"ევროპის დიდი პრიზი": ეჩმიაძინში ანტალიის წინ

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სომხურ ეჩმიაძინში დამთავრდა "ევროპის დიდი პრიზის" ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის ნაკრები მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში ისევ გამოჩნდა ტარიელ ქადიძე, რომელსაც დანებებული ჰქონდა თავი სპორტისთვის.

მის გარდა, სომხეთში ამ ნაკრებში მთლიანად ახალგაზრდები შედიოდნენ - არჩილ ფარსენაძე, გიგა კაკაბაძე და ზვიად დუმბაძე, თუმცა სამივე მათგანი ჯერ ისევ ჭაბუკთა ასაკისაა და გუნდის კანდიდატთა სიაში შედის. ქალთა ნაკრები თამაზ ფუტკარაძემ მთლიანად გამოცდილი მშვილდოსნებით დააკომპლექტა - ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე.

ტურნირი ევროპული სახელობისა კი იყო და ევროპული ფედერაცია
ატარებდა, მაგრამ მშვილდოსნობაში რეგიონული დაყოფა მხოლოდ კონტინენტურ პირველობებზე ვრცელდება, მსგავს შეჯიბრებებში მონაწილეობა კი სხვა კონტინენტების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

ეჩმიაძინში არაევროპელთაგან აზიელები - ჩინელები და მალაიზიელები ჩავიდნენ, თუმცა მსროლელთა უმეტესობას მაინც მასპინძლები და ყოფილი პოსტსაბჭოელები შეადგენდნენ.

ვაჟთა საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენებიდან ყველაზე უკეთ ფარსენაძე გამოვიდა - 1224 ქულა და მე-19 ადგილი 35 მონაწილეს შორის. ქადიძემ 1190 დააგროვა, რაც 22-ე შედეგი აღმოჩნდა. კაკაბაძე 1082 ქულით 31-ზე გავიდა, დუმბაძე კი 675-ით - 35-ზე.

აღსანიშნავია, რომ ფარსენაძემ ორიოდე კვირის წინ ლუბლიანაშიც იასპარეზა ასევე ევროპის თასზე, ოღონდ ის ახალგაზრდებისა და ჭაბუკებისა იყო, სადაც სწორედ 17-წლიანებში ისროლა. იქ მან 1285 ქულა დააგროვა, ანუ ახლანდელზე გვარიანად ბევრი, მაგრამ სლოვენიაში უფრო მოკლე დისტანციებზე ისროლა, ეჩმიაძინში კი უფროსთათვის განკუთვნილებზე გამოვიდა.

თუმცა ამ ორ ტურნირზე საზიარო მანძილებს თუ შევადარებთ, შედეგი არც ისე ცუდია - 70 მეტრზე სლოვენიაში 305 ქულა დააგროვა, ახლა - 302. 30-იანზე ამჯერად უკეთესი შედეგი ჰქონდა - 341 მაშინდელი 338-ის წილ; აი, 50-იანზე კი გვარიანად ჩამორჩა იქაურ 324-ს - 300 ქულა სომხეთში. თუმცა კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრია, სომხეთში კი უფროსებში გამოდიოდა.

ქალთა ქართულ ტრიოში ყველაზე უკეთ დიასამიძემ ისროლა - მე-17 ადგილი 1270 ქულით. ნარიმანიძე 1236-ით 21-ეზე გავიდა, ვერულიძე 1232-ით - 22-ეზე. სამწუხაროდ, ეს შედეგები ბევრად ჩამორჩება იმ კვოტას, რაც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციამ ქალთა ნაკრების წევრებს ეროვნულ გუნდში მოსახვედრად დაუწესა - 1320 ქულა. თუმცა იმედია, სპორტსმენები მოუმატებენ, რადგან სეზონის მთავარი ტურნირები ჯერ კიდევ წინაა და მათთვის მზადების დასკვნით ეტაპს ახლა იწყებენ. თან ახლა ეჩმიაძინში არ გამოდიოდა გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა.

* * *
შერეული წყვილი ამჯერად ფარსენაძემ და დიასამიძემ შეადგინეს, როგორც თავიანთ გუნდებში საუკეთესოებმა. მათ ჯამში 2494 ქულა დაუგროვდათ, რაც მე-6 შედეგი აღმოჩნდა. გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა სამეულმა - ფარსენაძემ, ქადიძემ და კაკაბაძემ ჯამში 3496 ქულა დააგროვეს და მე-7 ადგილზე გავიდნენ, ქალებს კი 3738 დაუგროვდათ და მე-5 საფეხურზე დადგნენ.

გუნდურში პლეი ოფში ორივე გუნდი პირველივე წრეში ჩინელებს გადაეყარა. მართალია, ისინი სომხეთში გადახალისებული გუნდით ჩავიდნენ, მაგრამ იქ ისეთი კონკურენციაა, ნებისმიერი ნაკრები ანგარიშგასაწევია და ორივე ტურნირში წავაგეთ. ქალებმა 194:216 დათმეს, ვაჟებმა - 195:207.

პლეი ოფის პირველ წრეში მეტოქედ რაფალ დობროვოლსკისა და კარინა ლიპიარსკას პოლონური წყვილი გვერგო, რომელთანაც ჩვენებმა 137:145 წააგეს.

* * *
სამწუხაროდ, დიდი წარმატებით ვერც პირადი პირველობის პლეი ოფში ვისროლეთ. ვაჟებში პირველი შეხვედრა მხოლოდ გიგა კაკაბაძემ მოიგო - მასპინძელ გრიგორ დოვმალიანს 6:4 აჯობა. პირველ წრეში, მის გარდა, მხოლოდ დუმბაძე ისროდა, მაგრამ ისევ სომეხ ჰამლეტ მარტიროსიანთან 0:6 წააგო. მეორე წრეში კაკაბაძე რუს ალექსანდრე კოზინთან 3:7 დამარცხდა, ქადიძემ და ფარსენაძემ ერთნაირი ანგარიშით - 4:6 დათმეს პოლონელებთან, შესაბამისად, სლავომირ ნაპლოსზეკთან და მაციეჟ ფალდზინსკისთან. ორივე ჩვენებურს შეხვედრის გადარჩენის შანსი დამატებით, მეხუთე სერიაში ჰქონდა, მაგრამ ფარსენაძემ 23:25 წააგო, ქადიძემ კი ფრედ დაასრულა - 23:23.

ქალებში ჩვენები პირველ წრეში ისვენებდნენ, მეორე კი გადაულახავი მხოლოდ ვერულიძისთვის აღმოჩნდა - უკრაინელ ნინა მილჩენკოსთან 0:6 წააგო. დიასამიძემ პოლონელი იოანა რზასა 7:3 დაამარცხა, ნარიმანიძემ - ჩინელი რუნინგ ჯი - 6:4.

აქ პირველი სეტი ფრედ დასრულდა - 28:28. მეორე მინიმალური სხვაობით, 28:27 ჩინელმა მოიგო და სეტებშიც დაწინაურდა, მაგრამ ნარიმანიძე არ გატყდა და მესამეში 5-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა - 28:23. მეოთხე პერიოდიც ყაიმით დასრულდა - 25-25. ამდენად, ნარიმანიძეს გადამწყვეტსა და დასკვნით მეხუთე სეტში მორიგი ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ იქაც იმარჯვა - 28:26.

სამწუხაროდ, მესამე წრეში ორივე ჩვენებური დამარცხდა - დიასამიძემ საკმაოდ გამოცდილ რუს ანა ბომბოევასთან 2:6 წააგო, ნარიმანიძემ კი მეორე რუს ტატიანა ბილტრიკოვას ბარიერი ვერ გადალახა. თუმცა ეს დრამატული პაექრობა გამოდგა და დამატებითში გადაიზარდა, ჩვენებურმა კი კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი.

აქ ძირითადი სერია ფრედ დასრულდა - 5:5. პირველი სამი სეტის შემდეგ რუსი 2:1 იგებდა, მეოთხე პერიოდი ფრედ დასრულდა, ნარიმანიძემ კი მოიგო მეხუთე, რითაც ანგარიში გაათანაბრა.

ცხადია, ბოლო სერიაში ძალების მობილიზებას დიდი შემართება სჭირდებოდა, რაც ჩვენებურმა შეძლო. დამატებითი გასროლა ორივემ ერთნაირი შედეგით დაასრულა - 8:8, თუმცა ცენტრთან უფრო ახლოს ბილტრიკოვას ისარი აღმოჩნდა და ტურნირშიც მან გააგრძელა გამოსვლა, მაგრამ შორს ვერ წავიდა - მომდევნო წრეშივე წააგო.

ქალთა შორის ჩემპიონი პოლონელი ნატალია ლესნიაკი გახდა, რომელმაც ფინალში უკრაინელ დარია პავლიჩენკოს 6:4 მოუგო, მესამეზე კი ჩინელი ჯიამან ლი გავიდა.

ვაჟებში ოქრო რუსმა ბაირ ბადენოვმა მოიპოვა, ვერცხლი - საკვალიფიკაციო ეტაპის მომგებმა ჩინელმა ლეი გუომ, ბრინჯაო - ზემოხსენებულმა დობროვოლსკიმ. შერეულ წყვილებში რუსებმა გაიმარჯვეს, ჩინელები მეორეზე გავიდნენ, პოლონელები - მესამეზე.

ქალებში გუნდური პირველობა პოლონელებმა მოიგეს, ვერცხლი რუსებს დარჩათ, ბრინჯაო - ჩინელებს. ვაჟებში კი საპრიზო სამეული ასე განაწილდა: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა.

10-16 ივნისს ჩვენი გუნდები ანტალიაში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპში გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული