პირველი კანოისტი ქალი საქართველოში - ინტერიუ მარი ქერდიკაშვილთან

AutoSharing Option
წლეულს 18-წლამდელ ნიჩბოსანთა ევროპის პირველობას ბულგარეთმა უმასპინძლა.

შეჯიბრებაში რამდენიმე ქართველმა იასპარეზა. მათ შორის - დუშელმა მარი ქერდიკაშვილმა, რომელიც საქართველოში პირველი კანოისტი ქალია. ევროპის ჩემპიონატის 500-მეტრიან დისტანციაზე ერთადგილიანი ნავით 27 მეტოქესთან პაექრობაში მან მე-6 ადგილი დაიკავა, მერე ორას მეტრზეც მსგავსი შედეგი აჩვენა. სამი კვირის შემდეგ მსოფლიოს პირველობებზეც მოსინჯა ძალები, სადაც, შესაბამისად, მერვე და მეცხრე ადგილებს დასჯერდა.

დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში ცხოვრობს (დაიბადა 1998 წლის 19 დეკემბერს). წლეულს დაამთავრა საკრამულის საჯარო სკოლა, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე არ გასულა, რადგან ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის
ემზადებოდა.

უმაღლესი სკოლა მოითმენსო, თქვა. ნიჩბოსნობაში 2008 წლიდან ვარჯიშობს შალვა მუსოევისა და გოჩა ჩიხაშვილის ხელმძღვანელობით. ერთი წელიწადი ბაიდარაზე (კაიაკი) იარა, მერე კანოეში გადაინაცვლა.

რადგან ამ სახეობაში ჩვენთან მარტო იყო, ვაჟებს ეჯიბრებოდა. 2013 წელს 1998 წელს დაბადებულთა საქართველოს პირველობაზე ფოთში ჩემპიონობა მოიპოვა... ბიჭებში. იმავე წელს საქართველოს თასიც მოიგო. მომდევნო წელს მეორე ადგილი დაიკავა - ფოთელ გარი ხიზანიშვილს ჩამორჩა მხოლოდ. მერე აზერბაიჯანში გაემგზავრა და მინგეჩაურის რეგატაშიც ვაჟთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.

- მინგეჩაურში შარშანაც ვიყავი, - მითხრა მარი ქერდიკაშვილმა, რომელსაც ბაზალეთის ბაზაზე ვარჯიშის შემდეგ ვესაუბრე. - ოღონდ კაიაკით ვიასპარეზე. ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ფოთელმა ქრისტინე მგელაძემ და დუშელმა სალომე ჯიქურაულმა მაჯობეს.

- წლეულს უფრო დიდ შეჯიბრებაში მიიღეთ მონაწილეწობა თქვენ და ნატო ჩხუტიაშვილმა...
- ნატო ჩემზე ორი წლით უმცროსია, საკრამულის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. უკვე ოთხი წელიწადია, შალვა მუსოევსა და გოჩა ჩიხაშვილთან ვარჯიშობს კანოეში. ის მემარცხენეა, მე - მემარჯვენე, ამიტომ წყვილებში კარგად ვეწყობით ერთმანეთს. წლეულს ივნისში ქალთა კანოეში მსოფლიოს თასზე გამოვედით პირველად ორადგილიანი ნავით.

- შეჯიბრება ფრანგულ ბულონში გაიმართა, - ჩაერია საუბარში ნატო ჩხუტიაშვილი, რომელმაც ის-ის იყო ვარჯიში დაამთავრა. - მარიმ ერთადგილიანი კანოეთი 200 და 500 მეტრზე ბ ფინალში იასპარეზა და საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა. უმწვრთნელოდ ვიყავით და ორიანებში პრობლემები შეგვექმნა. ტურნირზე ბევრი სპორტსმენი ჩამოვიდა და ნავების დეფიციტი შეიქმნა. ორგანიზატორების რჩევით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ერთი ნავით უნდა ესარგებლათ. ჩვენ ირანელებთან დაგვაწყვილეს. მათმა მწვრთნელმა მოგვატყუა - გვითხრა, ჩვენ სხვა ნავს ვიშოვითო. ორთაბრძოლების დაწყებამდე 15 წუთით ადრე კი ნავი თვალსა და ხელს შუა აგვწაპნეს და ფინალში ვეღარ ვიასპარეზეთ.

- მერე იყო ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობები.
მარი ქერდიკაშვილი. ამ შეჯიბრებებში გოგონათა შორის საქართველოდან მარტო მე გამოვედი. პლოვდივში კონტინენტის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირ ფინალში მოვხვდი. უამინდობის გამო ბევრი შეფერხება იყო, ფსიქოლოგიურად ვერ განვეწყვე და საბოლოოდ 200 და 500 მეტრზეც მე-6 ადგილები დავიკავე. თუმცა უკმაყოფილო არ ვარ. მეტი გამოცდილება რომ მქონოდა, უკეთეს შედეგებს ვაჩვენებდი.

ბულგარეთიდან მინსკში გავემგზავრე, სადაც 20-დღიანი შეკრება გავიარე და ახალგაზრდების მსოფლიო პირველობაში ჩავები. იქაური შედეგებით კი უკმაყოფილო ვარ. ცოტა ჯანმრთელობამაც შემიშალა ხელი. სუნთქვის პრობლემები მქონდა. ბელარუსიდან დაბრუნებისთანავე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ოპერაცია გავიკეთე და თვეც არ არის, რაც ვარჯიში განვაახლე. პლოვდივსა და მინსკში ფოთელმა მურმან მალანიამ იყოჩაღა - ორივე შეჯიბრებაში 18-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო ბულგარეთში ზაზა ნადირაძე 23-წლამდელებში 200 მეტრზე მესამე იყო.

ნატო ჩხუტიაშვილი: მე და მარის გვსურს, ერთეულებსა და წყვილებშიც ვიასპარეზოთ, მაგრამ ნავების პრობლემა გვაქვს. ბაზალეთის ბაზაზე ოთხი კანოისტი ვართ და ერთი ნავი გვყავს, ამიტომ რიგრიგობით გავდივართ წყალზე, წყვილებში კი 40 წლის წინათ სამარყანდში გამოშვებული გადაკეთებული ნავით ვვარჯიშობთ. ასე საერთაშორისო სარბიელზე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

მარი ქერდიკაშვილი. ახლა საქართველოში სამი კანოისტი გოგო ვართ. მე და ნატოს კონკურენტი გამოგვიჩნდა - 12 წლის ფოთელი ლიკა სულაბერიძე. ნამდვილი ტალანტია, დარწმუნებული ვარ, მომავალი ოლიმპიელი გვეზრდება. შარშან სახელოვანმა ფალავანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ "ბაზალეთის" კლუბის რვა წევრს სპორტული სამოსი გვაჩუქა. კარგი იქნება, ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდებოდეს და ნავების შეძენაში დაგვეხმარებოდეს. ქალთა კანოე ხომ ოლიმპიური სახეობაა და ჩვენც გვინდა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა.

შალვა მუსოევი, დუშეთის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლასთან (დირექტორი ლევან შერმადინი) არსებული სანიჩბოსნო ბაზა "ბაზალეთის" მწვრთნელი: მარის ოცნება სულაც არ არის აუხდენელი, თუ ჩვენს სპორტსმენებს სათანადო ყურადღება და დაფინანსება ექნებათ. ბაზალეთის ტბის გარშემო მდებარე სოფლების - საკრამულის, საშაბუროს, ჩანადირებისა და მლაშეს 40-მდე მოზარდს ვავარჯიშებთ მე, კონსტანტინე ხუროძე და გოჩა ჩიხაშვილი. მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, მაგრამ უარს ვეუბნებით ბავშვებს, რადგან სათანადო ინვენტარი არ გვაქვს. მართალია, კანოე-კაიაკის ფედერაცია გვეხმარება, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. რაც შეეხებათ მარი ქერდიკაშვილსა და ნატო ჩხუტიაშვილს, აქედანვე სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, შესაძლოა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ. თუმცა ისინი მარტონი არ არიან - სხვაც ბევრი გვყავს ტალანტები...

P.S. გუშინ შევიტყვეთ, რომ მარი ქერდიკაშვილი საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა და ხვალ შეჯიბრებაში ჩაებმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა, რომ წერთ ამაზე!!! კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, სწორად თუ ჩაიდება თანხები სპორტში, აუცილებლად დიდ შედეგებამდე მივალთ! აი, სად შეიძლება გაიბრწყინოს საქართველომ! ჟურნალისტებს გთხოვთ, მაქსიმალურად გააშუქოთ ეს ოლიმპიური სახეობა! შედეგი აუცილებლად მოვა!
კობა
23:28 15-09-2016
0
მარი კაი გოგო ხარგისურვებ წინსვლას ყველაფერსჰი და განსაკუტრებიტ სპორტის ამ სახეობასჰისჰენ უკვე ისტორიის კუტვნილება ხარ მარი. სჰენ ხომ პირველი ქალი ხარ სპორტის ამ სახეობასჰი აბა სჰენ იცი გმერტი სჰენსკენ
gela
00:00 16-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული