გუნდი უკვე მომწიფდა საამისოდ და თუ აქამდე საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებზე ან დარბაზის პირველობებზე აღწევდა წარმატებებს, უკვე ოლიმპიურ დისციპლინებზეც დაიწყო შედეგების ჩვენება. თანაც, ისეთი მაღალი რანგის ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია - მოგეხსენებათ, წინა კვირას ბრიტანულ ნოტინგემში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი მოიპოვეს, მხოლოდ ფინალური პაექრობა წააგეს უკრაინასთან, თორემ ბელორუსს, თურქეთსა და მასპინძელ ბრიტანეთს აჯობეს.
ამასობაში ვაჟთა ნაკრებიც თანდათან იხვეწება, თუმცა ჯერ მისი წევრები ძალზე ახალგაზრდები არიან. მათ ლიცენზიის მოსაპოვებლად
ანტალიაში ვაჟთა ნაკრებში ლაშა ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი, ვლადიმერ დოლიძე და ზურაბ მესტვირიშვილი გამოვლენ, ქალებში კი ლიცენზიანტთა სამეული - ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე - იასპარეზებს, რომლებსაც მეოთხე მონაწილედ ციკო ფუტკარაძე დაემატება.
თუმცა ანტალიაში წასვლამდე დოლიძე, მესტვირიშვილი და ფუტკარაძე საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელიც ამ შაბათ-კვირას გლდანში, ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის სტადიონზე ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატსა და დარჩენილ სალიცენზიო შეჯიბრებაზე, აგრეთვე - ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ გეგმაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე გვესაუბრება.
- რა იყო გუნდის მთავარი მიზანი ამ ტურნირზე და რამდენად შეძელით დასახული ამოცანის შესრულება?
- მთავარი მიზანი იყო, რომ ვაჟებს ერთი ლიცენზია მაინც აეღოთ, რაც, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ძალიან ცუდი ამინდი დაგვესწრო, რისთვისაც მზად არ ვიყავით. ბრიტანეთში ხშირად არ ტარდება შეჯიბრებები, იქ პირველად ვიყავით და არ გვეგონა, ასეთი სიცივე თუ იქნებოდა. მსროლელები თბილად ჩაცმულნი ისროდნენ და ყველამ დაბალი შედეგები აჩვენა. მაგალითად, ფრანგი ჟან-მიშელ ვალადონტი, ვინც ევროპის ჩემპიონი გახდა და სასტარტოშიც პირველი იყო, ულიცენზიოდ დარჩა.
ბიჭებმა გამოსვლა კარგად დაიწყეს, მაგრამ სიცივემაც იმოქმედა და ფსიქოლოგიურადაც ძნელია ასეთ ცაიტნოტში ბრძოლა. თან ჯერ ახალგაზრდებიც არიან, თუმცა იმედია, ანტალიაში უკეთ გამოვლენ. თვითონაც დაფიქრდნენ და დარწმუნდნენ, რომ ბოლომდეა მუშაობა საჭირო.
ახლა ერთკვირიანი შეკრება გვექნება ბათუმში, სადაც ცოტა განსხვავებულად იმუშავებენ - აქამდე თუ ძირითადად სასტარტოსთვის ვავარჯიშებდით და ვცდილობდით, მეტი გასროლა ჰქონოდათ, ახლა სპარინგებზე და გუნდურზეც ივარჯიშებენ, რათა მიეჩვიონ გუნდურს და სამი ისრით ბრძოლას. ახლა სასტარტო შედეგები არ იყო მაღალი და გუნდურში მე-18 ადგილზე გავედით, ანუ ვერ მოვხვდით პლეი ოფში, მაგრამ გასაკვირია, რომ უკრაინის ძლიერი ნაკრებიც მე-17 იყო და ვერც ისინი გავიდნენ.
სამაგიეროდ, ქალებმა კარგად იმუშავეს და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მეტიც შეეძლოთ, ფინალში უკრაინასთან მოგებაც შეიძლებოდა. ისინი ოლიმპიურ დისტანციაზე პირველად იბრძოდნენ ოქროს მედლისთვის, მაგრამ ცოტა გადაიღალნენ, ბევრი ლოდინი ცუდია, ემოციურად ვერ გაუძლეს. თან ფინალი ხომ ნახევარფინალიდან მესამე დღეს იმართებოდა, ფინალის დღესაც ჯერ ორი სერია გვასროლინეს, მერე სასტუმროში წაგვიყვანეს და საათ-ნახევარში ისევ სასროლეთზე დაგვაბრუნეს. ასე წინ და უკან გვატარეს, თუმცა, იმედია, ეს ამდენი წლევანდელი მედალი ოლიმპიადაზეც მოიტანს შედეგს.
- ძალიან დატვირთული ტურნირი გამოვიდა, ყველა ძლიერი მეტოქე შეგხვდათ და ყველასთან დიდი ბრძოლა დაგჭირდათ, ხოლო ორი პაექრობა დამატებით სერიაში მოიგეთ...
- ყველა მართლაც ძლიერი გუნდია - ბელორუსიც, თურქეთიც, რომელსაც შემადგენლობაში სალიცენზიო ტურნირის მომგები სპორტსმენი ჰყავდა, ხოლო ბრიტანეთი მასპინძელია... თან ბელორუსთან და თურქეთთან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა მოსაგებად, დამატებით სერიებში ვაჯობეთ. მხოლოდ ბრიტანეთს მოვუგეთ ძირითადში, მაგრამ ჩვენ სასტარტოში მე-12 ნომრად ვიყავით შესულები, ისინი - მერვეთი. ცხადია, მათ ქომაგიც მეტი ჰყავდათ, მაგრამ ჩვენ მთელი დსთ-ის სივრცე გვგულშემატკივრობდა. ამანაც გაჭრა და გოგოებმა კარგად იმუშავეს.
- როგორ ფიქრობთ, მაინც რის ხარჯზე მოიგეს ჩვენებმა ეს დაძაბული შეხვედრები?
- დამწყები არც ერთი არაა, ყველას დიდი გამოცდილება აქვს და ამის ხარჯზე მოიპოვეს ასეთი რთული გამარჯვებები - ნარიმანიძეც და ესებუაც მეოთხე ოლიმპიადაზე მიდიან. ლობჟანიძემ უკრაინის ნაკრებში გამოსვლისას კი მოიპოვა ათენის თამაშების საგზური, მაგრამ საბოლოოდ მწვრთნელმა მის ნაცვლად სხვა წაიყვანა საბერძნეთში. გამოცდილება მასაც აქვს და ჩვენს ყველა წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს.
- საინტერესოა, გადამწყვეტ სერიებს როგორი განწყობით ხვდებოდნენ - ნერვიულობა უფრო მეტი იყო თუ პირიქით, მობილიზება?
- ღიად არავინ იტყვის, რომ ნერვიულობს, მაგრამ ეს იგრძნობა მათ ნებისმიერ ქცევაში. თუმცა ყოველთვის ვეუბნებით, რომ დამშვიდდნენ და ისროლონ ისე, რომ ბოლომდე გამოავლინონ შესაძლებლობები. ამის მიუხედავად, ფინალი მაინც გაჭირდა უკრაინასთან.
- ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად დარჩენილ დროში ძირითადად რაზე გაამახვილებთ ყურადღებას?
- გვჭირდება ვარჯიშები ფინალურ ბრძოლებზე და გუნდურზე, რათა შედეგი უკეთესი იყოს. ევროპიდან გუნდური ლიცენზია მხოლოდ ჩვენ და რუსეთს გვაქვს, ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში შესვლა კი მხოლოდ ჩვენ შევძელით. ეს იმის საფუძველია, რომ გუნდმა ოლიმპიადაზეც უნდა იბრძოლოს მედლისთვის.
- დასასრულ, ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ გეგმაზეც ვთქვათ, სად და რა ეტაპებს გაივლით თამაშებამდე?
- უახლოესი ორშაბათიდან ბათუმში ხანმოკლე შეკრებას დავიწყებთ, მერე ანტალიაში ვიასპარეზებთ მსოფლიოს თასზე და იმის შემდეგ გადავწყვეტთ, სად გავიაროთ დასკვნითი შეკრება. გვინდა, ისეთი ქვეყანა შევარჩიოთ, კლიმატური პირობებით რიო დე ჟანეიროს მსგავსი რომ იყოს.
იქ მარტო ჩვენ ვიქნებით სავარჯიშოდ, ერთობლივი შეკრება არ გვსურს. ერთობლივი ვარჯიში გაზაფხულის დასაწყისში ანტალიაში ერთხელ უკვე გავიარეთ გახრამან ბაგატირის მემორიალზე, მაგრამ ვერ ვიმუშავეთ სათანადოდ - ცოტა გასროლა გვიწევდა, დღეში 100 ისარიც არ გამოგვდიოდა, რაც დაეტყო კიდეც ჩვენს გამოსვლას ბულგარეთში, ევროპის თასზე.
ანტალია კარგი ვარიანტია შეკრებისთვის, მაგრამ იქ ძალიან ცხელა, რიოში კი შედარებით დაბალი ტემპერატურაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"