საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები "ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებულია.

ეს ტურნირი პოლონურ ლეგნიცაში 29 აპრილს დამთავრდა და ჩვენებმაც გუშინ იასპარეზეს, ფინალში კი რუსეთის ნაკრები მეტად დამაჯერებლად დაამარცხეს: 6:0.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირადში და ევროპის ვერცხლის მედალოსანი გუნდურში, თბილისელი ქრისტინე ესებუა, გუნდურში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ხელვაჩაურელი პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე და ბათუმელი დებიუტანტი ნანა მახარაძე შედიოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ შვილი, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი ციკო ფუტკარაძე დაასვენა, ვისაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენებურთაგან ესებუას შემდეგ მეორე შედეგი
ჰქონდა, მის ნაცვლად კი ნარიმანიძე შეიყვანა.

ჩვენებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას მოუგეს - 5:3, ნახევარფინალში კი თუმცა გადახალისებულ, მაგრამ მაინც გუნდურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიას დააყრევინეს ფარ-ხმალი: 6:2.

ჩვენს ნაკრებს პოლონეთში კიდევ ორი მედლის მოპოვება შეეძლო - შერეულ წყვილებში თბილისელების, ესებუასა და ზურაბ მესტვირიშვილის დუეტმა ბრინჯაოსთვის ბროლა სლოვაკურ წყვილთან 2:6 დათმო, ვაჟებში კი გუნდურ პირველობაში ჩვენი ნაკრები ასევე ბრინჯაოსთვის პაექრობაში იტალიასთან 0:6 დამარცხდა.

შერეულ წყვილებში ჩვენები პირველ წრეში ისვენებდნენ, მერე ავსტრიას 6:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი ასეთივე აგარიშით მომავალ ჩემპიონ იტალიასთან წააგეს. გუნდურში ლუქსემბურგთან 2:6 მოგების შემდეგ ნახევარფინალში უკრაინასთან 0:6 წააგეს.

პირად პირველობაში ესებუა მეოთხედფინალში გავიდა, მესტვირიშვილი - მერვედფინალში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გამარჯვებას გოგოებო! წარმატებებს გისურვებთ ტოკიოში.
ლუკა
02:28 01-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული