ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია - პოლონურ ლეგნიცაში ჩატარებულ "ევროპის დიდ პრიზზე" გაიმარჯვა, წარმატება კი ფინალში რუსების დამაჯერებელი ძლევით მოიპოვა - 6:0.

ქალთა ნაკრებში ამჯერად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირადში და ევროპის ვერცხლისმედალოსანი გუნდურში, თბილისელი ქრისტინე ესებუა, გუნდურში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ხელვაჩაურელი პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე და ბათუმელი დებიუტანტი ნანა მახარაძე შედიოდნენ.

არადა, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებით, ნარიმანიძის ნაცვლად მის შვილს, ციკო ფუტკარაძეს უნდა ეასპარეზა, რადგან მას ჩვენ შორის მეორე შედეგი ჰქონდა, ნარიმანიძე კი მეოთხე იყო. თუმცა მწვრთნელს გუნდურში
მონაწილის შეცვლა შეუძლია და თამაზ ფუტკარაძემ ეს შანსი გამოიყენა - საკუთარი შვილი დაასვენა და მეუღლეს დაუთმო ასპარეზი. ეს ცვლილება გამართლებული გამოდგა.

ჩვენებმა პირველ წრეში ჰოლანდიას მოუგეს: 5:3. არადა, თავიდან ჩამორჩნენ, რადგან პირველი სეტი 51:52 წააგეს. ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და 53:51; 53:44 მოიგეს, ბოლოს კი ფრედ დასრულდა: 45:45. ნახევარფინალში გადახალისებულ, მაგრამ მაინც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიას დააყრევინეს ფარ-ხმალი: 6:2.

ოლიმპიადის შემდეგ მშვილდი კედელზე ჩამოჰკიდა იტალიელთა მოლდოველმა რძალმა, პირად-გუნდურში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ნატალია ვალეევამ, თუმცა აპენინელებმა სრულიად ახალი გუნდი ჩაიყვანეს პოლონეთში. ჩვენებმა მხოლოდ მეორე სეტი წააგეს - 47:50, დანარჩენები კი მოიგეს: 54:46; 52:50; 52:51 და ფინალში გავიდნენ.

რუსებსაც გადახალისებული გუნდი ჰყავდათ, თუმცა მათში კიდევ შეხვდებოდით ნაცნობ ჩუბინებს. ჩვენებმა მათ შანსი არ დაუტოვეს, ყველაზე მეტი მობილიზებით ეს ორთაბრძოლა ჩაატარეს და ერთი სეტიც არ დაუთმიათ, "მშრალად" მოუგეს, თუმცა კი ორივე გუნდს საკმაოდ დაბალი შედეგები ჰქონდა: 50:44; 45:41; 44:39. ბრინჯაოს მედალი იტალიამ მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ პაექრობაში ესტონეთი 6:0 დაჯაბნა.

პოლონეთში ჩვენებს კიდევ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ შერეულ წყვილებში ესებუას და ზურაბ მესტვირიშვილის თბილისური დუეტი გადამწყვეტ პაექრობაში სლოვაკურ წყვილთან 2:6 დამარცხდა, ხოლო ვაჟთა ნაკრებმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა იტალიასთან 0:6 დათმო.

შერეულ წყვილებში ჩვენები თავდაპირველად ისვენებდნენ, მერე ავსტრიას 6:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი ასეთივე ანგარიშით მომავალ ჩემპიონ იტალიასთან წააგეს.

იტალიასთან ჩვენებს ბოლო სეტში კი მიეცათ რაღაც შანსი, როცა დამატებითში შეეძლოთ პაექრობის გადაყვანა, მაგრამ ერთი ქულით - 34:35 წააგეს ლუჩია ბოარისა და ემანუელ მაგრინის წყვილთან. მარეკ დუბასაკისა და ალექსანდრა ლონგოვას სლოვაკურ დუეტთან შეხვედრა აღმავლობით კი დაიწყეს - პირველი სეტი 38:36 მოუგეს, თუმცა მომდევნოები 33:35; 32:39; 37:38 დათმეს. აქ საჩემპიონო დავაში იტალიელებმა ესტონელებს მოუგეს.

გუნდურ პირველობაში მესტვირიშვილის, ფხაკაძის და მოსეშვილის სამეულმა ერთი შეხვედრა მოიგო - 6:2 ლუქსემბურგთან (47:51; 56:54; 51:50; 51:49), მერე კი მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან 0:6 წააგო (47:48; 53:56; 50:53) და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ვერც იქ გაუწიეს ჯეროვანი წინააღმდეგობა იტალიას - 0:6 (54:56; 52:58; 54:58). რუსები ზედიზედ მეორე ფინალში გავიდნენ, მაგრამ ამჯერად უკრაინელებმა არ გაახარეს - გადასროლაში 5:4 მოუგეს.

ესებუა და მესტვირიშვილი პირად პირველობაშიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდნენ: პირველი მეოთხედფინალში გავიდა, მეორე - მერვედფინალში.

ქალებში პლეი ოფის პირველ წრეში ოთხივე ჩვენებური ისვენებდა. მეორეში ესებუამ ესტონელი ლაურა ნურმასლუ 6:4 დაამარცხა საკმაოდ დაძაბულ პაექრობაში. თავდაპირველად ჩვენი ლიდერი ჩამორჩა - 24:26, მაგრამ მომდევნო სეტებში 28:26; 28:24 იმარჯვა და საერთო ანგარიშში 4:2 დაწინაურდა. მეოთხე სეტი ისევ ესტონელმა მოიგო - 26:25 და ანგარიში 4:4 გახდა, თუმცა აქ ესებუამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და მეხუთეში 27:25 იმარჯვა.

მეოთხედფინალი მან შემართებით კი დაიწყო იტალიელ ვანესა ლანდისთან - პირველი სეტი 29:27 მოუგო, თუმცა მომდევნო სამი 27:29; 25:26; 25:28 დათმო და საერთო ანგარიშით 2:6 წააგო. ლანდიმ მანამ ნარიმანიძეც დაამარცხა, თუმცა - გადასროლაში. ძირითადი და დამატებითი სერიების შემდეგ აქ ანგარიში 5:5 იყო და დაინიშნა თითო გასროლა. ორივემ ისარი 10-იანში გაარტყა, თუმცა ცენტრთან უფრო ახლოს ლანდის ნასროლი აღმოჩნდა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ციკო ფუტკარაძემ ავსტრიელ ნინა რაისთან 0:6 წააგო (24:26; 21:23; 23:30), მახარაძემ კი გაცილებით დიდი ბრძოლა გაუმართა პოლონელ ადრიანა ტრჟებინსკას - 4:6 დათმო. პირველი ოთხი სეტის განმავლობაში უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა და საყაიმო ანგარიში იყო: 4:4. მახარაძემ მოიგო პირველი და მესამე სეტები: 22:21 და 28:22. სამაგიეროდ, მეორე და მეოთხე 18:23 და 23:26 წააგო.

გადამწყვეტი მეხუთე სეტი გამოდგა, რომელშიც პოლონელმა 23:22 იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მიიღო. ქალებში ჩემპიონი რუსი ბალჟინ დორჟიევა გახდა, ვინც ფინალში ზემოხსენებული იტალიელი ლუჩია ბოარი დაამარცხა, ბრინჯაო კი უკრაინელმა ვერონიკა მარჩენკომ მოიპოვა.

მესტვირიშვილმა პლეი ოფში პოლონელებს დააყრევინა ფარ-ხმალი: პირველ წრეში რომან პეკალსკის 7:1 მოუგო (27:20; 27:25; 24:24; 26:23), მეორეში კი სებასტიან ბატორს 6:2 აჯობა (26:22; 27:20; 25:26; 28:24). ამის შემდეგ ჩვენებური რუს მერგენ-კერელ სარიგლართან 2:6 დამარცხდა (27:28; 25:23; 25:28; 22:29), ვინც მანამ უკრაინელთა ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ რიბანი გამოაგდო.

ჩვენი ვაჟებიდან ერთი წრე ქუთაისელმა ჯაბა მოსეშვილმაც გაიარა და მანაც პოლონელს მოუგო - ადამ სციბსკის გადასროლაში, 9:9-ზე მხოლოდ იმის ხარჯზე აჯობა, რომ მისი ისარი წრის შუაგულთან უფრო ახლოს იყო: 6:5 მის სასარგებლოდ. ამის შემდეგ ჩვენებური უკრაინელ ჰეორჰი ივანიცკისთან 0:6 დამარცხდა.

ქუთაისელმა ლაშა ფხაკაძემ პირველივე წრეში ესტონელ მარტინ რისტთან ასევე გადასროლაში 5:6 წააგო. მან დამატებითი გასროლა 8:9 დათმო. ხელვაჩაურელი მამუკა შუშაძე რუს ალდარ გომბოჟაროვთან 2:6 მარცხით გამოეთიშა ტურნირს (27:29; 24:27; 27:26; 26:27). ვაჟებში პოლონელმა მაციეჟ ფალძინსკიმ გაიმარჯვა. მეორეზე ხორვატი მატიას მიჰალიკი გავიდა, მესამეზე - პოლონელი კასპერ სირაკოვსკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უდიდესი წარმატებაა, გილოცავთ!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული