დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
პრესკონფერენციის შემდეგ, ჩემს მეგობართან, ზიპთან ერთად ბრუკლინში ჩემი მტრედების სანახავად წავედი. ზიპი ძალიან შეშფოთებული იყო.

- მაიკ, რას აკეთებ, შენი დედაც? ფულს ანიავებ. ზანგივით იქცევი. თავისუფლად შეეძლოთ შენი დაპატიმრება, - მითხრა მან.

- სხვა რა მრჩებოდა? პირველები დამესხნენ თავს, - ვუპასუხე მე.

- ეს ლუისს არ უქნია. როგორც გავიგე, ვიღაცას მოკვლით ემუქრებოდი. იმ ჟურნალისტს შეუძლია სასამართლოში გიჩივლოს, მეგობარო. ჭკუიდან შეიშალე, შენი დედაც? თითქმის ტერორისტული მუქარა იყო. საშინელი ნაბიჭვარი ხარ, მაიკ. ჩვენთვის ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ მათთვის საშინელი ნაბიჭვარი ხარ.

ცოტა ხანი
ჩიტებით გავერთეთ, შემდეგ მარიხუანა მოვწიეთ, ცოტა კოკაინი დავყნოსე. შემდეგ ზიპმა გააგრძელა:

- დროს უაზროდ ფლანგავ, მაიკ. ჯანდაბა, აქ რას აკეთებ? რა გინდა ამ მტრედებთან? დაბრუნდი და ივარჯიშე! ჩვენი ადგილი პლაჟის გვერდზე იახტაზეა. ივარჯიშე და იჩხუბე, მაიკ!

22 იანვარს, იმ დღეს, როცა ნიუ იორკში ჩემი და ლუისის პრესკონფერენცია გაიმართა, ლას ვეგასის პოლიციის განყოფილებამ გამოაცხადა, რომ ჩემს სახლში რეიდის დროს აღმოაჩინეს ნივთმტკიცება, რომელიც თურმე ადასტურებდა იმ ქალის ბრალდებას გაუპატიურებასა და მძევლად აყვანასთან დაკავშირებით. ახალა, ისინი საოლქო პროკურორს ელოდნენ - წამოაყენებდა თუ არა ის ჩემს წინააღმდეგ ბრალდებას.

ამასობაში, დეროუ სოლმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა. მან მიიღო ყველას წერილობითი ჩვენება, ვინც ის ქალი ჩემს სახლში ნახა - მოსამსახურით დაწყებული მებაღით დამთავრებული. ყველამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ლედი თავისუფლად გადაადგილდებოდა სახლში და მხოლოდ მაისურა ეცვა.

ამას ისიც დაემატა, რომ გოგონამ შეცვალა თავისი პირველადი ჩვენება, ჩემს მეგობარ მაკთან მივიდა და უთხრა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდა როგორც პოლიცია, ასევე მისი მეგობარი ბიჭი, აიძულებდნენ ბრალი წამოეყენებინა. მისმა მამინაცვალმაც უთხრა მიკს, რომ გოგონა იტყუებოდა.

ერთხელ საპარიკმახეროში ვიყავი და იქ წარბების გასაწორებლად გამოძიების ფედერალურ ბიუროში მომუშავე ზანგი ქალბატონი შემოვიდა.

დამინახა და ასეთი რამ მითხრა:

- ვიდეოფირზე გნახეთ მუშაობის დროს. შესანიშნავად გამოგდით.

მაშინვე მივხვდი, რომ მხედველობაში ჰქონდა სექსუალური სცენების ჩემი პირადი ჩან
აწერები, რომელიც პოლიციამ ჩემი სახლიდან ამოიღო.

- მ-მ-მ, - აგრძელებდა ის. - მაგარი ხართ. ასეთების პოვნა იოლი არ არის.

დეროუს წყალობით, საქმე დაიხურა. საოლქო პროკურატურა პოლიციელების წინააღმდეგ გამოვიდა და მათი ე.წ. მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, ჩემს მიმართ წამოყენებული ყველა ბრალდება მოხსნა. მიუხედავად ამისა, ჩემი სახელი ისევ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ლაფში გასვარეს.

ლუისთან პრესკონფერენციაზე ჩხუბის გამო, ნევადას ჩინოვნიკებმა შტატის ტერიტორიაზე ბრძოლის ჩატარების ლიცენზია ჩამომართვეს. გაუგებარია, რატომ დამადანაშაულეს? ლუისმა ESPN-თან ბოლო ინტერვიუს დროს, პირდაპირ ეთერში ჰასიმ რაჰმანთან (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე; მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში) გაცილებით სერიოზული ჩხუბი მოაწყო, რომელიც ნოკდაუნით დასრულდა. მასთან შედარებით, ნიუ იორკში მომხდარი კონფლიქტი არაფერი იყო. ახლა, საჭირო გახდა ბრძოლის ჩასატარებლად ახალი ადგილის მოძებნა და შეხვედრა ივნისისთვის გადაიდო. ამ გადავადებამ კიდევ ცოტა დრო მომცა კაიფის დასაჭერად.

თებერვალში, ტექსასის შტატის სენატმა გამოაცხადა, რომ შტატის ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, პატიმრობა მელოდა, რადგან 2001 წელს, სან ანტონიოში საწვრთნელი ბანაკის ორგანიზებისას, არ დავრეგისტრირდი სექსუალური ხასიათის დამნაშავედ. ეს სრული სისულელე იყო, რადგან, სინამდვილეში, რეგისტრაცია გავიარე. გაუგებარი იყო, რაში სჭირდებოდათ ფაქტების დამახინჯება.

როცა მემფისი გამოვაცხადეთ ბრძოლის ჩატარების ადგილად, ტენესისა და მისისიპის ჩინოვნიკებმა ანალოგიური რეგისტრაცია მოითხოვეს. რატომ ვიყავი ჩაგრული საკუთარ ქვეყანაში? საზღვარგარეთ ყველამ იცოდა, რა დრო იყო ეს. ყოველთვის, როცა ქვეყნის გარეთ გავდიოდი, იქ გმირად მიღებდნენ, განსაკუთრებით, ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჰავაიზე გავემგზავრე, სადაც საწვრთნელი ბანაკი მოეწყო. შევეცდები წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, რამდენად ძლიერ ვიყავი მოტივირებული მომავალი ბრძოლისთვის. იქ ყველაზე მაგარი მარიხუანა იშოვნებოდა. და ჩემი გონება მთლიანად კვამლში გაეხვია. საჩემპიონო ქამრის დაბრუნების პერსპექტივაც კი იმ დროისთვის ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდი, უბრალოდ, არ ვფიქრობდი მასზე.

როგორც ჩანს, იმ დროისთვის საბოლოოდ ავირიე და მყარად შევჯექი მარიხუანაზე. ჰავაური მარიხუანა თითქოს სპეციალურად იმისთვის არის შექმნილი, რომ საინტერესო და სკანდალური პრესკონფერენციები მისცე. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან ადგილას პრესასთან შეხვედრის დროს, საზოგადოების პირფერობაზე დავიწყე ლაპარაკი:

- მე თქვენ გგავართ. თქვენსავით ვტკბები აკრძალული ხილით. ვფიქრობ, ეს უბრალოდ არაამერიკულია: უარი თქვა ლამაზ ქალზე, ორალურ სექსზე. და თუ ეს მართლაც ასეა, როგორც მე ვთქვი, მაშინ ყველანი ჩვენს ქვეყანაში - დიდი მატყუარები არიან. პრესა წერს, რომ ამ ადამიანმა გააკეთა ეს, იმან - ეს და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ყველანი, უბრალოდ, ადამიანები ვართ. ვიგებთ, რომ მაიკ ჯორდანი ატყუებს თავის ცოლს, როგორც სხვები. ჩვენ ასე თუ ისე, ვატყუებთ ჩვენს ცოლებს - ემოციურად, ფიზიკურად თუ სექსუალურად. არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი.

ჩვენ ყოველთვის ასე მოვიქცევით. ჯიმი სვაგერტიც (ამერიკელი მღვდელი, ევანგელისტი, მქადაგებელი ყოველდღიურ ტელეგადაცემაში) და ტაისონიც - გარყვნილები არიან, მაგრამ ჩვენ არ ვართ სისხლის სამართლის დამნაშავეები. შესაძლოა, მე უფრო მეტი ცოდვის ჩადენა მინდოდეს, ვიდრე სხვებს, მაგრამ მე, უბრალოდ,, ასეთი ადამიანი ვარ. ბევრი რამ გავიღე მსხვერპლად ჩემს ცხოვრებაში, ასე რომ, ყოველ შემთხვევაში, სექსის უფლება ხომ მაქვს? მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩემი ფულის დიდი ნაწილი მომპარეს, ასე რომ, ორალური სექსისგან ხომ მაინც მეკუთვნის სიამოვნება. და ამისთვის არ უნდა მდევნიდნენ და ციხეში არ უნდა მსვამდნენ.

- მე დიდი, ძლიერი ზანგი ვარ, რომელიც ნოკაუტში გზავნის, აუპატიურებს, ძარცვავს. არაფერი ვიცი იმის შესახებ - რას ნიშნავს იყო მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. ერთადერთი, რაც ვიცი - ეს არის ჩხუბი. მე ზანგი ვარ, ხომ მართალია? მე ვარ ადამიანი ქუჩიდან. არც კი მინდა ვიყო ადამიანი ქუჩიდან, არ მომწონს ტიპიური ადამიანები ქუჩიდან. მაგრამ ყველაფერი იქიდან მოდის - ვინ გავხდი და რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რა უბედურების გავლა მომიწია, რამაც ასეთად ჩამომაყალიბა.

იქ იყვნენ სუტენიორები, მეძავები, ნარკომანები და ისინი, ვისაც ხელი ჰკრეს, მოატყუეს, არაფრის გამო ბრალი წაუყენეს. და ისინც, ვინც სიკვდილით დასაჯეს, ზოგიერთები იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ. ეს ჩემი ხალხია. მესმის, რომ ეს საზიზღრად ჟღერს, მაგრამ ისინი - ერთადერთნი არიან, ვინც ჩემს მიმართ სიყვარული გამოამჟღავნა.

- მაგრამ მე - მაიკი, არც ისე ბოროტი ტიპი ვარ. მე, უბრალოდ, ვარ მე. უბრალოდ, მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო. და ვიცი, რომ თქვენ, ბიჭებო, ჩემს შესახებ ბევრ სამარცხვინოს წერთ. და მინდა დავრწმუნდე იმაში, რომ სწორედ თქვენ ცდილობთ ჩემს ლაფში ამოსვრას. რადგან თქვენი შვილები და შვილიშვილები სწორედ ამ მონათხრობებით იგებენ ჩემზე და დასკვნა გამოაქვთ ტაისონის პიროვნების შესახებ. ამაში უნდა დავრწმუნდე. ისინი მე არასოდეს დამივიწყებენ. და თქვენი შვილიშვილები იტყვიან: "უჰ, როგორი ექსტრავაგანტული პიროვნებაა!"

- ხანდახან მეჩვენება, რომ მე არ ვარ გაჩენილი ამ საზოგადოებისთვის, რადგან ყველანი აქ - საზიზღარი პირფერები არიან. ყველანი ამბობენ, რომ ღმერთის სჯერათ, მაგრამ არ აკეთებენ ღვთის საქმეს. არავინ არ იქცევა ისე, როგორც, სინამდვილეში ღმერთი გვავალდებულებს. იესო რომ აქ იყოს, როგორ ფიქრობთ, ის ჩემს მიმართ მცირეოდენ სიყვარულს გამოიჩენდა? მე - მუსულმანი ვარ. როგორ ფიქრობთ, იესო შემიყვარებდა? ვფიქრობ, რომ იესო ჩემთან ერთად დალევდა და მკითხავდა: "ასე რატომ იქცევი?" მაგარი ბიჭი იქნებოდა.

ის დამელაპარაკებოდა. არც ერთი ქრისტიანი ჯერ ასე არ მოქცეულა. მათ ციხეში ჩამაგდეს და ჩემზე საშინელ სტატიებს წერდნენ. და ამის შემდეგ, კვირაობით ეკლესიაში დადიან და ამბობენ, რომ იესო - შესანიშნავი ადამიანია და ის დაბრუნდება ჩვენს გადასარჩენად. მაგრამ მათ არ ესმით, რომ, როცა ის დაბრუნდება, ეს შეშლილი და ხარბი კაპიტალისტები ისევ მოინდომებენ მის მოკვლას.

ვის ვბაძავდი? მინდოდა თანამედროვე ლენი ბრიუსად (ამერიკელი სატირიკოსი, იუმორისტული იმპროვიზაციების ოსტატი; თამამმა აზრებმა, ცხოვრების წესმა, დაპატიმრებებმა, სკანდალურმა სასამართლო გარჩევებმა და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედმეტი დოზით სიკვდილმა, ლენი ბრიუსს გარდაცვალების შემდეგ, საკულტო პოპულარობა მოუტანა) წარმომეჩინა თავი? ჟურნალისტები ისხდნენ და ამ ყველაფერს დასცინოდნენ, აანალიზებდნენ თითოეულ სიტყვას, რათა ჩემი ნათქვამის არსს ჩაწვდომოდნენ, მაგრამ სავსებით ცხადი იყო, რომ ამ სიტყვებს ჰავაური მარიხუანა ამბობდა. არაადეკვატური ვიყავი, როცა უგონო მდგომარეობამდე ვეწეოდი.

უამრავი გიჟური ინტერვიუ მივეცი, და კულმინაცია გახდა ჩემი გამოჩენა ტელეარხ Fox-ზე "ო'რაილის ფაქტორის" ტოქ-შოუში. ჩემგან ინტერვიუს რიტა კოსბი იღებდა. მეტად აგრესიულად იყო განწყობილი, შეურაცხმყოფელ კითხვებს მისვამდა უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე წამომცდენოდა. ეს კი წამყვან ო'რაილის წყობიდან გამოიყვანდა, ნათქვამს კონტექსტიდან ამოგლეჯდა და დამცინებდა.

- თქვენ ცხოველივით იქცევით? - მკითხა კოსბიმ ინტერვიუს დროს.
- საჭიროების შემთხვევაში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელს უწყობს თუ არა ამას სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფები... მაგალითად, მაშინ, როცა თქვენი კოლეგებისგან ან უბრალო ადამიანებისგან მუდმივ თავდასხმებს ვიღებ, როცა ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ ჩემი გაკიცხვის უფლება იქიდან გამომდინარე, რა დაიწერა ჩემს შესახებ გაზეთებში. ამ შემთხვევაში, მართლაც ცხოველივით ვიქცევი.

მას ესეც გავუმხილე: ჩემს შვილებს ავუხსენი იმის შესახებ, რომ ისინი ზანგები არიან და რომ "ეს საზოგადოება მათ მთელი ცხოვრება ისე მოეპყრობა, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს, ამიტომაც არსებობს რაღაცეები, რაც არ უნდა გვეწყინოს. უბრალოდ, უნდა ეშინოდეთ".

- სატანა ხართ? - მკითხა მან.
- ვფიქრობ, შემიძლია გავხდე სატანა, ისევე, როგორც ეს ნებისმიერ სხვას.
როგორც ჩანს, მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი ფინანსური მდგომარეობის შესახებ კითხვების დასმა.

- მე მჭირდება ფული. ის ყველა ჩვენთაგანს სჭირდება. ის ჩვენი კერპია. ეს არის ის, რასაც ვეთაყვანებით და ვინც პირიქით მეტყვის, ის, უბრალოდ, მატყუარაა. მიატოვე სამუშაო, დაიწყე ქუჩაში ცხოვრება და მაჩვენე, რამდენად იზრუნებს ღმერთი შენზე.

- საიდან გაქვთ ამდენი მრისხანება? - მკითხა ბოლოს.
- როგორი თეთრი ხარ. საიდან გაქვს ამდენი მრისხანება, ასე რომ გაფერმკრთალდი? - ვუპასუხე მე.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული