მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
კიკი სპაისერს 13 წლის ასაკიდან ვიცნობდი. მისი მამინაცვალი შამსუდინ ალი მეტად გავლენიანი და პატივსაცემი მუსულმანი ღვთისმსახური იყო. ის ფილადელფიაში ყველაზე დიდ მეჩეთს ხელმძღვანელობდა და მჭიდრო კავშირები ჰქონდა იქაურ დამოკრატიულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ფილადელფიის მერთან და პენსილვანიის გუბერნატორთან.

კიკის დედა რიტა ჟურნალისტი იყო და ჩემი ბევრი ბრძოლა ჰქონდა გაშუქებული. როცა 1995 წელს ბასტერ მატისს შევხვდი, წარმოიშვა ბრძოლის ჩატარების პრობლემა ატლანტიკ-სიტიში და მაშინ, კიკის მამა დამეხმარა ეს შეხვედრა ფილადელფიაში გადამეტანა. მან კიკი პრესკონფერენციის დროს ჩემთან შესახვედრად მოიყვანა და შემდეგ, ოჯახთან ერთად
ჩემს სასტუმრო ნომერში ისვენებდა. იმდენად მივეჩვიე იმას, რომ სხვადასხვა ადამიანი თავის შვილებს მაცნობდა, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად აღვიქვი.

მეტად საინტერესო საუბარი მქონდა მამამისთან რელიგიაზე, იმამზე... და ჩემს ავადმყოფურ ცნობიერებაში უცებ წარმოიშვა აზრი იმის შესახებ, რომ ის კიკის ან რომელიმე თავის ნათესავს მთავაზობდა. რა თქმა უნდა, კიკის მიმართ გულგრილი არ დავჩენილვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ის ცოტათი უხერხულად და არამყუდროდ გრძნობდა თავს მშობლებთან ერთად. ისე ჩანდა, რომ არ უნდოდა მათთან ერთად ყოფნა.

მას შემდეგ, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, სანამ ერთი წლის თავზე, ის კარგად არ გავიცანი. მამამისი იძულებული გახდა პიტსბურგის რაიონში მივლინებით წასულიყო და ის ოჯახთან ერთად ჩემთან მივიწვიე. მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ დაბინავდნენ სასტუმროში, რომელიც ოჰაიოში ჩემი სახლიდან 20 წუთის სავალ გზაზე იყო. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გამეშვა.

- არა, სასტუმროში ნუ გაჩერდებით. ჩემთან სახლში მოდით, - შევთავაზე მე.

ჩემთვის ეს იყო ამ გოგონას ხელში ჩაგდების შანსი. როცა ჩემს სახლამდე მოაღწიეს, დავიჟინე, რომ იმამსა და რიტას ჩემი საწოლი გამოეყენებიათ. მე შემეძლო რომელიმე სხვა საძინებელში მოსვენება, მაგალითად, იმ ოთახში, რომელიც ახლოს იყო კიკის საძინებელთან. ისინი დასაძინებლად წავიდნენ, მე კი ტელევიზორს ვუყურებდი. ცოტა ხანში, კიკი თავისი ოთახიდან გამოვიდა და დაიწუწუნა იმის გამო, რომ მის ბალიშზე სხვისი თმები იყო. სხვა ბალიში მოვნახეთ, რის შემდეგაც მკითხა - შეიძლებოდა თუ არა ჩემთან ერთად ეყურებინა ტელევიზორისთვის. ცოტა ხანი ვუყურეთ რაღაც პროგრამას, შემდეგ კი საუბარი გავაბით. რამდენიმე საათი გავიდა და ბოლოს, შეტევაზე გადავედი.

- ძალიან ლამაზი ხარ, განსაკუთრებული. შეიძლება გაკოცო?

რა თქმა უნდა, მან გადაყლაპა ანკესი. იმ დროს 19 წლის იყო, ამიტომაც, მასზე შთაბეჭდილების მოხდენა სირთულეს არ წარმოადგენდა.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იმ ღამეს ერთ ლოგინში გვეძინა, მაგრამ სექსი არ გვქონია. მომწონდა კიკი, მომწონდა მისი საქციელიც. ბავშვებს ვგავდით, რომლებიც მშობლებს ემალებიან იმისთვის, რომ ერთმანეთს აკოცონ. იმ ოთხი დღის განმავლობაში, რაც ისინი ჩემთან იყვნენ, მივედით იმ ზღვარზე, რომ სექსი უნდა გვქონოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. როცა წასვლის დღე მოვიდა, კიკიმ მთხოვა ნებართვა ამეღო მისი მშობლებისგან, ჩემთან დარჩენილიყო. მაგრამ ეს შეუძლებელი ჩანდა.

- ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ კიკი ამჯერად ჩვენთან ერთად წამოვა, - იმამი მეტად დიპლომატიური იყო.

წასვლამდე მას ალმასის ყელსაბამი ვაჩუქე. სამკაული ძვირი არ იყო - 65 ათასი დოლარი ღირდა და ასეთ "სათამაშოებს" უსახლკაროებს ვჩუქნიდი ხოლმე. ასეთი ბევრი მქონდა, მაგრამ კიკის ძალიან მოეწონა და მეც მესიამოვნა, რომ მას სიხარული მივანიჭე. იმედი მქონდა, რომ წასვლამდე მაინც დამთანხმდებოდა სექსზე, მაგრამ ასე არ მოხდა.

რამდენჯერმე ვილაპარაკეთ ტელეფონით და ვერაფრით ვივიწყებდი მათ ვიზიტს. არ ვიცოდი, როგორ მომეწყო კიდევ ერთხელ მასთან შეხვედრა: მუდმივად მშობლებთან ერთად იყო - სადაც არ უნდა წასულიყვნენ. ვეჭვობ, კიკით ჩემი გატაცება ყველასთვის თვალშისაცემი იყო, ამიტომაც დონ კინგმა გამაფრთხილა:

- თავი შორს დაიჭირე იმამის ქალიშვილისგან. თუ უსიამოვნება წარმოიშვება, ჩვენს მას ვერ გავუმკლავდებით. გესმის, რას გეუბნები?

დონმა იცოდა, რომ ვერ დაჩრდილავდა კიკის მამას. და მას ძალიან არ უნდოდა, რომ ჩემს გვერდით გამოჩენილიყო ვინმე გავლენიანი მამაკაცი. მაგრამ, მისი სიტყვები კიდევ უფრო მაღაზიანებდა: კიკის ხელში ჩაგდება მინდოდა. ჩემი 30-ე დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოზე ის, მისი ძმა აზიმი და ბიძაშვილი ასია დავპატიჟე. მაგრამ, ამ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ქალი იყო, ამიტომაც მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია.

ამ საღამოსთვის დრეს-კოდი შემოვიტანე: ყველას მკაცრი ჩაცმულობა უნდა ჰქონოდა. ჯინსი მიზანშეწონილი არ იყო. რა თქმა უნდა, მოგვიანებით, სწორედ ჯინსებში გამოვცხადდი, აგრეთვე მეკეთა ბრილიანტის ორი სამაჯური კარტიესგან. ეს კასმა მასწავლა: ყოველთვის უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელშიც სხვებისგან გამოირჩევი. შენ კარნახობ წესებს. ეს იყო მისი ფსიქოლოგიური ომის ელემენტები. მას შეეძლო მოწინააღმდეგე უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო.

კიკის მშობლებმა ქალიშვილი მესამე კურსზე იტალიაში გაუშვეს სასწავლებლად. მათგან მისი ტელეფონის ნომერი გავიგე და დავურეკე. თავის მხრივ, კიკისგან მისამართი გავიგე და დავპირდი, რომ მის სანახავად ჩავიდოდი. მაგრამ შემდეგ, მოტოციკლით ავარიაში მოვყევი და მხოლოდ 2000 წლის 2 დეკემბერს შევხვდით ერთმანეთს ლას ვეგასში - ფერნანდო ვარგასისა და ფელიქს ტრინიდადის ბრძოლის დროს.

მას ამ ბრძოლის ყურების უფლება მისცეს. კიკის იმ სექციაში გადავეყარე, სადაც გასახდელები იყო. დავინახე თუ არა, ხელში ავიყვანე და გულში მაგრად ჩავიკარი. მომდევნო დღეს, ის ჩემთან მოვიდა და ჩვენი ხუთწლიანი მოლოდინი, როგორც იქნა, დასრულდა.

"ახლა შენ ჩემი ხარ", - ვუთხარი მას. მოგვიანებით, იმავე დღეს, ფინიქსში უნდა წავსულიყავი ვარჯიშზე და ვთხოვე, თან წამომყოლოდა. მან ჩემთან რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ ნიუ იორკში დაბრუნდა, სადაც იმ პერიოდში ცხოვრობდა.

არ მინდოდა, რომ გამგზავრებულიყო, ამიტომაც, რამდენიმე დღეში დავურეკე და ფინიქსში დაბრუნებაზე დავიყოლიე. გარკვეული ხანი ასე ვცხოვრობდით. კიკი სტილისტად მუშაობდა ვიდეორგოლებისთვის, ამიტომაც თავს საკმარისად თავისუფლად გრძნობდა, რათა გარკვეული დროის შემდეგ, ეს საქმიანობა მიეტოვებინა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული