ნოტინგემში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 25 მაისს პლეი ოფი დაიწყო პირად პირველობაში. ჩატარდა 2 წრის შეხვედრები, შეჯიბრებას კი 6 ქართველიდან მხოლოდ შერეულ წყვილებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი წყვილი შემორჩა - ვაჟებში ლაშა ფხაკაძე და ქალებში ხათუნა ნარიმანიძე.
ქალები შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაებნენ, პირველში სამივე ჩვენებური ისვენებდა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნარიმანიძე ფრანგ ლაურა რუჟიეს შეხვდა და იოლად მოუგო - 7:1. აქ ფრედ მხოლოდ მეორე სეტი დასრულდა - 28:28, დანარჩენებში კი ჩვენებურმა 28:27; 28:26; 28:27 მოიგო. დღეს ის 1/16-ფინალში
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა თურქ აიბუკე აკტუნასთან 4:6 დამარცხდა. შეხვედრა ჩვენებურის უპირატესობით კი დაიწყო - პირველი სეტი 28:25 მოიგო, მაგრამ მერე ზედიზედ ორი დათმო (22:27; 27:29) და თურქი 4:2 დაწინაურდა. ესებუამ ერთხელაც გაიბრძოლა და მეოთხე სეტში 27:25 მოიგო. ამით საერთო ანგარიში 4:4 გახდა, მაგრამ თურქმა დამატებით სერიაში 27:23 იმარჯვა და მომდევნო წრეშიც გავიდა.
იულია ლობჟანიძეც 4:6 დამარცხდა შვეიცარიელ ვალენტინე დე ჟიულისთან. განსხვავება ისაა, რომ აქ ჩვენებური თავიდან სეტებში 0:2 ჩამორჩა (24:26; 25:28), რაც გააბათილა (26:24; 24:17). გამარჯვებულის ბედი აქაც დამატებით სერიაში გამოვლინდა, რომელშიც უფრო მტკიცე ნერვები შვეიცარიელს აღმოაჩნდა და 28:26 მოიგო.
ვაჟებში სამივე ქართველი პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში. ფხაკაძემ ორივე მეტოქეს, სლოვენიელ კლემენ სტაჟარსაც და ირლანდიელ მარტინ კუნინგემსაც ერთნაირი ანგარიშით, 7:1 აჯობა და დღეს 1/16-ფინალში რუს ალექსანდერ კოზინს შეხვდება.
ჩვენი ბიჭებიდან პირველი წრე ჯაბა მოსეშვილმაც გადალახა, თუმცა საამისოდ დამატებითი გასროლა დასჭირდა რუმინელ ანდრეი დანილასთან - 6:5. არადა, მოსეშვილი მხოლოდ ბოლო სეტის მოგებით გადაურჩა მარცხს. შეიძლება ითქვას, მოგება დიდწილად, რუმინელმაც დაკარგა, რადგან დასკვნით სერიაში ცუდად ისროლა, თუმცა ჩვენებურიც კარგად გაისარჯა - 28:25 მოიგო. პირველი სეტი ფრედ დასრულდა - 26:26. მეორე მოსეშვილმა მოიგო - 28:25 და საერთო ანგარიშით 3:1 დასრულდა. რუმინელმა იქვე გაათანაბრა ანგარიში (26:20), მეოთხეში კი 27:22 მოიგო და სულაც დაწინაურდა. მეხუთეზე უკვე გითხარით, დამატებითი ისარი კი უფრო ზუსტად ქართველმა ისროლა - 8:7 მოიგო.
ვლადიმერ დოლიძე ფრანგ მიშელ სანასთან 0:6 დამარცხდა.
ნოტინგემში დღესვე დაიწყება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოვლენ.
ფხაკაძე ხორვატ ალენ რემარს გაეჯიბრება, დანარჩენები კი ესტონელებს შეხვდებიან: დოლიძის მეტოქე იანუშ გროსია, მოსეშვილისა - მარტინ რისტი.
ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, აქაც მხოლოდ ორი წრის პაექრობები ჩატარდება, პლეი ოფები კი ხვალ დასრულდება. სწორედ ხვალ გავიგებთ იმ იღბლიანი სამეულის ვინაობას, რომლებიც ოლიმპიადის საგზურებს მიიღებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"