ბატუტისტი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი რუსუდან ხოფერია, ყველა ამ ასპარეზზე ასევე საუკეთესოა.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტიდან რამდენჯერმე წავიდა, უკან დაბრუნებული უწინდებური შემართებით, თავდადებით შრომობდა, დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევდა.
"ლელოს" სტუმარი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერიაა.
- ბავშვობაში არასპორტული ვიყავი. ჩემი
არ მომეწონა და მალე დავანებე თავი. მერე ჩემი და აკრობატიკაში გადავიდა. იქაც მოვსინჯე ძალები, იმასაც ვერ ავუღე ალღო. ბავშვი ვიყავი, ძირითადად გართობა, თამაში მინდოდა და ბატუტი საამისოდ ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. თუმცა იქაც რამდენჯერმე დავანებე ვარჯიშს თავი. ამის გამო მეტსახელად ჭრიჭინა შემარქვეს.
ბატუტზე საკმაოდ გვიან, 9 წლის ასაკში მივედი. პირველ შეჯიბრებაში საქართველოს პირველობაზე მე-4 ადგილი დავიკავე და მახსოვს, ჩემმა პირველმა მწვრთნელმა თენგიზ ხუბაევმა წახალისების მიზნით მედალი მაჩუქა.
- როდის მოხდა გარდატეხა თქვენს ცნობიერებაში? როდის მიხვდით, რომ ბატუტზე ხტომა თქვენი ცხოვრების საქმეა?
- ძალიან რისკიანი ბავშვი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ არ მეშინოდა, მაგრამ მწვრთნელს ამას ვერაფრით ვეტყოდი.
როგორ უნდა მეთქვა,ს მეშინია და ბატუტთან ახლოს დადექი დამაზღვიე- მეთქი. თავს ძალას ვატანდი და საკმაოდ რისკიან ილეთებს ვხვეწდი. 13 წლის ასაკში უკვე ურთულესი ილეთების მთლიანი არსენალი მქონდა დამუშავებული.
ყველაზე მნიშვნელოანი, ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება იყო, მაგრამ გარდატეხა ჩემს ცნობიერებაში საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-9 სპარტაკიადაზე მოხდა.
მაშინ საბჭოთა კავშირში ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვება გაცილებით რთული იყო, ვიდრე თუნდაც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. სპარტაკიადაზე პირველი ადგილი დავიკავე. 13 წლისამ ბოლომდე ვერ გავიაზრე, რას მივაღწიე, რამდენად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე.
მახსოვს, როგორი წერილები იბეჭდებოდა გაზეთებში. ჩემს მიმართ ყურადღება და მოთხოვნაც გაიზარდა. ამის მერე ყველა შეჯიბრებაზე ჩემგან მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლას ითხოვდნენ, მეორე ადგილი წარმატებად არ მიიჩნეოდა.
- ამას საერთაშორისო არენაზე თქვენი ტრიუმფი მოჰყვა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით...
- დიახ, მაშინ ნაკრების მწვრთნელებმა თქვეს, ხოფერია ჯერ პატარაა, ყველაფერი წინ აქვსო და 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანეს.
საკმაოდ დიდი იყო საფრთხე იმისა, რომ მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ მოვხვედრილიყავი, რომელიც ორი წლის შემდეგ აშშ-ში, ქალაქ ბირმინგემში გაიმართა.
მაშინ საბჭოთა კავშირში რამდენიმე ტურნირი ტარდებოდა - ქვეყნის ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის თასი და დობროვოლსკის თასი. ამ შეჯიბრებებში დაკავებული ადგილების მიხედვით სპორტსმენებს შესაბამისი ქულები ენიჭებოდათ. ჯამში იმ წელიწადს საუკეთესო ვიყავი.
დობროვოლსკის თასის გათამაშებაში კი რეკორდი დავამყარე, რომელმაც 11 წელი გაძლო.
ერთი სიტყვით, საბჭოთა ნაკრებში ადგილი ულაპარაკოდ მერგებოდა, მაგრამ ტრავმა მივიღე და
ჩემი ამერიკაში წასვლა სათუო გახდა.
რუსები საბაბს ეძებდნენ, რომ თავიანთი სპორტსმენი როგორმე ნაკრებში მოეხვედრებინათ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წამიყვანეს, თან ყოველ შემთხვევისთვის სათადარიგო სპორტსმენი, კრასნოდარელი ირინა სლონევაც იახლეს. ამერიკაში რომ ჩავედით ექიმების დახმარებით, ისე რომ ამას არავინ ელოდა, სამი ოქროს მედალი მოვიპოვე. პირველობა არავის დავუთმე როგორც ინდივიდუალურში, ისე სინქრონულ ხტომებში. ამას გუნდური ჩემპიონობაც დაემატა. ასე გავხდი დაშავებული ფეხით აბსოლუტური ჩემპიონი.
- კრასნოდარი ახსენეთ. მაშინ ამ ქალაქში ძალიან ძლიერი სკოლა იყო?
- კრასნოდარში ბატუტზე ხტომის ერთ-ერთი უძლიერესი სკოლა ჰქონდათ. ოლიმპიური ჩემპიონები მოსკალენკო და კარავაევა ამ ქალაქიდან არიან. მერე, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის ნაკრები სწორედ კრასნოდარის სკოლის აღზრდილებით კომპლექტდებოდა.
- არც ჩვენი სკოლა იყო მათზე ნაკლები...
- დიახ, ჩვენც ძალიან კარგი სკოლა გვქონდა. ძლიერი ბატუტისტები იყვნენ ფატი ფირალიშვილი, ნუგზარ ალანია, სერგო მარგიანი. ამ თაობის შემდეგ პატარა ჩავარდნა იყო, მაგრამ მერე უკვე მასობრივად გამოჩნდნენ წარმატებული ბატუტისტები.
მათ შორის ანა დოღონაძე, ზაზა ხიზანიშვილი, ზაზა აბრამიშვილი და სხვები. შეიძლება ითქვას, რომ ეს თაობა საუკეთესო იყო.
- საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში ცხოვრება საკმაოდ გაჭირდა. ბევრმა სპორტსმენმა უცხოეთს შეაფარა თავი. დალხენილად არც თქვენ იყავით. საზღვარგარეთ წასვლა არ გიფიქრიათ?
- შემოთავაზება ბევრი მქონდა, მაგრამ არსად წავსულვარ. ამაზე გავლენა ოჯახმა იქონია. ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ცხადია, ჩემი ქვეყანა მიყვარდა, თუმცა მიზეზი მარტო ეს არ იყო. მალე, ძალიან ადრე გავთხოვდი. ბავშვი შემეძინა და მას ვერაფრით დავტოვებდი.
არადა ქვეყანას მართლაც ძალიან უჭირდა. იმ პერიოდში თითქმის ყველა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოვტოვე, რადგან ძალიან შორს, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში იმართებოდა.
მგზავრობა ძვირი ჯდებოდა და წასვლას ვერ ვახერხებდი. ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად სპორტს ჩამოვშორდი.
- მიუხედვად ამისა, თქვენ მოგვიანებით ორ ოლიმპიადაზე იასპარეზეთ. რა იყო მიზეზი, რამაც უკან, სპორტში დაგაბრუნათ?
- ძალიან მინდოდა საქართველოს სახელით გამოვსულიყავი. ოლიმპიადებიდან კი, განსკუთრებით სიდნეის 2000 წლის თამაშებმა დამწყვიტა გული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვიყავი.
იმ წელიწადს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს ირინა კარავაევას მსოფლიოს თასზე მოვუგე.
ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე კი ვენაში გამართულ შეჯიბრებაში მსოფლიოს რეკორდი დავამყარე. მაგრამ სპორტსმენს, როგორც წესი, ბედიც და უიღბლობაც თან სდევს. ათივე ილეთი სუფთად შევასრულე და დახტომისას ბადე ვერ გავაკონტროლე, ცუდად დავეშვი და წახტომი გავაკეთე.
ამის გამო 2,4 ქულა დამაკლეს. რომ დავიანგარიშეთ, მინიმუმ ვერცხლის მედალი უნდა ამეღო, თუმცა ოქროს მოპოვებაც შეიძლებოდა.
ამის მერე ბატუტი საერთოდ შემზიზღდა. ვიფიქრე, სიდნეიში მედალს ავიღებ, კარიერას ლამაზად დავამთავრებ-მეთქი, მაგრამ...
- მიუხედავად ამისა, მომდევნო ოლიმპიადაზე, ათენშიც საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში იყავით...
- სიდნეის შემდეგ ერთი წელიწადი თითქმის არ მივარჯიშია. ამიტომ, ფორმის აღდგენა გამიჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე ფორმაში ვიყავი, როგორც სიდნეიში, მაგრამ ის ვარჯიში, რომელსაც 1988 წელს ვაკეთებდი, მაშინაც მომგებიანი იყო.
ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე კარავაევას და დოღონაძეს ჩემზე რთული ვარჯიშები არ შეუსრულებიათ.
ათენში ძალიან გამიჭირდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ძველებურად ვეღარ ვიყავი, თუმცა სამეულში მოხვედრაზე კი ვფიქრობდი. თანაც, როგორც ამბობენ, ათენის ოლიმპიადა ყველაზე
კორუფციული იყო.
- სპორტის სხვადასხვა სახეობაში განსხვავებული ასაკობრივი ზღვარია. მაგალითად, მშვილდოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი 64 წლის ამერიკელი გელენ სპენსერი გახდა. რა ასაკამდე შეუძლია სპორტსმენს ბატუტზე იასპარეზოს?
- ეს ინდივიდუალურია. ყველაზე ასაკოვანი, ვისაც ოლიმპიადაზე უასპარეზია ანა დოღონაძეა. ის ლონდონში 39 წლისა იყო. რამდენადაც ვიცი, მან კარიერა ამით დაასრულა.
- დღესდღეობით თქვენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბრძანდებით. უმაღლეს კატეგორიას მალე მიიღებთ?
- მსაჯობის კურსები 2005 წელს გავიარე და ამჟამად მეორე კატეგორიის მსაჯი ვარ. უმაღლესი ანუ პირველი კატეგორია ხელს არ გვაძლევს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ მსაჯების უფროსი ვიქნები და უშუალოდ შეჯიბრებისას შეფასების მიცემის საშუალება არ მექნება.
მეორე კატეგორიისას უფლება მაქვს ყველა უმაღლესი რანგის შეჯიბრება განვსაჯო, ოლიმპიადა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები.
- უკვე თქვით, რომ ბატუტისტების თქვენი თაობა საუკეთესო იყო ჩვენს ქვეყანაში. როგორი თაობაა ამჟამად ქართულ ბატუტში?
- კარგი თაობა გვყავს. ანა ოდიშვილმა ახალგაზრდებში როგორც ინდივიდუალურში, ისე წყვილებში საპრიზო ადგილები დაიკავა. ძალიან კარგი სპორტსმენები არიან თეონა ჯანჯღავა და ზურაბ ნოზაძე. უფროსებში ისევ წამყვანი ბატუტისტები არიან ლუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე.
ახალგაზრდულ ასაკში ისეთი ბავშვები გვყავს, რომლებმაც მომავალ წელს ჩინეთში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობის უფლების მოპოვება უნდა შეძლონ. საამისოდ საჭიროა, ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვდნენ.
- ლუბა გოლოვინამ, თქვენს მსგავსად, ასევე ორ ოლიმპიადაზე იასპარეზა. მედლამდე ორივე ჯერზე სულ ცოტა დააკლდა...
- დიახ, ორივეჯერ ძალიან არ გაუმართლა. პეკინში ბატუტიდან ჩამოხტომისას ფეხი იტკინა.
ლონდონის ოლიმპიადის წინ კი, ასევე ტრავმების გამო ყველა სტარტი გამოტოვა. იქაც ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. რომ არა ეს ფატალური უიღბლობა, მას გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო.
- როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა თანამედროვე სპორტსმენებს ისეთივე ჟინი, როგორც ეს თქვენს ახალგაზრდობაში იყო?
- არა, არ აქვთ. ჩემს დროს დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით და თამაშის, რაღაცის გაფუჭების ენერგია მაინც გვრჩებოდა.
ახლა ორჯერ ივარჯიშებენ და საშინლად იღლებიან. ეს შეიძლება იმასაც დავაბრალოთ, რომ ჩვენ უკეთესად ვიკვებებოდით. მერე შეკრებებსაც საჭიროების მიხედვით მთაშიც ვაწყობდით და ზღვაზეც. დღეს ყოველივე ამას სპორტსმენები მოკლებულნი არიან.
- შარშან ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ყრილობაზე გენერალურ მდივნად აგირჩიეს. ახლა თქვენი საზრუნავი მარტო ბატუტი აღარ არის...
- ყველაზე ცუდი, რაც ბატუტისტებს დაემართათ, ჩემი გენერალურ მდივნად არჩევაა. ახლა ყველა სახეობას, მხატვრულ ტანვარჯიშს, სპორტულ ტანვარჯიშს და აკრობატიკასაც უნდა მივხედო და ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ იეჭვიანონ, ბატუტს მეტ ყურადღებას უთმობსო.
ეს საბიუჯეტო თანხის განაწილებისასაც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბატუტი ფედერაციაში წამყვანი სახეობაა.
ბოლო დროს კარგი შედეგები აქვთ მხატვრულ ტანმოვარჯიშეებსაც. შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სალომე ფაჟავამ, გაბრიელა ხვედელიძემ და სოფიო ფარულავამ მესამე ადგილი დაიკავეს.
ფაჟავა წლეულს უფროს ასაკში გადავიდა, თუმცა ახლავე ისეთივე შედეგის გამეორებას არ უნდა ველოდოთ, რადგან იქ სულ სხვა გარემო, სხვა სამყაროა. მაქსიმალურად უნდა ეცადოს სათანადო გამოცდილება დააგროვოს, რათა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს.
ჩვენი ფედერაციის მიზანია, სამივე სახეობაში გვყავდეს მინიმუმ თითო ლიცენზიანტი. ასეთი შედეგი მხოლოდ ერთ ოლიმპიადაზე, 2000 წელს გვქონდა, სადაც ჩემთან ერთად ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში) და ინგა თავდიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში) გამოდიოდნენ. მას შემდეგ ამას ვეღარ მივაღწიეთ და თუ სამი ლიცენზიის აღება შევძელით, ეს ჩვენი ფედერაციისთვის უდავოდ წარმატება იქნება.
რუსუდან ხოფერია
დაიბადა 09. 098 1972, თბილისში. ბატუტზე ხტომა. სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1988 - ინდივიდუალური, სინქრონული, გუნდური) და მეორე პრიზიორი (1990 - სინქრონული), მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993) და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 89, 97 - გუნდური; 1989 - სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987, 93 - ინდივიდუალური; 1987, 93, 95 - სინქრონული); სსრკ ორგზის ჩემპიონი (1986 - ინდივიდუალური; 1989 - სინქრონული), ოთხგზის მეორე (1987, 90 - ინდივიდუალური; 1988, 90 - სინქრონული) და ორგზის მესამე (1988, 89 - ინდივიდუალური) პრიზიორი, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986), სსრკ თასის ორგზის (1987, 89 - სინქრონული) და დობროვოლსკის თასის ოთხგზის (1987, 89, 90 - ინდივიდუალური, 1988 - სინქრონული) მფლობელი. 2000 წლის სიდნეის (VII ადგილი და 2004 წლის ათენის (IX ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
1987-2004 წლებში ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი ვარჯიშის სირთულის მიხედვით. 2012 წლიდან საქართველოს ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"