ამერიკას მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი არ მოსწონს

AutoSharing Option
მოსკოვში სენსაციურად დასრულდა მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრებთან დამარცხდებოდა და მეორე ადგილს დაიკავებდა.

აშშ-ის სპორტულმა პრესამ თავისი მძლეოსნების წარუმატებელი გამოსვლის გაანალიზება სცადა.

ამერიკამ იცოდა, რომ კონკურენციას ვერ გაუწევდა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებს ტყორცნებსა და სპორტულ სიარულში.

ამერიკას ყველაზე მეტად ადარდებს ის, რომ სპრინტში დღეს არა ის, არამედ იამაიკა ბატონობს.

სპრინტში ლიდერობას აშშ-ში მიჩვეულნი იყვნენ, ახლა კი კუნძულელმა მორბენლებმა ამერიკა დიდი მანძილითა და დიდი ხნით ჩამოიტოვეს უკან.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ
აშშ-ში დიდ პატივს სცემენ და უყვართ უსაინ ბოლტი და შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი და მათ მიმართ გაღიზიანებას სულაც არ გამოხატავენ.

თან ეს ჩავარდნა ამერიკელებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რადგან ბოლო წლებში ამ ქვეყანაში არ აღუზრდიათ სპრინტში ახალი ლიდერი და მოსკოვში იამაიკელებს უპირისპირდებოდა ათენის 2004 წლის ჩემპიონი ჯასტინ გეტლინი.

მისი ასაკის ტაისონ გაიც უნდა ჩასულიყო რუსეთის დედაქალაქში, მაგრამ დოპინგზე ჩავარდა, როგორც თავის დროზე მერიონ ჯონსი და ტიმ მონტგომერი.

სხვათა შორის, ამ მომენტმა ძლიერ შეუწყო ხელი ამერიკული სპრინტის პრესტიჟის მკეთრად დაცემას.

სამაგიეროდ, ამერიკელები ისევ ძლიერები არიან ბარიერულ სპრინტში. ახალგაზრდა ბრიან როლინზის გამარჯვება ავსტრალიელ ოლიმპიურ ჩემპიონ სალი პირსონზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ამერიკელთათვის.

აღარაფერს ვამბობთ 400 მეტრზე სირბილში ლაშონ მერიტის ელიტაში დაბრუნებაზე, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, გრენადელი კირანი ჯეიმსი დაამარცხა და თან პერსონალური რეკორდი დაამყარა.

რაც შეეხება ეშტონ იტონის იოლ გამარჯვებას ათჭიდში, ეს პროგნოზირებადი იყო: ეს ბიჭი კიდევ დიდხანს იქნება მსოფლიოში საუკეთესო ათლეტი-უნივერსალი.

ამერიკელი მძლეოსნების მიერ მოსკოვში მოპოვებული მედლების რაოდენობა (25) ცოტათი ჩამოუვარდება მათ მონაგარს ლონდონის თამაშებზე (29), ხოლო მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი წლევანდელის ანალოგიურია. მაგრამ, საერთო ჯამში, ამერიკელებს დაფიქრება მართებთ.

სპრინტი აშკარად ჩავარდნილია. ბობ ბიმონისა და მაიკ პაუელის ქვეყანაში სიგრძეზე ხტომა მხოლოდ ქალებს ეხერხებათ, მამაკაცებში კი "ბებერი" დუაიტ ფილიპსის იმედად არიან დარჩენილნი.

უკეთესი მდგომარეობა არც სიმაღლეზე ხტომაშია: ერიკ კინარდმა ვერ შეძლო ლონდონის შედეგის გამეორება და ვერცხლის მედლის მოპოვება; ქალებში კი ბრიგეტა ბარეტმა შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ რუსები ამ სახეობაში აშკარად წინ არიან.

საშუალო დისტანციებზე ნიკ სიმონდსი და მეტიუ სენტროვიცი, აგრეთვე მათი ქალი კოლეგები მიუახლოვდნენ აფრიკელ მორბენლებს, მაგრამ "შავი კონტინენტის" რეზერვი უშრეტია და მათთან ჭიდილი ძალიან რთულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული