7 ფსიქოფატი: რონი ო'სალივანი, ალექს ჰიგინსი და კიდევ 5 ცოდვილი სნუკერისტი

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ სნუკერის მთავარ ვარსკვლავებს

ჯიმი უაიტი
ლეგენდარულმა ბრიტანელმა 31 ტურნირი მოიგო. მასზე მეტი თანხა სნუკერში მხოლოდ ჰენდრიმ, ო'სალივანმა და დევისმა გამოიმუშავეს. დედოფალმა უაიტს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი უბოძა. თითქოს რა პრობლემები უნდა ჰქონოდა ჯიმის ცხოვრებაში? მისი ერთადერთი სუსტი წერტილი იყო - სიამაყე.

მაგრამ, ბრიტანეთის საყვარელი სნუკერისტი ჯერ კოკაინზე შეჯდა (მას შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის საშუალება მიეცა), ხოლო მსოფლიოს 1984 წლის ჩემპიონატის ფინალში სტივ დევისთან წაგების შემდეგ, "კრეკზე" გადავიდა.

უაიტი მეორე ცნობილ მოთამაშესთან - კანადელ კირკ სტივენსთან ერთად ეწეოდა: "მე მგონი, კირკმა
პირველმა გასინჯა. მე კი დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არ ვადანაშაულებ იმაში, რომ "კრეკზე" შემსვა. მხოლოდ მე ვარ დამნაშავე".

ჯიმიმ მოსაწევზე ცხოვრების სამი თვე დახარჯა, მაგრამ კინაღამ გამოეთხოვა სიცოცხლეს. "გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ. ვიცი: ნარკოტიკები, სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონის 10 ტიტულად დამიჯდა", - იხსენებს უაიტი. ბრიტანელი - საუკეთესო სნუკერისტია იმათგან, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელაც არ მოუგია: ჯიმიმ ექვსი ფინალი წააგო.

კირკ სტივენსი
"კრეკების" მოწევაში ჯიმი უაიტის მეწყვილე იყო. კანადელი პირდაპირ ირლანდიის "მასტერსის" მსვლელობისას, სასტუმროს ნომერში ეწეოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, კირკმა საჯაროდ აღიარა ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და შინ სამკურნალოდ გაემგზავრა. მანამდე, სტივენსმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოს რეიტინგში და წააგო 1985 წელს ბრიტანეთის ღია პირველობის ფინალი სილვინო ფრანცისკოსთან. მოგვიანებით, სამხრეთაფრიკელი იხსენებდა, რომ მისმა მეტოქემ მატჩის წინ მოწია.

კანადაში დაბრუნების შემდეგ, კირკი ორი წელი არ უყურებდა სნუკერს, ახლა კი ავტომობილების ვაჭრობით არის დაკავებული.

ალექს ჰიგინსი
ჩრდილოირლანდიელს 24 ტურნირში გაუმარჯვია. ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხ ფინალში და მოიგო ორი. აქედან ერთი - ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის (22 წლის) სტატუსით. 16 წლის ასაკში, ჰიგინსმა 147 ქულა აიღო - ეს არის მაქსიმუმის ასაკობრივი რეკორდი და ისტორიული მიღწევა სნუკერში. მაგრამ, ამასთან, ალექსმა საკუთარ თავში გააერთიანა ირლანდიელი მოქალაქის ყველა ცუდი თვისება:

სვამდა უამრავ ვისკის, არ იკლებდა კოკაინს, ხოლო "რულეტკა" და ბანქო მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ჩხუბები და სკანდალები ჰიგინსის მონაწილეობით, ჩვეულებრივი ამბავი იყო.

1986 წელს, ალექსმა ბრიტანეთის ჩემპიონატის დირექტორთან იჩუბა: თავი ცხვირში ჩაარტყა, როცა იმან სნუკერისტი ნარკოტიკების ტესტზე გააგზავნა. მატჩების დროს მოუწოდებდა მსაჯებს - სოროებში შემძვრალიყვნენ და ცხვირი გარეთ არ გამოეყოთ. 1990 წელს, ჩრდილოეთ ირლანდიამ კანადასთან წააგო და ჰიგინსი თავის მეგობარსა და გუნდის კაპიტანს დენის ტეილორს მოკვლით დაემუქრა.

ალექსის კარიერის აპოგეა იყო - სკანდალი თამაშის დასრულებასთან დაკავშირებით: ირლანდიის "მასტერსის" მოგების შემდეგ, მან არაყი გადაკრა, სცენაზე გავარდა და სნუკერს კორუმპირებული ცირკი უწოდა, რომელშიც მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ჰიგინსმა რეიტინგის განულება და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ცხოვრების ამგვარ წესს ტრაგიკული ფინალი ჰქონდა: ჰიგინსმა მთელი თავისი ქონება ალკოჰოლსა და ქალებში გაანიავა, ცხოვრობდა სახელმწიფოს დახმარებაზე, ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებებს, დაკარგა ყველა კბილი, გადაიტანა ხმის იოგების გაწყვეტა, ვერ ლაპარაკობდა, 38 კილოგრამი დაკარგა და 2010 წლის ზაფხულში გარდაიცვალა - მუნიციპალურ თავშესაფარში შიმშილისგან და კიბოსგან.

ბილ ვერბენიუკი
გუნდურ ტურნირში კანადელი მსოფლიოს ჩემპიონი გამორჩეული იყო უზარმაზარი გაბარიტებით და სასმელისადმი უდიდესი სიყვარულით. მისი საუკეთესო ფრაზაა:

"დავლიე ექსტრამაგარი "ლაგერის" 24 პინტი, რვა ორმაგი პორცია არაყი და ჯერ ისევ ფხიზელი ვარ". ცუდი მემკვიდრეობისა და ალკოჰოლის გადამეტებული დოზების გამო, ბილს მუდმივად ხელები უკანკალებდა - ვერბენიუკი სამჯერ გაჩერდა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხედფინალურ სტადიამდე. ის რეგულარულად სვამდა - მატჩების დროსაც კი და არსებობდა მითი, თითქოს დიდი ბილი დღეში 50 ლიტრ ლუდს იღებდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში მას გულისთვის ანაპრილინი გამოუწერეს, რომელიც ალკოჰოლთან შეუთავსებელია. ბილმა სმას თავი დაანება და რეიტინგში ვარდნა დაიწყო, არადა, მანამდე, დიდი ხანი რვა საუკეთესოს შორის ეჭირა ადგილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერბენიუკმა დაასრულა კარიერა, ინგლისში გადავიდა და 2003 წელს, 56 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

სტივენ ლი
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მეხუთე ნომერი ეპიკური დისკვალიფიკაციით დაგვამახსოვრდა. ლი დაადანაშაულეს ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში და 12 წლით ჩამოაშორეს სნუკერს. პროცესის დროს, სასამართლოს თავმჯდომარემ გაოფლიანებულ სტივენს სუსტი ადამიანი უწოდა, რომელმაც ფინანსური გავლენით ცდუნებას ვერ გაუძლო. პროცესი იმ აზრამდე მივიდა, ლიმ სპეციალურად წააგო მატჩები დოჰერტისთან, რობერტსონთან და სელბისთან.

2016 წელს, ის მოელაპარაკა ჰონგკონგელ გულშემატკივარს თავისი კიის 1.5 ათას ევროდ გაყიდვაზე. ფული აიღო, მაგრამ კიი არ გააგზავნა. ლი გაასამართლეს თაღლითობის მუხლით. დღეს, სნუკერისტი სახელმწიფოს დახმარებაზე ცხოვრობს - დისკვალიფიკაციის გამო, სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

ტონი ნოულზი
ინგლისელი სამჯერ გადიოდა მსოფლიოს ჩემპიონატების ნახევარფინალში, მოიგო მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, მაგრამ ყურადღებას იპყრობდა სექსუალური ხასიათის სცენებით. 80-იანი წლების შუაში, ინგლისში პროფესიონალი სნუკერისტები გათანაბრებულნი იყვნენ როკ-ვარსკვლავებთან. ტონი სიამოვნებით უყვებოდა ტაბლოიდებს - რამდენი გოგო შეაბა და სად.

ნონ-სტოპის რეჟიმში ქალების მოხიბვლის სურვილი და შემდეგ, ყველასთვის ამის მოყოლამ გამოიწვია უპრეცედენტო ჯარიმა 5 ათასი ფუნტის ოდენობით. ჯარიმის მიზეზი იყო სნუკერისთვის იმიჯის შელახვა. სნუკერის ყოფილი მოთამაშე და ჟურნალისტი კლაივ ევერტონი წერდა, რომ ქალ თაყვანისმცემლებს შორის გაჩნდა მოდა მაისურებზე, რომლებზეც ეწერა: "მე ტონი ნოულზი გამოვიჭირე".

რონი ო'სალივანი
სნუკერის ისტორიაში მთავარ სატანაზე ბევრი დაწერილა: მამამისი ციხეში იჯდა მკვლელობის გამო, დედა - გადასახადების დამალვისთვის. პატარა რონი დაზე ზრუნავდა და ესექსში მამის სექს-შოპებს ამუშავებდა. 1996 წელს, მსაჯზე თავდასხმის გამო, ო'სალივანმა 20 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმა მიიღო, რასაც დაემატა 10 ათასი იძულებითი შესაწირი ქველმოქმედებაზე.

ორი წლის შემდეგ მოიგო ირლანდიის "მასტერსი", შემდეგ მარიხუანაზე ტესტი ჩააგდო და ტიტული დაკარგა. "მახსოვს, ყოველთვის, როცა მსოფლიოს ჩემპიონატს ვიგებდი, გონებაში ვფიქრობდი: "როდის დამთავრდება ჩემპიონატი და ეს დრაგ-ტესტები და მარიხუანას გავაბოლებ. მიყვარდა მარიხუანა. პრობლემა ის იყო, რომ გაჩერება არ შემეძლო".

დღეს რონი შანსს არ უშვებს ხელიდან, რაღაც ქედმაღლური, უცნაური ან სასაცილო არ ჩაიდინოს. 2005 წელს, მარკ კინგთან მატჩის დროს, პირსახოცი ჰქონდა სახეზე აფარებული, რადგან ვერ უყურებდა მეტოქის ცუდს თამაშს. 2013 წელს, რონიმ მსაჯს შეაგინა, რადგან ამ უკანასკნელმა პერანგის შესწორებისკენ მიუთითა - ჯარიმა ათასი ევროს ოდენობით. ო'სალივანის გამოხდომებით ცალკე ენციკლოპედიის გამოშვება შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული