ძლიერი ტურნირის კარგი სტარტი

AutoSharing Option
ამერიკულ ოგდენში დაწყებული მსოფლიოს თასი საკმაოდ ძლიერი ტურნირი გამოდგა იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ნაკრები გადახალისებული შემადგენლობითაა ჩასული, ხოლო უკრაინა და ბელარუსი საერთოდ არ მონაწილეობენ. ჩინელებს არ ჰყავთ ოლიმპიური ჩემპიონი ჟუან-ჟუან ჭანგი, რომელმაც კორეელთა 20-წლიანი ჰეგემონია დაამხო - მას შემდეგ, რაც 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე ქეთევან ლოსაბერიძემ გაიმარჯვა, პეკინის თამაშებამდე უკლებლივ ყველა ოლიმპიადა სამხრეთ კორეელებმა მოიგეს. ვერ გეტყვით, მშობლიურმა კედლებმა შეჰმატა ძალა თუ რა იყო, მაგრამ პეკინში ჭანგმა კორეელთა ბატონობა თუ არ დაამხო, დროებით მაინც შეარყია. თავის მხრივ, კორეელებმაც ამერიკაში ტიტულოვანთაგან
მხოლოდ პეკინის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ოკ-ჰეე იუნი ჩაიყვანეს, ბოლო წლებში იქაურთა გამოკვეთილი ლიდერი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი სუნგ-ჰიუნ პარკი კი ამჯერად არ გამოდის. ევროპელთაგან თვალშისაცემია ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და ოლიმპიურ პრიზიორ ალისონ ვილიამსონის არყოფნა. ერთი მონაწილით - იუსტინე მოსპინეკითაა წარმოდგენილი ევროპის ერთ-ერთი სოლიდური გუნდი პოლონეთი. სამაგიეროდ, იტალიელებმა ჩაიყვანეს თავისი მოლდოველი რძალი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჯერ კიდევ ყოფილი სსრკ-ს დროიდან ნატალია ვალეევა, რომელიც ბოლო ხანებში იშვიათად გამოდის. მთლიანობაში, ოგდენში 69 მონაწილე შეიკრიბა.

ასეთ სოლიდურ ტურნირში ქართულმა სამეულმა საკმაოდ დამაიმედებელი სტარტი აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენი გუნდის ლიდერმა ხათუნა ნარიმანიძემ 13-ე ადგილით დაასრულა - 323 ქულა. მოულოდნელად ჩვენებურთაგან მეორე შედეგი ასმათ დიასამიძემ აჩვენა - 312 ქულა და 43-ე ადგილი. ქრისტინე ესებუას მონაგარი 310 ქულაა, რაც 48-ე შედეგია.

მოლოდინისამებრ, ლიდერობა აზიელებმა ჩაიგდეს ხელთ - რვა მოწინავეს შორის შვიდი იქაურია. ამათგან ოთხი კორეელია, ორი - ჩინელი და ერთი - ტაივანელი. ამ ოქტეტში შეღწევა მხოლოდ ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა ბერენჟერე შუმ მოახერხა, რომელიც მეორეზეა და მთლიანად კორეელთა გარემოცვაშია მოქცეული.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენებურთა მაჩვენებელი 945 ქულა აღმოჩნდა, რაც მეთორმეტე შედეგია. პლეი ოფის პირველ წრეში ისინი მეხუთეზე მყოფ 960-ქულიან გერმანელებს ხვდებიან. თუმცა ეს შეხვედრა ხვალ იქნება, დღეს კი პლეი ოფები პირად პირველობაში ჩატარდება. ფინალური შეხვედრები 7 აგვისტოს გაიმართება და ამით ტურნირიც დამთავრდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული