეხნიაშვილი (81).
ბულგარული ბატალიების შემდეგ პირველი მარტისთვის დავასახელებთ ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელიც უკრაინაში ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება, მერე კი თურქეთში სალიცენზიო ტურნირზე გამოვა.
- ბოლო დროს არსად ჩანან ევროპის ორგზის პრიზიორი ზაალ კვაჭატაძე და ალექსანდრე ჭადაშვილი...
- კვაჭატაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობს, ჭადაშვილი კი საქართველოს ჩემპიონატზე დამარცხდა და ახლა თავისთვის ემზადება საქართველოს თასისთვის, რომელიც სექტემბერში გაიმართება.
- რიოს რამდენ ლიცენზიას გეგმავთ?
- გადაჭრით ჯერ რამის თქმა ძნელია, რადგან სამსუნში უძლიერესი შემადგენლობა მოიყრის თავს. დიდი კონკურენცია იქნება. ლიცენზიების მოპოვების შანსი სპორტსმენებს ივნისშიც მიეცემათ ბაქოში. აზერბაიჯანის სალიცენზიოზე თითოეულ წონაში ხუთ-ხუთი საგზური გათამაშდება. იმ დროისთვის ჩვენი შესაძლებლობები უფრო ზუსტად გვეცოდინება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"