სამართლიანობა აღდგენილია

AutoSharing Option
19 სექტემბერს ზელანდიელ მძლეოსანს ვალერი ადამს საზეიმო ვითარებაში გადასცეს ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი, რომელიც მან ბირთვის კვრაში მოიპოვა.

უშუალოდ ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე ეს მედალი, თავდაპირველად, ბელორუს ნადეჟდა ოსტაპჩუკს გადასცეს, მაგრამ შემდეგ ის დოპინგის მიღებაში ამხილეს და ჩემპიონად ადამსი გამოცხადდა.

საზეიმო ცერემონია ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში გაიმართა.

"დღეს სამართლიანობამ იზეიმა. სიტყვები არ მყოფნის, - განაცხადა თვალცრემლიანმა ადამსმა. - ამ ცერემონიისთვის უკეთეს ადგილს ვერც ვინატრებდი. ახლა შემიძლია შევჭამო ის შოკოლადის მედალი, რომელიც ჩემმა მწვრთნელმა ჟან-პიერ ეგერმა მაჩუქა".

ჩემპიონის საპატივცემულოდ ცერემონია გრანდიოზული ფეიერვერკით
დასრულდა.

ოსტაპჩუკის დისკვალიფიკაციის შემდეგ რუსი ევგენია კოლოდკო ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მესამე ადგილზე კი ჩინელი გუნ ლიჟაო გადავიდა.

* * *
ლონდონის ოლიმპიადის მძლეოსნობის ტურნირის ერთ-ერთი უცნაური მომენტი ის იყო, რომ ქალებს შორის სიგრძეზე ხტომის ფინალში მონაწილეობა არ მიიღო თურქმა კარინ მეი მელისმა. არადა, მან შესანიშნავად იასპარეზა კვალიფიკაციაში.

როგორც ირკვევა, სპორტსმენი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში ამხილეს და არ მისცეს მედლებისთვის ბრძოლის უფლება. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისთვის ცნობილი გახდა, რომ მეი მელისმა ოლიმპიადამდე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო დოპინგი, კერძოდ, აკრძალული პრეპარატი ტესტოსტერონი.

ადრე მეი მელისი აცხადებდა, რომ ოლიმპიადის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. თურქის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა 2009 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული