ზაზა ნადირაძემ ნიჩბოსნობაში რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!

AutoSharing Option
19 მაისს, გერმანულ დუისბურგში დამთავრდა ნიჩბოსანთა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, რომელიც კანოე-კაიაკით მოასპარეზეთათვის ბოლო ოლიმპიური შანსი იყო. 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სხვადასხვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ეცილებოდა ერთმანეთს 3 საგზურში.

შესანიშნავი შედეგი აჩვენა მცხეთის სანიჩბოსნო სკოლის აღზრდილმა ზაზა ნადირაძემ (მწვრთნელი ნიკოლოზ გირდა): წინასწარი გაცურვისას დისტანცია მან 39.038 წამში დაფარა, რაც მეორე შედეგი აღმოჩნდა ესპანელი ალფონსო ბენავიდესის შემდეგ და პირდაპირ ფინალში გავიდა.

ქართველი ნიჩბოსანი გადამწყვეტი პაექრობის დროსაც მეორე იყო (40.013) ფინიშთან. ამჯერადაც ესპანელმა (39.245) გაუსწრო.

ამის მიუხედავად, ზაზა ნადირაძემ საქართველოს 1972 წლის შემდეგ
პირველად მოუტანა ნიჩბოსნობაში ოლიმპიური თამაშების ლიცენზია (მიუნხენის ოლიმპიადაზე ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა ორადგილიანი ბაიდარათი ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო საწყლოსნო სლალომში მცხეთელმა გიორგი ნასყიდაშვილმა იასპარეზა).

რიოს მესამე საგზური თომას სიმარტს (საფრანგეთი) ერგო. საგულისხმოა, რომ დუისბურგში უნდა ეასპარეზა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულ იური ჩებანს (უკრაინა), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე იყო, მაგრამ მან რიოს საგზური უბრძოლველად მიიღო, რადგან ოკეანეთის მესვეურებმა 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი ასპარეზობის კვოტაზე უარი თქვეს.

ზაზა ნადირაძე რამდენიმე წელიწადია, წარმატებით გამოდის საერთაშორისო სარბიელზე. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ იყო ახლოს მიზანთან - ლონდონის თამაშების საგზური მოეპოვებინა, მაგრამ მაშინ ევროპის ჩემპიონატზე ფორტუნამ ზურგი აქცია.

შარშანწინ მცხეთელმა ჭაბუკმა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მაშინ მითხრა ზაზამ, 2016 წლის თამაშების საგზურს აუცილებლად მოვიპოვებო. დარწმუნებული იყო საკუთარ ძალებში. ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა ბაზალეთზე ქარსა და წვიმაშიც. საბოლოოდ გარჯა დაუფასდა - ოცნება რეალობად აქცია.

ვულოცავთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფოთელები გილოცავთ
ვასო
23:30 20-05-2016
0
გისურვებ ოლიმპიადაზე წარმატებას!
ვაჟა
20:27 20-05-2016
0

სიახლეები პოპულარული