ქართველმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 22 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
შარშან მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა 2-2 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წლეულს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ნაალაფარი საგრძნობლად გაიზარდა - ყველა ასაკში სხვადასხვა სინჯის 22 ჯილდო დაიმსახურეს.

კვლავ შეუდარებელი იყო მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია (110 კგ), რომელმაც ამჯერადაც ორი ოქროთი დაიმშვენა მკერდი: როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით ფინალში უკრაინელი სერგი ტოკარევი დაამარცხა.

უფროსებში ასევე წარმატებით გამოვიდა ალექსი აბუთიძე - 70 კილოში მარჯვენა მკლავით პაექრობისას ჩვენებურმა ფინალში გიორგი ხუბაევს (რუსეთი) აჯობა. ამავე წონაში კობა მამამთავრიშვილს ბრინჯაოს მედალი
ერგო.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე მცირედი დააკლდა ვილენ გაბრავას (65 კგ), რომელმაც მარჯვენა მკლავით გადამწყვეტი პაექრობა მაქსიმ იანდუბაევთან (რუსეთი) დათმო. მანვე ცაციათი მე-3 ადგილი დაიკავა.

60 კილოში მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალი მოიპოვა გელა არაბულმა, რომელმაც ფინალი ბულგარელ გიორგი გაიდარდლევთან წააგო.

ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ალექსი პეტრიაშვილი (60), ზაზა თაბაგარი (75), რაჩო გახარია (100) და რევაზ ლუტიძე (+110).

სულ უფროსებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და შარშანდელ მონაგარს 4 ჯილდოთი გადაამეტეს.

უფროსებს არც ახალგაზრდები ჩამორჩნენ. მათ ანგარიშზეა ათი მედალი: 18-წლიანებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორჯერ ავიდა ვალერიან მელაძე (80 კგ) - როგორც ცაციათი, ისე მარჯვენა მკლავით მან ფინალში მარატ აივაზოვი (რუსეთი) დაჯაბნა.

ამავე ასაკში ოქროს მედალი მოიპოვა გურამ აბულაშვილმა (65) - ფინალში მან ხასან სლანოვი (რუსეთი) იმსხვერპლა. იგი მარჯვენა მკლავითაც ახლოს იყო მსგავს გამარჯვებასთან, მაგრამ გადამწყვეტი პაექრობა აზრეტ აკბაევთან (რუსეთი) დათმო.

21-წლიანებში ნიკოლოზ წერეთელმა (65) იყოჩაღა: ქართველმა სპორტსმენმა მარჯვენა მკლავით ფინალში ევგენი დალის (უკრაინა) დააყრევინა ფარ-ხმალი, ცაციათი კი ბრინჯაოს გამორჩა.

ამავე ასაკში იმედა ჭინჭარაულმა (55, ცაცია) მეორე, ხოლო მარჯვენა მკლავით ვახტანგ ბერიძემ (80) მესამე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებს ერთი ბრინჯაოს მედალი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენთა შეჯიბრებაში ბესიკ ლეკიაშვილმა მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გენადი კვიკვინია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული