"ვფიქრობ, ღმერთმაც გადმოგვხედა, რადგან წინა მსოფლიოზე ლიცენზიები წაგვართვეს"

AutoSharing Option
ფოტოზე: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე
კოპენჰაგენში ჩატარებული მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი უაღრესად წარმატებული გამოდგა ქართველი მსროლელებისთვის - ქალთა ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

ამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ხათუნა ნარიმანიძე გვესაუბრება.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ამდენი მონაწილე არასოდეს ყოფილა - გვითხრა მან. ვაჟებში 212 მონაწილე იყო, ქალებში - 157. არადა, წინა მსოფლიოზე 102 იყო, კარგად მახსოვს. ესეც დასაფიქრებელი იყო, რა ტაქტიკით უნდა გვემუშავა, რა უნდა გაგვეკეთებინა.

დანიაში 3 დღით ადრე წავედი, კონგრესს ვესწრებოდი და
იქ ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ვეღარ არკვევდნენ, რომელი გუნდი სუსტია და ვინ ძლიერი. ყველას რუსი მწვრთნელი ჰყავს, ამერიკაშიც კი, ყველას აქვს ახალი იარაღი და ინვენტარი...

საბედნიეროდ, ჩვენმა ტაქტიკამ და ერთწლიანმა შრომამ გაამართლა. ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიანაც გაგვიმართლა. თავიდან ერთ ლიცენზიას მაინც ვგეგმავდით, თუმცა სამი მოვიპოვეთ.

ზემოხსენებულ კონგრესზე ვერცხლის თასით დამაჯილდოეს, როგორც სპორტსმენი და წარმატებული პრეზიდენტი.

- პლეი ოფის პირველივე წრეში იტალიასთან მოგება, თავისი წინაპირობით და ორი წლის წინანდელი სკანდალით, ორმაგად გამორჩეული გამოდგა...
- იტალიელებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ერთმა უცხოელმა მწვრთნელმაც კი მომწერა, ძალიან გამიხარდა, იტალიას რომ მოუგეთ, რადგან ტურინში თქვენ გეკუთვნოდათ ლიცენზიაო. მაშინ მეც აღვნიშნე, რომ იტალიელებმა მაფიოზური მეთოდებით წაგვართვეს საგზური-მეთქი. ამ შეხვედრის წინ იტალიის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიო სკარცელამ, ვინც, პარალელურად, ევროპული ფედერაციის ხელმძღვანელი და მსოფლიოს ვიცე-პრეზიდენტია, მითხრა, რევანში გვაქვს ასაღები, ოთხი წლის შემდეგ ისევ ვხვდებით ერთმანეთსო.

მაშინ იულია ლობჟანიძე არ იყო საქართველოში გადმოსული, მის ნაცვლად ასმათ დიასამიძე ისროდა, მე და ქრისტინე ესებუას კი კარგად გვახსოვდა მაშინდელი გამწარება. იმდენად მოვინდომეთ და მოვიკრიბეთ ძალა, რომ დავამარცხეთ იტალია.

ვფიქრობ, ღმერთმაც გადმოგვხედა, რადგან წინა მსოფლიოზე ლიცენზიები წაგვართვეს. რაც მაშინ მოხდა, ასეთი რამ მშვილდოსნობაში არ ხდება - აქ და ტყვიის სროლაში ხომ შვილსაც ვერ დაეხმარები, ისეთი სახეობებია. სადაც მოხვდება ნასროლი, ეგაა, მაგრამ მაშინ იტალიელებმა ყველაფერი ფარებს დააბრალეს და მოგებული შეხვედრა თავიდან გვასროლინეს. მახსოვს, მაშინ ტურინში ვალეევამაც მოგვილოცა, თვითონ კი მშვილდი დაშალა, მაგრამ მერე თავიდან ააწყობინეს...

სკარცელა და იტალიელები დანიაში შეხვედრის შემდეგაც მოვიდნენ და მოგვილოცეს, დამსახურებულად მოიგეთო.

მოლდოველთა მწვრთნელი ტომაც მოვიდა მოსალოცად, ღმერთი ოთხი წელი ინახავდა ამ უსამართლობას და ახლა შეგეწიათ მოგებაში, დამსახურებულად გაიმარჯვეთო. წინა დღეს მან თავის თანამემამულეს და იტალიელთა ლიდერ ნატალია ვალეევას, ვისთან ერთადაც ადრე მოლდოვის ნაკრებში გამოდიოდა, უთხრა, ღმერთი დაგსჯით, რადგან ქართველებს წინა ოლიმპიადაზე მოპოვებული ლიცენზია წაართვით, რაკი ამათ არ ჰყავთ ევროპული ფედერაციის პრეზიდენტიო. ვალეევამაც მოგვილოცა წარმატება.

სხვათა შორის, იტალიელებს შერეულ წყვილებშიც მოვუგეთ მე და ლაშა ფხაკაძემ, მერე კი პირადშიც დავამარცხე მათი წარმომადგენელი. სკარცელა მეხუმრებოდა, ყველგან დაგვაკარგინე ლიცენზიაო...

გუნდურში იტალიელების შემდეგ სამხრეთ კორეას შევხვდით. პირველი სეტი მოვუგეთ, მეორე ფრედ დავასრულეთ, მერე კი ქულა-ქულაში მიდიოდა შეხვედრა, საბოლოოდ კი მშვილდოსნობაში უძლიერესმა კორეამ მოიგო.

- საკვალიფიკაციოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიისგან IX ადგილი ძალიან უცნაური იყო...
- წინასწარ ვერ გათვლი ვერაფერს. თან რთულ პირობებში ტარდებოდა ჩემპიონატი - მზე და სიცხე სადმე თუ იყო დედამიწაზე, ვერ იფიქრებდით. ისე წვიმდა და ისეთი ქარი იყო კოპენჰაგენში, 5 მეტრის იქით ხილვადობა არ იყო. ნახევარი საათით შეჯიბრებაც კი შეწყვიტეს - 1991 წლიდან მოყოლებული, აქტიურ სპორტში ვარ და ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.

მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდის წევრებს, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა. ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ, ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია და მათი ნდობა დავიმსახურე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა.

ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და აქამდე თუ ლიცენზია იყო მთავარი, ახლა მედალია უმთავრესი სამიზნე. მოვიდა რწმენა იმისი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ახლა მთავარია, ბიჭებს მივაქციოთ მეტი ყურადღება. მათ კიდევ დარჩათ ლიცენზიების მოპოვების შანსი - ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს თასზე როგორც პირადში, ასევე - გუნდურში, სადაც ლიცენზიები იმავე პრინციპით ჩატარდება. ვიმედოვნებ, ერთი საგზური აუცილებლად გვექნება.

- პირადში ჩვენი გუნდის გამოსვლას როგორ აფასებთ?
- ესებუამ კარგად ისროლა, თუმცა ვარჯიშებზე უფრო მეტს აჩვენებდა და ახლაც მეტს ველოდით. ფორმაში იყო და მეგონა, ჩემზე მეტ ქულასაც დააგროვებდა. მან ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა, ახლა კი დავით ლეკვეიშვილთან ვარჯიშობს. რაც მთავარია, ირწმუნა მწვრთნელის. თუმცა შეჯიბრებისას ქარი ქროდა და ალღო ვერ აუღო... სამაგიეროდ, გუნდურში კარგად გამოვიდა. იმ ქარს მე შედარებით იოლად შევეგუე, განსაკუთრებით - მეორე სერიაში.

შეკრებებზე ლობჟანიძეც კარგად ისროდა, ახალი ისრებიც შევუძინეთ, მაგრამ იქ რა დაემართა, არ ვიცი. ვერც ვკითხეთ, რადგან ძალიან ნერვიულობს, მეორე დღეს კი გუნდური გვქონდა სასროლი იტალიასთან.

- იმ ფაქტს როგორი გამოხმაურება ჰქონდა, რომ ათეულში ევროპიდან მხოლოდ თქვენ იყავით?
- ვფიქრობ, მეტიც შემეძლო, საკუთარ თავზე მეტს თუ ვიმუშავებ ფსიქოლოგიურად. ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური მომზადება მაკლია, დანიაში კი ყველა მქომაგობდა.

პლეი ოფში რუსეთის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ იშეევი და მისი მეუღლე ნადიაც კი იდგნენ და მთელი ხმით მამხნევებდნენ. აზიელები და ევროპელები გაიყვნენ. ცხადია, ევროპიდან ყველა მე მიჭერდა მხარს. ფსიქოლოგიურად თავს ვერ ვიმორჩილებ, როგორც კი ნერვიულობას ვიწყებ, ისარიც გამირბის...

- ლაშა ფხაკაძის გამოსვლაზე რას იტყვით? ბაქოში დამყარებული თავისივე რეკორდი რომ გაემეორებინა, შესარჩევ ტურნირს მოიგებდა კიდეც...
- ლაშა კარგა ხანს მართლაც ლიდერობდა საკვალიფიკაციო ეტაპს, მაგრამ დაღუპა ზედმეტმა თავდაჯერებამ და სიამაყემ - ნაადრევად ირწმუნა მოგება. ის ჯერ 21 წლისაა, მსოფლიოზე კი 212 სპორტსმენი გამოდიოდა და 8 საუკეთესოში რომ მოხვედრილიყო, ლიცენზიასაც მიიღებდა. სტადიონის დიქტორიც აცხადებდა, რომ ის ახლგაზრდაა, პერსპექტიული, რომ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ამან დაღუპა - დასკვნით ეტაპზე მხოლოდ 40 ქულა მოიპოვა, რითაც პირველიდან მეორმოცე ადგილზე გადავარდა.

მას ბევრად მეტი შეუძლია - რაც დამოუკიდებელნი გავხდით, ასეთი მშვილდოსანი ვაჟი არ გვყოლია. პერსპექტიულია და შერეულ წყვილებშიც კარგად გამოვიდა. პირველი სეტი იქაც მოვუგეთ ჩინელებს, მეორე ფრედ დავასრულეთ, მაგრამ საბოლოოდ იგებს ის, ვინც ფსიქოლოგიურად უფრო კარგადაა მომზადებული. აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება და მომავალში სამინისტროს ვთხოვ, ერთ შეკრებაზე მაინც გამოგვაყოლონ ფსიქოლოგი.

ჩვენ უკვე ყველამ გვაღიარა სერიოზულ კონკურენტად. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ გუნდურში ლიცენზიები ევროპიდან მხოლოდ ჩვენ და რუსეთმა მოვიპოვეთ.

- უკვე სტაბილური გუნდი გახდით, ზამთრის შეჯიბრებაა თუ ზაფხულისა, უმედლოდ არსად რჩებით. ეს წარმატებები რამ გამოიწვია?
- ასეთი პირობები ჩვენს ფედერაციას აქამდე არ ჰქონია. არ მინდა, სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ რაც პრეზიდენტი გავხდი, არც ერთი შეჯიბრება არ ყოფილა, შეკრება რომ არ გაგვევლო. სტაბილურობა პირობების გაუმჯობესებამ და დაფინანსების გაზრდამ გამოიწვია. ბიუჯეტი 250 ათასი ლარია - ამხელა დაფინანსება არასოდეს ყოფილა. ადრე 200 ათასიც არ იყო, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტებისგან ვერც გაიგებდი, რამდენი გვქონდა ბიუჯეტი. რაა ამაში დასამალი?

- ვთქვათ, ეს თანხა რომ გაორმაგდეს, რა სიმაღლეზე ავა ქართული მშვილდოსნობა?
- მინდა, ყველას ვთხოვო - სამინისტროსაც, ოლიმპიურ კომიტეტსაც და ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ თბილისში ერთი სასროლეთი გააკეთონ, რათა სპორტსმენებმა 70 მეტრზე ივარჯიშონ. აქაურები ახლა დარბაზში ემზადებიან. პირადად ქრისტინე ესებუა იმდენად უხერხულ პირობებში ვარჯიშობს "ლოკომოტივზე", თქმაც კი მერიდება - გაუქმებულ საპირფარეშოში!

დიდი მადლობა იქაურ ადმინისტრაციას - ისინი ყველანაირად გვეხმარებიან, მაგრამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მეტს იმსახურებს. ასეთი პირობები ჩვენი დამცირებაა, მთელი მშვილდოსნობის.

ბათუმის პირობები აქაურთან შედარებით მეფურია, იქ პირობები მაინც გვაქვს. ეს იქაური ფედერაციის პრეზიდენტ ბადრი ვარშანიძის დამსახურებაა, რომლის მსგავსი ხელმძღვანელი არ გვყოლია - დარბაზიც გადახურა, ოთახიც გაგვიკეთა, პერიოდულად ვარჯიშებზეც მოდის და რაც შეუძლია, ყველანაირად გვეხმარება.

ბათუმში ანგისაში ვვარჯიშობთ, საიდანაც მოჭიდავეები გადავიდნენ ახალსოფელში და ჩვენ იმ დარბაზში ვემზადებით. გვაქვს მოედანი, სადაც 10 ფარი ეტევა. ქირას არ გვახდევინებენ და განსაზღვრული გრაფიკით ვემზადებით. ეგ კი არა, ამას წინათ თბილისიდან ზღვაზე ჩასულმა ბავშვებმა ითხოვეს ვარჯიში და იმათაც მივეცით ამის საშუალება.

- ინვენტარის პრობლემა რამდენადაა მოგვარებული?
- ამერიკელებმა გამოგვიგზავნეს მხოლოდ ფრთები, სამხრეები და სახელურები. სამწუხაროდ, ესებუას მალევე გაუტყდა და ახალი იარაღით ვერ ისროლა. ჩავიტანეთ კოპენჰაგენში და გაცვლა ვთხოვეთ. უარი არ უთქვამთ, მაგრამ გვითხრეს, ახლა ვერ გაგიცვლით, რიოს ოლიმპიადის წინ მოგცემთო. მერე სხვებმა გვითხრეს, თქვენ მაგათთვის სერიოზული კონკურენტები ხართ და რატომ მოგცემენ, უკვე ყიდვა მოგიწევთო.

ამერიკელებმა გუნდურში ლიცენზია ვერ აიღეს, მხოლოდ ხათუნა ქვრივიშვილმა მოიპოვა პირადში. ახლა სამინისტროსთან და ოლიმპიურ კომიტეტთან მოგვიწევს თხოვნა, რომ ეგებ დაგვეხმარონ, ისრების შეძენა აუცილებლად გვჭირდება.

კიდევ ვიმეორებ, რომ ამხელა დაფინანსება მშვილდოსნობას არ ჰქონია, მაგრამ ჩვენც დავუფასეთ ყველას თანადგომა, ახლა კი მეტი გვჭირდება.

- ბაზების პრობლემის მოგვარება და მასობრიობის გაზრდაც აუცილებელია...
- თბილისის ფედერაციაში რაღაც პრობლემებია, რაშიც ჯერ არ მინდა ჩარევა, მაგრამ სექტემბრამდე თუ არ მოგვარდა, აუცილებლად ჩავერევი. მასობრიობა თბილისს აქვს, მაგრამ სავარჯიშო ბაზა არაა, რა უნდა მოვთხოვო.

ბათუმში მასობრიობა ძალიან დიდია, მოდის და მოდის ნაკადი. ქუთაისშიც იზრდება ინტერესი და იქაურები შეკრებაზეც გამოვიძახე. ბათუმში ინვენტარიც არის, ქუთაისშიც ამარაგებს ადგილობრივი მერია. არის ჯგუფი ასპინძაშიც და გვინდოდა თელავშიც შეგვექმნა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული