დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ეტიენთან ბრძოლის წყალობით, 5 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ვალი მქონდა. ჩემი სარჩელი დონ კინგის წინააღმდეგ კვლავაც სასამართლო სისტემის სხვადასხვა ინსტანციაში მოგზაურობდა.

დონი ძალიან ნერვიულობდა მომავალი პროცესის გამო. ამიტომაც ჩემთან მოლაპარაკებას ლამობდა. შელისთან ხანგრძლივი კონტრაქტი არ მქონდა, ამიტომაც იმ პერიოდში, ერთგვარად თავისუფალი აგენტი ვიყავი. დონმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო თანამშრომლობისთვის ჩემი გადაბირება. ფიქრობდა, რომ ფულით მომხიბლავდა, მასთან დავბრუნდებოდი და სარჩელზე უარს ვიტყოდი.

ფული ძალიან მჭირდებოდა. არ შემეძლო რამდენიმე წელი ლოდინი ჩემი სარჩელის დაკმაყოფილებამდე. იმ მომენტში მჭირდებოდა ფული. დაუყოვნებლივი ანაზღაურებაც
კი არ მიმაჩნდა პრობლემის სწრაფ მოგვარებად. ამიტომაც ჯეკი როუზე გავედი, რათა ის დონთან ჩემი საქმეების მოგვარებაში დამხმარებოდა.

ეს ქალი პიტბულივით იყო. როცა ვთხოვდი: "ბეიბი, მიშოვე ეს!" მიდიოდა და მოჰქონდა ჩემთვის. მე კი ამის შემდეგ კაიფს ვიჭერდი.

აპრილში ჯეკის ვთხოვე - დაეყოლიებინა დონ კინგი, ჩემთვის სამი "მერსედეს-ტიგუანი" ეყიდა. ჩემი თხოვნით, ერთ-ერთი ჯეკის სახელზე უნდა გაეფორმებინა, მეორე - ლუზზე და მესამე - ჩემს მეგობარ ზიპზე.

დონის გასულელება გადავწყვიტეთ: თუ ის ნაღდ ფულსა და მანქანებს გამოვიდოდა, მე, შესაძლოა, უარი მეთქვა სარჩელზე. დონი შეხვედრას შეხვედრაზე გვინიშნავდა იმ იმედით, რომ გამაცურებდა და საქმის მოგვარების ხელშეკრულებაზე, პრაქტიკულად, უფასოდ მომაწერინებდა ხელს, მე კი ყოველ ჯერზე ვძარცვავდი ან ვცემდი მას.

ერთხელ დონის სასტუმრო ნომერში ბავშვობის ორი მეგობარი მივიყვანე. დონი უხეშობდა და ემუქრებოდა მათ. "ჩემზე სამი გვამია, აქედან ორი ოქმშია შეტანილი", - ტრაბახობდა ის. შემდეგ მზერა ესროლა ჩემს მეგობარს, რომელმაც არაფერი უთხრა.

არადა, ჩაფიქრებული გვქონდა, რომ მათ დონი უნდა დაეშინებინათ, მან კი ისინი თავისი საქციელით ძალიან გააოცა. ვუყურებდი ჩემს მეგობრებს და ვფიქრობდი: "თქვენ ხომ მაგარი ბიჭების როლი უნდა გეთამაშათ, თქვენი დედაც!" შემდეგ უცებ წამოვხტი და დონს დავარტყი.

- ხმა ჩაიგდე, ნაბიჭვარო! - ვთქვი მე.

და ჩემი მეგობრები, რომლებიც დონის დასაშინებლად მოვიყვანე, მე მომცვივდნენ დასაწყნარებლად.

და მაინც, დონს შეხვედრებზე უარს არ ვეუბნებოდი. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე აღარ მქონდა ის სითამამე, რაც ახალგაზრდობის წლებში მახასიათებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დონი ცოცხალი აღარ იქნებოდა.

ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლას ვეგასში ჩემს ოფისში მოვიდოდა და 100 ათასს დოლარს მოიტანდა. მე და ზიპმა შეხვედრა დავუთქვით. დონი ფულით გატენილი "დიპლომატით" მოვიდა.

- ვიღაცას ვალი უნდა გადავუხადო, - თქვა მან და ფულის დათვლა დაიწყო. ზიპი მიუახლოვდა, უხმაუროდ აიღო "დიპლომატი" და მე მომიტანა.

- დიდი მადლობა. გთხოვ, დონი გააცილე, - ვთხოვე ზიპს.

ზიპმა დონს ხელი მოკიდა, გარეთ გაათრია და უთხრა:
- მე და ჩემპიონს სამუშაო გვაქვს.
- ეი, მეგობარო, მე მჭირდება ეს ფული! ვიღაცას უნდა გადავუხადო! ხომ გითხარით! - დაიწყო ყვირილი დონმა.

- შეხვედრამდე, დონ. მოხარულნი ვართ შენი ხილვით. ყოველთვის შენი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი, - უთხრა ზიპმა და კარი ცხვირწინ მიუხურა. ფულის დათვლა დავიწყეთ. ძალიან ბევრი იყო.

ჩემმა ადვოკატმა დეილ კინსელამ გაიგო დონ კინგთან შეხვედრების შესახებ და მაისის ბოლოს შეადგინა წერილი მისი ადვოკატის მისამართით:

"შოკირებულნი ვართ იმით, რაც ხდებოდა ბოლო 30 დღის განმავლობაში და მასში უშუალო მონაწილეობას იღებდა ჩვენი ოფისი.

1. მე და ჯერი ბერნშტაინი მაიკის ოფიციალურად დარეგისტრირებული იურისტები ვართ. სარისკო მცდელობები - ჩამოგვაშორონ მიმდინარე ამბებს, ნებისმიერში, მათ შორის, მოსამართლე დენიელსში იწვევს სერიოზულ შეშფოთებას საკითხის დარეგულირების ჭრილში.

2. ცხადია, დონს აბსოლუტურად არ აქვს გაცნობიერებული ამ სასამართლო პროცესის არსი. არადა, ამ პროცესის მიზეზი სწორედ ისაა, რომ დონი ითვისებდა მაიკის ფულად სახსრებს - როგორც ოფისში, ასევე სასტუმრო ნომერში და აიძულებდა მაიკს, გაეფორმებინა დოკუმენტები ყოველგვარი დამოუკიდებელი იურიდიული ან ფინანსური კონსულტაციის გარეშე. მართლა არ ვიცი, რაზე ფიქრობს თქვენი მხარე.

3. მე ვიზიარებ სასამართლოს აზრს იმის შესახებ, რომ ეს საქმე - მაიკის საქმეა და არა ადვოკატის, მაგრამ ჩვენს საერთო ინტერესებშია გავარკვიოთ - ვინ არის მაიკის დამოუკიდებელი წარმომადგენელი პრეტენზიის მოგვარების საკითხში. ამასთან დაკავშირებით, მადლობელი ვიქნები, თუ დონი ან თქვენი ოფისი საჭიროდ ჩათვლით, საქმის კურსში ჩააყენოთ ჯერი ან მე - რა ხდება ამ ეტაპზე".

თუმცა დეილმა არ იცოდა, რომ ამ წერილის გაგზავნამდე რამდენიმე კვირით ადრე მე ვთხოვე ჯეკის, ყველასგან საიდუმლოდ ეწარმოებინა დონთან მოლაპარაკებები. ჩემმა დამხმარემ - დერილმა ჯეკის დაურეკა და უთხრა მას, რომ დავხარჯეთ ბოლო 5 ათასი დოლარი. ფული არ გვქონდა იმისთვის, რომ სახლის ანგარიში გაგვენაღდებინა, მოსამსახურეებისთვის ხელფასი გადაგვეხადა და ა. შ. ჯეკი ლას ვეგასში ჩამოვიდა და დარწმუნდა, რამდენად მძიმე იყო ჩემი ფინანსური მდგომარეობა.

- მინდა დონისგან ჩემი ფული მივიღო, - თქვა მან.

დონი აღფრთოვანებული დარჩა, როცა ჯეკისგან ბოლო ამბები შეიტყო. მას უკვე აღარ ჰქონდა საქმის მოგვარების იმედი, რადგან სასამართლო გარჩევა სექტემბრისთვის იყო დანიშნული. როგორც კი ამის შესახებ გავიგეთ, ჯეფ ვალდმა მითხრა, რომ დონი აპირებს თავისი მაგია გამოიყენოს და ჩვენ დავინახავთ - რატომ არის ის დონ კინგი. ჯეფმა არ იცოდა, რომ მე ვცდილობდი დონისგან რაღაც თანხის მიღებას და ვთხოვდი ჯეკის, პირდაპირი მოლაპარაკებები ეწარმოებინა მასთან.

დონმა პრობლემის მოსაგვარებლად შემომთავაზა 20 მილიონი დოლარი, სანაცვლოდ კი ისევ უნდა გამხდარიყო ჩემი ბრძოლების პრომოუტერი. ვუთხარი ჯეკის, რომ სანამ ერთობლივ მუშაობაზე და პრეტენზიების მოგვარებაზე წინასწარ მოლაპარაკებას დაიწყებდა, სამი რამის მიღება მინდოდა, რომელიც ჯერ ისევ დონს ჰქონდა:

მწვანე ფერის "როლს როისი"; ნახატი, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მაჩუქა და ის, ალბათ, დიდი ფული ღირდა; აგრეთვე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა - ჩემი გამოსახულება სტენ ლის შექმნილი კომიქსების "იქს ადამიანების" პერსონაჟების ცენტრში.

დონმა ჯეკის დაურეკა და შესთავაზა - პრეტენზიის მოგვარებაზე შეთანხმების მისაღწევად, მოგვიწყობდა გადაფრენას ფლორიდაში და დაგვასახლებდა სასტუმრო "დელანოში". მე, ჯეკი, მისი ვაჟი და ჩემი მეგობარი ქალი ლუზი დონის პირად თვითმფრინავში ჩავსხედით და სამხრეთით გავფრინდით. თან კოკაინის სოლიდური პორცია მქონდა, აგრეთვე, სპორტული ჩანთა ნახევარი ფუნტი მარიხუანათი. სიამოვნებას ვიღებდი კოკაინისგან, ვეწეოდი მარიხუანას, ფლეერს ვუსმენდი და კაიფს ვიჭერდი. და უცებ გონება გამინათდა:

"ეს ხომ ჩემი თვითმფრინავია, ამის დედაც! მე გადავიხადე ამ თვითმფრინავისთვის. ეს ნაბიჭვრები ისე იქცევიან, თითქოს პატივს მცემენ, როცა სამხრეთში საკუთარი თვითმფრინავით მეპატიჟებიან. ეს ზანგი დამცინის!"

ნარკოტიკებმა გონება დამიბინდა, საეჭვო და ნერვული გავხდი. მოკლედ, გიჟივით ვიყავი. დონი თავისი "როლს როისით" პირად აეროპორტში დამხვდა. მასთან ერთად იყო მძღოლი იზადორ ბოლტონი, რომელიც იქამდე, სანამ მის თავს დონი მომპარავდა, ჩემი მძღოლი იყო.

იზადორი პირველი მანქანის საჭესთან იჯდა, რომელშიც დონის დამხმარეები ისხდნენ. ჩვენ ფორტ-ლოდერდეილიდან მაიამისკენ I-95 ავტომაგისტრალით გამემგზავრეთ. ჯეკი წინა სავარძელზე იჯდა, მე უკან ლუზთან და ჯეკის შვილთან ერთად. დონმა რაღაც უწყინარი თქვა და მე მრისხანებამ შემიპყრო. დამპალ თავში ჩავარტყი. არ შემობრუნდე ნარკომანისკენ, რომელიც გაბრაზებულია! არ უთხრა მას უარი დახმარებაზე!

დონი გზის მიღმა გადავიდა და მანქანა გააჩერა. უკანა სავარძლიდან წინ გადავიხარე და მისი დახრჩობა დავიწყე.

- არა, მაიკ, გაუშვი! - დაიყვირა ჯეკიმ.
- ჯეკი, დაიჭირე ეს ზანგი, ახლა თქვენთან გადმოვალ! - ვუბრძანე მე.
მან მიპასუხა:

- კარგი, მიჭირავს!

მანქანიდან გადმოვედი, რომ წინა სავარძელზე გადავსულიყავი და დონისთვის ჭკუა მესწავლებინა, მაგრამ ჯეკიმ ვერ შეძლო მისი შეკავება. დონი გათავისუფლდა და მანქანით გაგვექცა.

შუა ავტოსტრადაზე გაშეშებული დავრჩი. დონმა რამდენიმე მეტრი გაიარა და მანქანიდან ჯეკი, მისი ვაჟი და ლუზი ჩამოსვა. ისინი მარიხუანით სავსე ჩემს ჩანთასთან ერთად მომიახლოვდნენ. კოკაინის კოლოფი თან მქონდა.

- რატომ გაუშვი, ჯეკი? - დავუყვირე მე. - ახლა ამ დამპალ გზაზე დავრჩით!

და უცებ ჩვენთან გაჩნდა იზადორი. ჩვენ ასაყვანად მოვიდა, რადგან მხედველობის არედან დაკარგა მანქანა და როცა დონს დაურეკა, ამ უკანასკნელმა უბრძანა, მანქანა მოეტრიალებინა.

ამის შემდეგ დონი გამოჩნდა. ის მომიახლოვდა, ფანჯარა ჩასწია და მანქანაში ჩაჯდობა მიბრძანა.

- წადი შენი, ნაბიჭვარო, - დავიყვირე მე.

იზადორი მანქანიდან გადმოვიდა და ჩემ პირდაპირ დადგა. მას ორჯერ დავარტყი სახეში და მარცხენა ყვრიმალის ძვალი გავუტეხე. დარტყმისგან უკან, მძღოლის სავარძელზე დაეცა, ზემოდან დავახტი, ფეხზე ხელი ვტაცე და ვუკბინე.

იზადორმა შეძლო ჩემთვის ხელის კვრა და კარის დახურვა, ამიტომაც გარედან დავარტყი და მანქანა დავაზიანე. ის იყო, ფანჯრის ჩამსხვრევას ვაპირებდი, რომ მან მოასწრო მანქანის დაძვრა და წინ წასვლა. მისი ფეხსაცმელები გზაზე დარჩა და ფეხშიშველი წავიდა.

პოლიციელები მოვიდნენ. ჩვენთან საუბარი გააბეს, მე კი თან მქონდა ნახევარი კილოგრამი კოკაინი, ლუზს კი მარიხუანათი სავსე ჩანთა ეჭირა. პოლიციელებს ისე გაუხარდათ ჩემი დანახვა, რომ არც კი დაინტერესებულან - ოთხნი რატომ ვიდექით ავტომაგისტრალის მიღმა.

ცოტა რომ მოენდომებინათ, ასეთი რაოდენობის კოკაინის გამო სამუდამოდ ციხეში გამიშვებდნენ. მე ხომ მაქსიმალისტი ვარ! ხომ შეიძლებოდა უბრალოდ მცირე დოზის შეძენა? არა, მაინცდამაინც ნახევარი კილოგრამი მინდოდა. ბიჭები, რომლებმაც ნარკოტიკი მომყიდეს, მითხრეს:

"მაიკ, აქ იმდენია, რომ აშკარად რეალიზაციისთვის გინდა და არა შენთვის. პოლიცია არ დაიჯერებს, რომ საკუთარი კაიფისთვის გინდა ეს ნახევარი კილოგრამი". მაგრამ მე სწორედ ჩემთვის ავიღე ამდენი.

პოლიციელებმა დანიშნულების ადგილზე მიყვანა შემოგვთავაზეს. მათ ერთ-ერთ მანქანაში ჩავეტენეთ და საუთ-ბიჩში მიგვიყვანეს. დონს ჩვენთვის სასტუმროს ნახევარი სართული ჰქონდა დაქირავებული. და ნამდვილი გართობის მოწყობა გადავწყვიტეთ. ჯეკიმ დონს სთხოვა, ჩვენთვის ცოტა ფული მოეცა და მან ბიჭი გამოგზავნა 200 ათასი დოლარით.

მთელი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს ვერთობოდით. შემდეგ ჩემი მეგობარი მოვიდა საექსკურსიო ავტობუსით, ორი გოგონა წავიყვანეთ და მთელი აღმოსავლეთი სანაპირო შემოვიარეთ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული