მშვილდოსნობა. მსოფლიოს თასი: ქალებმა ანტალიაში იჩუბინეს

AutoSharing Option
ანტალიაში დაწყებულ მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე გათამაშებაში წარმატებით ჩაებნენ ჩვენი ქალები - გუნდურში X ადგილზე გავიდნენ.

27 მაისს გამართული პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპში ყველაზე უკეთ ფედერაციის პრეზიდენტმა, ევროპის ზამთრის ვიცე-ჩემპიონმა ხათუნა ნარიმანიძემ ისროლა, ვინც 647 ქულით მე-19 ადგილზე გავიდა. იულია ლობჟანიძე 638-ით 33-ეა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა კი 619-ით - 62-ე.

ქალთა ტურნირში მეოთხე მონაწილეც გვყავდა - ნარიმანიძის შვილი ციკო ფუტკარაძე, ვინც ასაკით ჯერ ახალგაზრდაა. ეს მის შედეგებსაც დაეტყო - 594 ქულა დააგროვა, რაც 125 მონაწილეს შორის 99-ე შედეგი
აღმოჩნდა.

გუნდურ ჩათვლაში სამი საუკეთესო წევრის შედეგი შედის, ჩვენს დაწინაურებულ სამეულს კი 1904 ქულა დაუგროვდა, რაც მეათე შედეგი აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ეს არაა საპრიზო სამეული და იქნებ ბევრმა გაიკვირვოს, წარმატებად რომ შევაფასეთ, მაგრამ არც გასაკრიტიკებელი შედეგია. მით უფრო, იმ ფონზე, რა პირობებშიც დღეს ჩვენში მშვილდოსნობაა. თან გუშინაც ვწერდით, რომ ეს უძლიერესი შეჯიბრებაა - 55 ქვეყანა გამოდის, ასევე უძლიერესი ჩუბინებით.

წარმატებად მიგვაჩნია იმ ფონზეც, რომ ასეთ ძლიერ კონკურენციას ვერ გაუძლეს და პლეი ოფის, ანუ 16 მოწინავე გუნდის მიღმა დარჩნენ ისეთი ძლიერი ნაკრებები, როგორებიცაა ევროპის ჩემპიონის მფლობელი საფრანგეთი (სხვათა შორის, კონტინენტის ის ჩემპიონი ბერენჟერე შუც გამოდის ანტალიაში), პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, ირანი, ხოლო პლეი ოფში გასულთაგან საგრძნობლად ჩამოიტოვეს მშვილდოსნობის აღიარებული ლიდერები: გუნდურში მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული, პირადში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონის პატრონი იტალია, გუნდურში მსოფლიოს ფინალისტი ინდოეთი, დანია, ბელორუსი, უკრაინა და ბრიტანეთი...

ამასთან, ქართველი ქალები მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩნენ წინ მდგომ ესპანეთს.

გუნდურის პლეი ოფი ხვალ, 29 მაისს დაიწყება და ჩვენების პირველი მეტოქე მეშვიდეზე გასული მექსიკაა, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადის მედალოსანთაგან შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი აიდა რომანი ჰყავს, მესამე პრიზიორი მარიანა ავიტია კი ბოლო პერიოდში გუნდში ვერ ხვდება.

მექსიკა რთული მეტოქეა, ამ წყვილში გამარჯვებულს კი უკრაინასა და ტაივანს შორის მოგებული ელოდება. აქვე შევნიშნავთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი სწორედ ტაივანელმა ია-ტინ ტანმა მოიგო 673 ქულით, ვინც უკან ჩამოიტოვა სამხრეთკორეელთა კვარტეტი. ამერიკაში გადასული ჩვენი თანამემამულე ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) მეექვსეა 669-ით.

სამწუხაროდ, ჩვენი ვაჟები ასეთი წარმატებით არ გამოსულან - მათგან საუკეთესო ლაშა ფხაკაძე 65-ეა 648 ქულით. ჯაბა მოსეშვილი 93-ეა 639-ით, ხოლო არჩილ ფარსენაძე 147 მონაწილეს შორის 139-ეა 601 ქულით.

ბუნებრივია, ისინი გუნდურის პლეი ოფში ვერ მოხვდნენ - ამ სამეულს ჯამში 1888 ქულა დაუგროვდა, რაც 29-ე შედეგი აღმოჩნდა. თუმცა აქ გუნდურში დიდი იმედი არც გვქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამან წარმოუდგენლად გვაზარალა შერეულ წყვილებში.

მოგეხსენებათ, ეს დუეტი ქალთა და ვაჟთა შორის გუნდის საუკეთესოთაგან იქმნება, ანუ ამჯერად ნარიმანიძე-ფხაკაძემ შეადგინეს, რომლებიც 1295 ქულით მე-17 ადგილზე გავიდნენ და, შეიძლება ითქვას, ცხვირწინ მოუხურეს პლეი ოფის კარი. თან, არ გეგონოთ, პლეი ოფამდე ქულებით დააკლდათ ბევრი - მე-16 ადგილზე გასულ დანიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.

სამწუხაროა ფხაკაძის გამოსვლა - მას გაცილებით ბევრი შეუძლია, საქართველოს რეკორდი 673 ქულით დაამყარა, ახლა კი ამ ნიშნულს ბევრად ჩამორჩა. რამდენიმე, თუნდაც 2-3 ქულით მეტიც რომ გაეკეთებინა, მედლებისთვის ბრძოლასაც გააგრძელებდნენ.

პირად პირველობაში პლეი ოფები ანტალიაში დღეს, 28 მაისს დაიწყება და ნახევარფინალების ჩათვლით ჩატარდება. ჩვენი მონაწილეებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ფარსენაძე ვერ გავიდა. პირველ წრეში ლობჟანიძე ბრაზილიელ ანე მარსელა დოს სანტოსს შეხვდება, ამათში მოგებულს კი მომდევნო წრეში რუს ინა სტეპანოვასა და შვედ ერიკა იანგნას შორის უმჯობესი შეხვდება.

ვფიქრობთ, ჩვენი ქალებიდან ყველაზე მეტად ნარიმანიძეს არ გაუმართლა. პირველ წრეში კი ჰყავს შედარებით სუსტი მეტოქე - ბულგარელი დობრომირა დანაილოვა, მაგრამ 1/24-ფინალში გასვლის შემთხვევაში იტალიელთა მოლდოველი რძალი, მსოფლიოს ოთხგზის გამარჯვებული (ორჯერ პირადში და ამდენჯერვე გუნდურში) ნატალია ვალეევა ელოდება, ვისაც მანამდე არ უნდა გაუჭირდეს ფრანგი სოლენე ტომას დამარცხება.

თუმცა ერთიცაა - ვალეევას ოლიმპიადის შემდეგ ნამდვილად არ უდგას კარგი დროება და ახლაც ანტალიაში შესარჩევი ეტაპი 615 ქულით და 67-ე ადგილზე დაამთავრა.

ღმერთმა ქნას, ნარიმანიძემ ეს წრეც გაიაროს, მესამე ეტაპზე კი, ვინძლო, თანაგუნდელებთან ან სულაც საკუთარ შვილთან მოუწიოს დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ეს შესაძლებელია, პრაქტიკულად კი, რამდენადაა განხორციელებადი, ვნახოთ.

პირველ წრეში ესებუა თურქ იასემინ ეცემ ანაგოზის ხვდება, ფუტკარაძე - ჩინელ ჯიახინ ვუს. ჩვენებურებმა თუ იმარჯვეს, მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან, იქ მოგებული კი 1/16-ფინალში ნარიმანიძის ბადიდან გასულს დაუპირისპირდება.

ფხაკაძე პირველ წრეში ინდოელ რანჯიტ ნაიკს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი გერმანელ სიმონ ნესემანსა და ჰოლანდიელ სჯეფ ვან დენ ბერგს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

მოსეშვილის პირველი მეტოქე ბელგიელი ბენ ადრიანსენია, მეორე წრეში გასვლისას კი ან ავსტრალიელ რაიან ტიაციკს, ან რუს ბაირ ციბეკდორჟიევს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული