ჩემბერლენის გამოგონება: როგორ გამოიგონა ბრიტანელმა სნუკერი

AutoSharing Option
1938 წლის თებერვალში, მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალ The Field-ში გაჩნდა სტატია სნუკერის წარმომავლობის შესახებ. ტექსტის ავტორმა ივარაუდა, რომ თამაში სამეფო სამხედრო აკადემიაში ჩაისახა. ვერსია ლოგიკური და მართებული ჩანდა, რადგან აკადემიაში პირველი კურსის კადეტებს სნუკერებს უწოდებდნენ.

დიდი ალბათობით, ახალბედებს ასე ზიზღის გამო დაარქვეს, რადგან სიტყვასიტყვით snook ითარგმნება, როგორც გრძელი ცხვირი.

სტატიაში ფიგურირებდა ლორდი კიტჩენერი. ავტორის აზრით, სწორედ მან ჩამოაყალიბა სნუკერის წესები, ჩაიტანა ის ინდოეთში და გაავრცელა ადგილობრივებს შორის.

ჟურნალის შემდეგ გამოშვებაში დაიბეჭდა კიდევ ერთი ტექსტი ამ თემაზე. ამჯერად, ავტორი იყო ნევილ ფრენსის
ფიტცჯერალდ ჩემბერლენი - მას მიიჩნევენ დღეს სნუკერის დამაარსებლად. XIX საუკუნის 70-იან წლებში, უმცროსმა ლეიტენანტმა ჩემბერლენმა სანდჰერსტში სამხედრო სასწავლო დაწესებულება დაამთავრა და ბრძანებით ინდოეთში გაემგზავრა, სადაც ბრიტანული ჯარები იყო დაბანაკებული. სწორედ იქ მოიგონა ჩემბერლენმა სნუკერი. სიტუაციის ასახსნელად, მან 1938 წლის მარტში წერილი გაგზავნა ჟურნალის რედაქციაში:

"თებერვლის ნომერში დიდი ინტერესით წავიკითხე სტატია სნუკერის წარმოშობის შესახებ და სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ შემიძლია მოგიყვეთ - სინამდვილეში როგორ გაჩნდა ეს თამაში 63 წლის წინ, 1875 წელს.

ჯაბალპური - ქალაქია ინდოეთის ცენტრალურ პროვინიციაში. 1875 წელს იქ დევონშირის პოლკის შემადგენლობაში ვმსახურობდი. წვიმების სეზონში თითქმის არ გამოვდიოდით ყაზარმებიდან, ამიტომაც, ახალგაზრდა ოფიცრები, მათ შორის, მეც, დროს ბილიარდის მაგიდასთან ვკლავდით. ჩვეულებრივ, ვთამაშობდით ბლეკპულს, მაგრამ ერთ-ერთ საღამოს გონება გამინათდა: თუ შავ ბურთს დავუმატებთ დამატებით ფერადს - გაცილებით საინტერესო გახდება. იდეა მოიწონეს, ახალი სხვადასხვა ფერის ბურთის რაოდენობა თანდათან იმატებდა.

ერთხელ, არტილერიის ოფიცრის წინააღმდეგ ვთამაშობდი და ახალი ტერმინი მოვიგონე. თამაშის დროს, ოფიცერი ყვებოდა ინგლისში, სამხედრო აკადემიაში გატარებულ წლებზე და გამოიყენა სიტყვა "სნუკერი". როგორც მან ამიხსნა, ასე ეძახდნენ იქ ახალბედა კადეტებს.

რამდენიმე დღის შემდეგ, კარგი შემთხვევა ჩამივარდა ხელთ ამ ტერმინის გამოსაყენებლად. ვიღაცამ იოლი ბურთი ვერ ჩააგდო და ვერ მოვითმინე: "ეს როგორ მოახერხე? ნამდვილი სნუკერი ხარ!" ვერავინ მიხვდა - რა ვთქვი, ამიტომაც სასწრაფოდ ავხსენი სიტყვის მნიშვნელობა. ძალიან რომ არ გამებრაზებინა მეგობარი, აღვნიშნე, რომ ჩვენ ყველანი, რეალურად, სნუკერები ვიყავით და შევთავაზე - ასე დაგვერქმია ამ თამაშისთვის. ყველანი აღფრთოვანებულნი დათანხმდნენ. ჯაბალპურის სხვა ბრიტანულ პოლკებში მოგვბაძეს და თამაშს ასევე სნუკერი დაუძახეს.

1876 წელს, ინდოეთის საკავალერიო პოლკში გადამიყვანეს. ახალ თანამებრძოლებს მოეწონათ სნუკერი, მაგრამ მომდევნო წლებში მისი განვითარება შეფერხდა. პოპულარობა გაიზარდა, როცა 80-იანი წლების შუაში უტაკამანდში მომიწია გადასვლა - ამ ქალაქში იყო დაბანაკებული ინდოეთში ბრიტანეთის არმიის მთავარსარდლობის შტაბი.

ყოველ წელს, ამ სამთო კურორტს დასასვენებლად სტუმრობდნენ გავლენიანი ადამიანები. სნუკერი მაშივე გახდა უტაკამანდში ერთ-ერთი მთავარი გასართობი, ხოლო ამ თამაშის შესახებ ჭორები მალე გავრცელდა მთელს ინდოეთში. შევადგინეთ წესების სია და გამოვაკარით ის კლუბის საბილიარდო ოთახში. ლორდ კიტჩენერი ამაში არ მონაწილეობდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ დროს ის ქალაქის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

მალე ინდოეთში ჩამოვიდა პროფესიონალი ბილიარდისტი ინგლისიდან. სამწუხაროდ, მისი სახელი არ დამამახსოვრდა. ალბათ, ბილიარდის ასოციაციის ერთ-ერთი წევრი იყო. მან მოგვიყვა, რომ სნუკერს უკვე თამაშობენ ნისლიან ალბიონზე, ამიტომაც ჩამოვიდა ინდოეთში თამაშის ნიუანსებში გასარკვევად. მე მას დაწვრილებით ავუხსენი ყველა მომენტი და ბედნიერი ვიყავი, რომ სნუკერი ინგლისშიც მიიღეს".

ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, პრაქტიკულად არავის დარჩენია კითხვის ნიშნები იმის შესახებ - ვინ არის სნუკერის მამა. დარჩენილი ეჭვების გასაფანტად, 1938 წლის ივლისში, The Field-მა დაბეჭდა ბრიტანეთის არმიის გენერლის იან ჰემილტონის წერილი:

"ლორდი კიტჩენერი გენიოსი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას არ გამოუგონია სნუკერი. ვაცხადებ ამას იქიდან გამომდინარე, ნახევარი წლის განმავლობაში, ყოველ საღამოს ვთამაშობდი მასთან ბილიარდს. კიტჩენერი ყველაზე უარესი მოთამაშეა იმათგან, ვინც აქამდე მინახავს".

ჰერბერტ კიტჩენერს არ ეხერხებოდა ბურთების ლუზებში მოთავსება, სამაგიეროდ, წარმატებით ხელმძღვანელობდა არმიას. სამხედრო კარიერის დიდი ნაწილი ის თვალს ადევნებდა წესრიგს აფრიკულ კოლონიებში და ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის თანამდებობამდე მიაღწია. საპატიო პოსტზე მუშაობა დაემთხვა პირველ მსოფლიო ომს. კიტჩენერი 1916 წელს, რუსეთში მოგზაურობის დროს დაიღუპა: კრეისერი "ჰემპშირი" ჰაერში აიწია გერმანული ნაღმის გამო.

ნევილ ჩემბერლენის სამხედრო კარიერაც არა ნაკლებ წარმატებულია. მეორე ანგლო-აფრიკული ომის დროს, ის მიღებული ჭრილობის შემდეგ გადარჩა და დროთა განმავლობაში პოლკოვნიკის სამხრეები მიიღო. XX საუკუნის დასაწყისში ჩემბერლენი სათავეში ჩაუდგა ირლანდიურ სამეფო პოლიციას და აჯანყების ჩახშობით გადაავადა ირლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამის შემდეგ, ჩემბრლენი პენსიაში გავიდა და ლონდონიდან 40 კილომეტრით მდებარე პატარა ქალაქ ასკოტში დასახლდა, სადაც ყველა პირობა იყო ბილიარდის მაგიდასთან მყუდრო საღამოებისთვის.

სნუკერი უკვე 142 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში, ბილიარდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად მიიჩნევა. ამ დღეებში მსოფლიოს მე-40 ჩემპიონატი მიმდინარეობს, რაც კარგი საშუალებაა იმის გასაცნობიერებლად - რატომ თამაშობენ სნუკერს თითქმის საუკუნენახევარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული