საქართველოს პირველი ხუთჭიდელი ქალი ჰყავს

AutoSharing Option
თანამედროვე ხუთჭიდი უფრო დახვეწილი, სრულყოფილი და, რაც მთავარია, მართლაც რომ კარგი სანახავი ხდება.

აქამდე თუ სპორტის ხუთივე სახეობა დროში გაწელილი იყო და 4-5 დღეს გრძელდებოდა, ახლა მიდგომა შეიცვალა.

ოლიმპიური პრინციპია, თამაშებში შემავალი პროგრამა რაც შეიძლება დინამიკური და სანახავად საინტერესო იყოს.

რამდენიმე დღეზე განაწილებული ერთი პროგრამა კი მოუხერხებელია მაყურებლისთვისაც და ტელეკომპანიებისთვისაც, რომლებიც სოლიდურ შემოსავალს აძლევენ ოლიმპიურ მოძრაობას.

ამ დღეებში ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, რესპუბლიკის 2014 წლის თასის ღია გათამაშებაზე, მაყურებელმა პირველად იხილა ის სიახლეები, რამაც საერთაშორისო ფედერაციის ნებართვით, სრულიად ახლებურად წარმოაჩინა სპორტის
ეს რაინდული სახეობა.

მაგალითად, შეიცვალა ფარიკაობაში შეჯიბრების ჩატარების სისტემა, რამაც სანახაობრივად უფრო მიმზიდველი გახადა იგი. ასპარეზობის მასპინძლებმა, ასევე, ცხენოსნურ მანეჟში სროლა და რბენაშიც ჩაატარეს შეჯიბრება. გამოვიდა, რომ ერთი ტრიბუნიდან მაყურებელმა თვალი მიადევნა თანამედროვე ხუთჭიდის ოთხი სახეობის ასპარეზობას. ეს სიახლე კი ყველას მოეწონა და ყველა აღაფრთოვანა.

თასი გათამაშდა როგორც ვაჟებში, ისე ქალებში. მონაწილეობდნენ ბელორუსის, რუსეთის, ლიტვის, გერმანიის და საქართველოს სპორტსმენები.

ქალთა შეჯიბრებაში საქართველოს სახელით პირველად გამოდიოდა ვარვარა ივანოვა, რომელიც ფინალში 27 სპორტსმენს შორის მე-7 ადგილს დასჯერდა. ვარვარა ახლა მსოფლიოს თასისთვის ემზადება, რომელიც აკაპულკოში (მექსიკა) გაიმართება თებერვლის ბოლოს.

"სეზონის დასაწყისისათვის ურიგოდ არ გამოვსულვარ. განსაკუთრებით კარგი შედეგი ცურვაში მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რთულად სამართავი ცხენი შემხვდა, კონკურსის მარშრუტი სუფთად გავიარე. კომპლექსურ ვარჯიშს ახლა ვიწყებ და მომავალში უკეთესი შედეგის იმედი მაქვს,"
- აცხადებს ჩვენი სპორტსმენი.

თორნიკე გაჩეჩილაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამიხსენით რა კავშირშია ხუთჭიდი მძლეოსნობასტან?
maia
15:02 10-02-2014
0

სიახლეები პოპულარული