მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში: საუკუნის ნახტომი და ბოლტის რვა ოქრო

AutoSharing Option
მოსკოვში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ჩვენ სამი დღის ამბები დაგვიგროვდა მოსაყოლად და ძირითად სტარტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ერთ-ერთი მთავარი ფინალი იყო მამაკაცთა "გრძელი სპრინტი", სადაც მორიგი ოქროს მოსაგებად გავიდა სარბენ ბილიკზე უსაინ ბოლტი. 100 მეტრზე ფინალისგან განსხვავებით, როცა მორბენლებს წვიმა უშლიდათ ხელს, ამჯერად ამინდი იდეალური იყო, თუმცა იამაიკელს მსოფლიოს საკუთარ რეკორდამდე ძალიან ბევრი დააკლდა.

უსაინმა ბრწყინვალედ გაიარა ვირაჟი და უკვე დისტანციის პირველ ნახევარზე სოლიდური უპირატესობა მიიღო. ბოლტმა მაღალი ტემპი ფინიშამდე შეინარჩუნა და მხოლოდ ბოლო მეტრებზე დააგდო ტემპი - 19,66 წამი. საკმაოდ
კარგი დროა - სეზონის საუკეთესო შედეგი, მაგრამ, როგორც გითხარით, მსოფლიოს რეკორდამდე შორია. უსაინისგან ყოველთვის სასწაულებს ელიან, მაგრამ ის მოსკოვში, უბრალოდ, კარგად გამოვიდა და მეტი არაფერი. ეს ბოლტისთვის მეშვიდე ოქრო იყო კარიერაში.

უსაინს მიბაძა და ასევე მეორე ოქრო მოიგო ამ ჩემპიონატზე იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა. მანაც 100 და 200 მეტრზე აჯობა ყველას. თუმცა "გრძელი სპრინტის" ფინალის წინ ფავორიტი ამერიკელი ელისონ ფელიქსი იყო.

ის გახლდათ ფინალისტთაგან ერთადერთი, ვინც წელს 200 მეტზე 22 წამიდან გამოვიდა. თუმცა ელისონმა უკვე ვირაჟის გავლისას მიიღო დაზიანება, ჯერ კოჭლობა დაიწყო და ბოლოს საერთოდ დაეცა სარბენ ბილიკზე, რითაც დაკარგა პრაქტიკულად განაღდებული მედალი.

* * *
ამ ჩემპიონატზე რამდენიმე მძლეოსანმა მოიგო ერთზე მეტი ოქრო და ერთ-ერთია ბრიტანელი მო ფარა. პირველობის სტარტზე მან 10 ათას მეტრზე გაიმარჯვა და ორჯერ ნაკლებ დისტანციაზეც ფავორიტად მიიჩნეოდა.

ბოლო დროს ბრიტანელი, პრაქტიკულად, დაუმარცხებელია და ამიტომაც ყველას ეგონა, რომ ლონდონის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი ახლაც უკონკურენციოდ იქნებოდა, მაგრამ დისტანციის დასაწყისში ორმა ეთიოპიელმა აქტიურად შეუტია. თუმცა, შესაძლოა, მათ ბევრი ძალა დახარჯეს და ფინიშზე ძალიან გაუჭირდათ.

მართალია, აფრიკელებმა ბოლომდე მისდიეს ბრიტანელს, მაგრამ ფარამ რამდენიმე გრძელი ნაბიჯით შესანიშნავი აჩქარება გააკეთა და ისევე, როგორც ლონდონში, აქაც ოქროს დუბლი შეასრულა.

* * *
მამაკაცებს შორის შუბის ტყორცნაში ოქროს მედალი თითქოს ფინელ პიტკამიაკისა და ნორვეგიელ ტორკილდსენს უნდა გაეთამაშებინათ, მაგრამ ამ დუეტიდან თავის დონეზე გამოსვლა მხოლოდ ფინელმა შეძლო, თუმცა ვერც მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვება ვიტესლავ ვესელიმ მოიპოვა. 30 წლის ჩეხისთვის ეს არის კარიერაში პირველი სერიოზული ტრიუმფი. სხვათა შორის, მას ლეგენდარული თანამემამულე იან ჟელეზნი ავარჯიშებს.

* * *
ჩემპიონატის ბოლოსწინა დღე მამაკაცი მარათონელების გარბენით გაიხსნა. დისტანციის დიდი ნაწილი ლიდერთა ჯგუფში ორი ათეული მორბენალი შედიოდა და მხოლოდ ფინაშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე მოხერხდა გაქცევა.

დაწინაურდა სამი მარათონელი: ორი ეთიოპიელი - დესისო და ტოლო, აგრეთვე უგანდელი ოლიმპიური ჩემპიონი სტივენ კიპროტიჩი. ეს უკანასკნელი ძალიან დამაჯერებლად გრძნობდა თავს და მუდმივად ზრდიდა ტემპს. პირველი ტოლო ჩამორჩა. დესისო დიდხანს ედგა კვალში უგანდელს, რომელმაც მეტოქის დაბნევა დაიწყო და ზიგზაგებით სირბილს მიჰყო ხელი. ეს ყველაფერი 41-ე კილომეტრზე ხდებოდა.

სხვა სპორტსმენი ამის გამო შეიძლება დასჯილიყო, მაგრამ კიპროტიჩს რეზერვში ენერგიის სოლიდური მარაგი აღმოაჩნდა. მან დამაჯერებლად მოიგო გარბენი, ეთიოპიელებმა ვერცხლი და ბრინჯაო მიიღეს. უგანდასთვის ეს არის მეორე ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

პირველი მოიპოვა დორკუს ინზიკურმა 2005 წელს, როცა 3000 მეტრი სტიპლჩეზი მოიგო.

* * *
ამ სეზონში ბარიერულ სპრინტში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბრიანა როლინზს - 12,26 წამი, თუმცა ამერიკელი აშშ-ის ფარგლებს გარეთ თითქმის არ გამოდიოდა და ამიტომაც მისი ლიდერობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ.

მაგრამ ბრიანამ კრიტიკოსთა გაჩუმება მოახერხა. ფინალში მას კარგი სტარტი არ გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ გაუსწრო ჰარპერს, პორტერსა და ოლიმპიურ ჩემპიონ პირსონს. გამარჯვებისთვის ამერიკელმა 12,44 წამი იკმარა.

პირსონი მეორეზე გავიდა, რის გამოც ძალიან გაიხარა, რადგან ტრავმის მიზეზით ეს სეზონი გვიან დაიწყო. ბრიტანელმა პორტერმა ბრინჯაოს მედალი პირადი რეკორდით მოიგო - 12,55.

* * *
ბოლო დღის წინ მედლების ჩათვლაში ასეთი მდგომარეობა იყო: რუსეთი აშშ-ს ერთი ოქროთი უსწრებდა და ლიდერობდა, მაგრამ თუ ამერიკელები პირველი ადგილების რაოდენობით დაეწეოდნენ მასპინძლებს, საერთო გუნდურ ჩემპიონობას გაინაღდებდნენ.

მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერც რუსეთმა და ვერც ამერიკამ 18 აგვისტოს ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და მედლების ჩათვლაში გამარჯვება რუსებს ერგოთ. უფრო მეტიც, აშშ-ს ოქროების რაოდენობით იამაიკა დაეწია.

ამ გუნდმა ექვსი ოქრო მოიგო - ექვსივე სპრინტში: 100 და 200 მეტრი და 4X100 მეტრზე ესტაფეტა ქალებსა და მამაკაცებს შორის. შესაბამისად, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი და უსაინ ბოლტი მოსკოვში სამგზის ჩემპიონები გახდნენ.

ქალთა ესტაფეტაში ფავორიტები ამერიკელი ქალები იყვნენ, მაგრამ მათ ტრადიციული შეცდომა მოუვიდათ: ცუდად გადასცეს ესტაფეტის ჯოხი და ამით გამარჯვება დაკარგეს. მეორედან და მესამე ეტაპზე გადასვლისას, სტარტზე მყოფ მორბენალს გაჩერება მოუწია და ამით ძვირფასი წამები დაიკარგა. ამერიკელები იმითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რომ სამეულში შეაღწიეს. გამარჯვება იამაიკამ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდით.

მამაკაცებს შორის ამ დისციპლინაში იამაიკის ნაკრებს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, რაც არ იყო გასაკვირი, რადგან 100 მეტრის ფინალში საუკეთესო ხუთეულში ამ ქვეყნის ოთხი წარმომადგენელი მოხვდა. თუმცა ბოლო ეტაპამდე ამერიკელები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ იამაიკას, მაგრამ ჯასტინ გელტინმა ვერაფერი მოუხერხა უსაინ ბოლტს, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა მერვე ოქრო მოიგო კარიერაში და ამით გაიმეორა კარლ ლუისის, მაიკლ ჯონსონისა და ელისონ ფელიქსის რეკორდი.

* * *
მამაკაცთა 1500 მეტრზე გარბენში, როგორც ყოველთვის, ფავორიტი კენია იყო. ისე ჩანდა, რომ ასბელ კიპროპს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია ორი წლის წინ მოპოვებული ტიტულის შესანარჩუნებლად.

გარბენის დასაწყისში ძირითად ჯგუფს გამოეყო კიპროპის თანამემამულე ნიქსონ კიპლიმო ჩეპსება, მაგრამ ბოლო წრეზე მას დაეწივნენ, საფინიშო სწორ მონაკვეთზე კი კიპროპი ფართო ნაბიჯებით დაშორდა კონკურენტებს და ოქროს მედალი მოიგო.

სამხტომში ჯონათან ედვარდსის ფენომენალური რეკორდი ძლივს გადაურჩა 24 წლის ფრანგი ტედი ტამგოს შემოტევებს, რომელიც ბოლო ცდაზე 18 მეტრზე შორს გადახტა, რაც XXI საუკუნეში არც ერთ მძლეოსანს არ გაუკეთებია!

ქალებს შორის შუბის ტყორცნაში გერმანელმა კრისტინა ობერგფოლმა მთელი თავისი ენერგია ჩადო მეორე ცდაში და შუბი 69,05 მეტრზე გასტყორცნა. ამ შედეგს ვერც ერთი კონკურენტი ვერ მოუახლოვდა. გერმანელს, ვინც 1995 წლიდან გამოდის მაღალ დონეზე, ეღირსა კარიერაში პირველი დიდი გამარჯვება.

მედლების კიდევ ერთი კომპლექტი ქალებს შორის 800 მეტრზე სირბილში გათამაშდა, სადაც ფავორიტი სეზონის საუკეთესო დროის ავტორი, რუსი მარია სავინოვა იყო, მაგრამ ის მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მასპინძელს, მოულოდნელად, სერიოზული კონკურენცია გაუწია კენიელმა ენის ეპკოხ სუმმა და ის ჩემპიონი გახდა პირადი რეკორდით.

აფრიკელს არასოდეს უჩვენებია მაღალი შედეგები, ამიტომაც მისი ტრიუმფი ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა, ისევე, როგორც რუსების გამარჯვება საერთო ჩათვლაში.

მძლეოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი
კაცები
სიგრძეზე ხტომა
1. ალექსანდრ მენკოვი (რუს) 8,56
2. იგნასიუს გაისა (ჰოლ) 8,29
3. ლუის რივერა (მექ) 8,27

ბირთვის კვრა
1. დავიდ შტროლი (გერ) 21,73
2. რაიან უაიტინგი (აშშ) 21,57
3. დილან არმსტრონგი (კან) 21,34

5 000 მ.
1. მო ფარა (ბრიტ) 13.26,98
2. ჰაგოს გებრივეტი (ეთი) 13.27,26
3. ისააკ კოეჩი (კენ) 13.27,26

4X400 მ.
1. აშშ 2.58,71
2. იამაიკა 2.59,88
3. რუსეთი 2.59,90

მარათონი
1. სტივენ კიპროტიჩი (უგა) 2.09,51
2. ლელისა დესისა (ეთი) 2.10,12
3. ტადესე ტოლა (ეთი) 2.10,23

შუბის ტყორცნა
1. ვიტესლავ ვესელი (ჩეხ) 87,17
2. ტერო პიტკამიაკი (ფინ) 87,07
3. დმიტრი ტარაბინი (რუს) 86,23

200 მ.
1. უსაინ ბოლტი (იამ) 19,66
2. უორენ უეირი (იამ) 19,79
3. კერტის მიტჩელი (აშშ) 20,04

სამხტომი
1. ტედი ტამგო (საფ) 18,04
2. პედრო პაბლო რიკარდო (კუბ) 17,68
3. უილ კლეი (აშშ) 17,52

1500 მ.
1. ასბელ კიპროპი (კენ) 3.36,28
2. მეტიუ სენტროვიტცი (აშშ) 3.36,78
3. იოჰან კრონიე (ს. აფრ) 3.36,83

4X100 მ.
1. იამაიკა 37,36
2. აშშ 37,66
3. კანადა 37,92

ქალები
უროს ტყორცნა
1. ტაიანა ლისენკო (რუს) 78,80
2. ანიტა ვლოდარჩიკი (პოლ) 78,46
3. ჟან ვენსიუ (ჩინ) 75,58

200 მ.
1. შელი-ენ ფრეიზერი (იამ) 22,17
2. მურიელ აურე (კ. დ"ივ) 22,32
3. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგ) 22,32

სიმაღლეზე ხტომა
1. სვეტლანა შკოლინა (რუს) 2,03
2. ბრიგეტა ბარეტი (აშშ) 2,00
3. ანა ჩიჩეროვა (რუს) 1,97

5 000 მ.
1. მესერეტ დეფარი (ეთი) 14.50,19
2. მერსი ჩერონო (კენ) 14.51,22
3. ალმაზ აიანა (ეთი) 14.51,33

100 მ/თარჯრბენი
1. ბრიანა როლინზი (აშშ) 12,44
2. სალი პირსონი (ავსტრა) 12,50
3. ტიფანი პორტერი (ბრიტ) 12,55

4X400 მ.
1. რუსეთი 3.20,19
2. აშშ 3.20,41
3. ბრიტანეთი 3.22,61

შუბის ტყორცნა
1. კრისტინა ობერგფოლი (გერ) 69,05
2. კიმბერლი მიკლი (ავსტრა) 66,60
3. მარია აბაკუმოვა (რუს) 65,09

800 მ.
1. იუნის სუმი (კენ) 1.57,38
2. მარია სავინოვა (რუს) 1.57,80
3. ბრენდა მარტინესი (აშშ) 1.57,91

4X100 მ.
1. იამაიკა 41,29
2. საფრანგეთი 42,73
3. აშშ 42,75

მედლების ჩათვლა
ა ქ ო ვ ბ ს
1. რუსეთი 7 4 6 17
2. აშშ 6 14 5 25
3. იამაიკა 6 2 1 9
4. კენია 5 4 3 12
5. გერმანია 4 2 1 7
6. ეთიოპია 3 3 4 10
7. ბრიტანეთი 3 0 3 6
8. ჩეხეთი 2 0 1 3
8. უკრაინა 2 0 1 3
10. საფრანგეთი 1 2 1 4
11. პოლონეთი 1 2 0 3
12. კოლუმბია 1 0 0 1
12. ხორვატია 1 0 0 1
12. ირლანდია 1 0 0 1
12. ზელანდია 1 0 0 1
12. შვედეთი 1 0 0 1
12. ტრინიდადი 1 0 0 1
12. უგანდა 1 0 0 1
19. ავსტრალია 0 2 1 3
20. კოტ დ'ივუარი 0 2 0 2
21. კანადა 0 1 4 5
22. ჩინეთი 0 1 3 4
23. კუბა 0 1 2 3
24. ჰოლანდია 0 1 1 2
24. ნიგერია 0 1 1 2
26. ბოტსვანა 0 1 0 1
26. ფინეთი 0 1 0 1
26. უნგრეთი 0 1 0 1
26. იტალია 0 1 0 1
26. ყატარი 0 1 0 1
31. ესპანეთი 0 0 2 2
31. სერბეთი 0 0 2 2
33. ჯიბუტი 0 0 1 1
33. დომინიკა 0 0 1 1
33. ესტონეთი 0 0 1 1
33. იაპონია 0 0 1 1
33. მექსიკა 0 0 1 1
33. ს. აფრიკა 0 0 1 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული