მშვილდოსნობა. მსოფლიოს თასი: ქრისტინე ესებუას კარგი დროება

AutoSharing Option
შანხაიში დაიწყო მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. 27 აპრილს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, როგორც ქალებში, ისე - ვაჟებში.

ქალთა ტურნირში წარმატებით ჩაება მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, რომელმაც შესარჩევის პირველი ნახევარი არცთუ კარგად ჩაატარა - 322 ქულა მოაგროვა, მაგრამ შესვენების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მაჩვენებელი - 339 ქულა - და ჯამში 661 ქულა დააგროვა, რაც 95 მონაწილეს შორის მე-8 შედეგი აღმოჩნდა.

ესებუას ნამდვილად კარგი დროება უდგას - ორიოდე კვირის წინ სოფიაში, ევროპის "დიდ პრიზზე" ვერცხლი მოიპოვა.

ურიგოდ არც დანარჩენი ჩვენიანები გამოსულან: ჩვენი ფედერაციის
პრეზიდენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე 651 ქულით მე-20 ადგილზე გავიდა, იულია ლობჟანიძე კი 642-ით 36-ზე გავიდა.

ინდივიდუალურში ჩვენების შედეგი ურიგო არაა, რაც გუნდურ ჩათვლასაც დაეტყო - 1954 ქულით მეექვსეზე გავიდნენ და ხვალ პლეი ოფში ესპანელებს შეხვდებიან. ჩვენებს წინსვლის საკმაოდ რეალური შანსი აქვთ - ესპანელებს ისედაც არ ჰყავთ ძალიან ძლიერი მსროლელები, ახლანდელი გუნდი კი სულაც გადახალისებულია.

წარმატების შემთხვევაში ქართველები მერვედფინალში რუსეთსა და კოლუმბიას შორის მოგებულს შეხვდებიან. ხვალ პლეი ოფები ნახევარფინალების ჩათვლით გაიმართება, ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრები კი 1-ელ მაისს ჩატარდება.

პირადი პირველობის პლეი ოფები დღეს, 28 აპრილს დაიწყება, თუმცა ესებუა პირველ წრეში თავისუფალია. ნარიმანიძე კოლუმბიელ კაროლინა აგირეს ხვდება, ხოლო თუ დაამარცხებს, ინდოელ ლაქშმირანი მაჯის და დანიელ კარინა როსენვინგეს შორის უკეთესს გაეჯიბრება. ლობჟანიძე პირველ პაექრობას ავსტრალიელ სტელა ბირნესთან ჩაატარებს, 1/24-ფინალში კი გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება - ბელორუს ჰანა მარუსავასა და ინდონეზიელ ერვინა საფიტრის შორის გამარჯვებული.

პლეი ოფები აქაც ნახევარფინალების ჩათვლით ჩატარდება, ფინალები კი ისევ 1-ელ მაისს გაიმართება.

შანხაის ტურნირი ფეხბედნიერი გამოდგა ინდოელი დეეპიკა კუმარისთვის - შესარჩევ ტურნირში 686 ქულა დააგროვა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.

შანხაიში ერთი მონაწილე ვაჟთა ტურნირშიც გვყავს - ჯაბა მოსეშვილი, ვინც 660 ქულით 45-ე ადგილზეა. პლეი ოფში ისიც დღეს იასპარეზებს და ავსტრალიელ მეთიუ გრეის შეხვდება.

მოსეშვილის წაყვანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შერეულ წყვილებში გამოსვლის პერსპექტივა იყო. ამჯერად მასთან დუეტში ასპარეზობის უფლება ესებუამ მოიპოვა. მათ შესარჩევის შემდეგ 1321 ქულა დააგროვეს, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა და პლეი ოფშიც გავიდნენ, რომელიც გუშინვე ჩატარდა: ჩვენები პირველ წრეში კორეულ წყვილს გაეჯიბრნენ - არეუმ ჯოს და სეონ ჩეოლ პარკს. ამ წყვილში ფავორიტები აზიელები იყვნენ და ჩვენებმა სასწაული ვერ მოახდინეს, თუმცა დასაწყისი ისეთი გამოდგა, თითქოს სენსაციას წინ არაფერი ედგა: პირველი სეტი ფრედ დასრულდა - 37:37, მეორე კი ჩვენებმა 33:32 მოიგეს და საერთო ჩათვლაში 3:1 დაწინაურდნენ.

სამწუხაროდ, ქართულმა დუეტმა მეტი გმირობა ვეღარ ჩაიდინა და ჯერ მესამე სეტი დათმო - 33:35, რითაც საერთო ანგარიში გათანაბრდა, მერე კი დამატებითიც წააგო - 38:34. საბოლოოდ, ჩვენები 3:5 დამარცხდნენ.

არა გვგონია, დასკვნით სერიებში ჩვენების სუსტი გამოსვლის მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყოს. სავარაუდოდ, უფრო გამძლეობა არ ეყოთ. თუმცა ჯაბანნი არც კორეელები გამოდგნენ - ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ამერიკელებთან წააგეს და პირველ მაისს ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ინდოელებს შეხვდებიან, იმავე დღეს კი ოქროსთვის აშშ ტაივანს გაეპაექრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული