თენგიზ ღვინჯილია: მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ

AutoSharing Option
ამას წინათ დიდუბის მანეჟში, საქართველოს ზამთრის მძლეოსანთა ჩემპიონატზე, სტაიერმა თენგიზ ღვინჯილიამ 1500 მეტრზე რბენაში ოქროს მედალი მოიპოვა, 800 მეტრზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 26 წლის მძლეოსნისთვის ეს არ ყოფილა პირველი წარმატება...

სოხუმიდან ოტებულმა ღვინჯილიების ოჯახმა (დედა და სამი ვაჟი, მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა) ზუგდიდს შეაფარა თავი. თენგიზი 9 წლის იყო, მძლეოსნობაში რომ დაიწყო ვარჯიში რევაზ ბუკიას ხელმძღვანელობით.

2003 წელს, საქართველოს ზამთრის ჩემპიონატში 800 მეტრზე რბენაში, პირველი ადგილი დაიკავა.

პერსპექტიულ ახალგაზრდას თბილისში გადმოსვლა შესთავაზეს. დედაქალაქში ჯერ ედუარდ ლომთაძე ამეცადინებდა, ახლა თენგიზ
გელდიაშვილთან იმაღლებს ოსტატობას.

განვლილ 10 წელიწადში რამდენჯერმე მოიგო საქართველოს ჩემპიონატები 800 და 1500 მეტრზე რბენაში, 2009-10 წლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის ღია პირველობებში ყველას აჯობა 800 მეტრზე, ისრაელში მე-3 ადგილზე გავიდა.

- ის იყო, 800 მეტრზე საქართველოს სარეკორდო ზღვარს მივუახლოვდი, რომ ორი წლის წინათ ტრავმა მივიღე, - მითხრა თენგიზ ღვინჯილიამ. - ბევრი დრო გამიცდა. ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან დავიწყე - შარშან მაისში განვაახლე ვარჯიში. ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ ფორმას.

წლეულს ორი მიზანი დავისახე - 800 მეტრზე საქართველოს რეკორდის დამყარება და დიდ ბრიტანეთში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება.

მით უმეტეს, რომ მთელი ზამთარი ვარჯიში არ შემიწყვეტია. ჩვენმა ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა მანეჟის გასათბობად. ახლა იქ წვრთნის ნორმალური პირობებია.

- აბა, ხელს რა გიშლის?
- 200 ლარს ვიღებდი სტიპენდიას, რომელიც ჩემთვის საარსებო წყარო იყო. იმასაც ეკონომიურად ვხარჯავდი, რომ შეძლებისდაგვარად ოჯახსაც დავხმარებოდი; იანვრიდან სტიპენდია მომიხსნეს. თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვიქნები, აქტიურ სპორტს ჩამოვშორდე და სამუშაო ვეძებო.

- მომდევნო უქმეებზე კროსში საქართველოს საგაზაფხულო ჩემპიონატში იასპარეზებ?
- რადგან მომზადებული ვარ, ალბათ, გამოვალ. მერე კი ვნახოთ. არადა, ძალიან მინდოდა, მაისში საქართველოს ღია პირველობაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა იქ გაირკვევა.

P.S. თენგიზ ღვინჯილიასთან საუბრის შემდეგ მის სტიპენდიასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვასილ ბერიშვილს ვთხოვეთ.

აი, რა გვითხრა მან: "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მითითებით, სტიპენდიები დაენიშნებათ მხოლოდ იმ ათლეტებს, რომლებიც სპორტის ოსტატისა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის შედეგებს აჩვენებენ.

ასე რომ, სტიპენდია არა მარტო ღვინჯილიას, არამედ საქართველოს ბევრ სპორტსმენს მოეხსნა, რომლებიც ჯერჯერობით ამ ნორმატივებს ვერ აკმაყოფილებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული