შეუდარებელი რონი ო'სალივანი

AutoSharing Option
რონი ო'სალივანი 11-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრწყინვალე სნუკერი აჩვენა და შარშანდელი ტიტული დაიცვა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პირველობის ბედი 2013 წლის 26 თებერვალს გადაწყდებოდა. სწორედ ამ დღეს, ყველას გასაკვირად, რონიმ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სნუკერის ყველა მოყვარულს გაუხარდა, მაგრამ საკითხავი ის იყო, რისი გაკეთება შეუძლია მაგიდასთან მოთამაშეს, რომელმაც 11 თვე გამოტოვა და მხოლოდ ვარჯიშითა და სპარინგებით სცადა ფორმის აღდგენა. როგორც აღმოჩნდა, ო'სალივანი იმდენად ნიჭიერია, რომ არ სჭირდება მთელი წელი გაუთავებელ ტურნირებში მონაწილეობა.

წლევანდელი
ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა სნუკერის ისტორიაში. რონი ო'სალივანიც და ბარი ჰოუკინსი უმაღლეს დონეზე მოქმედებდნენ, რეგულარულად ასრულებდნენ 50-იან სერიებს და რვაჯერ (!) გაახარეს მაყურებელი სამნიშნა ბრეიკებით. პირველი დღის შემდეგ ანგარიში 10:7 იყო ო'სალივანის სასარგებლოდ. ის ფინალის მეორე ნაწილშიც აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ ჰოუკინსი ახერხებდა ინტრიგის შენარჩუნებას.

ო'სალივანმა მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა 15:12-ზე მიაყენა, როცა მომდევნო სამი ფრეიმი სულ რაღაც 30 წუთში აიღო 77, 88 და 86-ქულიანი ბრეიკებით. ფინალის საბოლოო ანგარიშია - 18:12 რონი ო'სალივანის სასარგებლოდ, რომელიც მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ის, რომ ფინალი შთამბეჭდავი გამოვიდა, ჰოუკინსის დამსახურებაცაა, რომელმაც ფინალის დონის სნუკერი აჩვენა. შესაძლოა, რომელიმე სხვა მეტოქესთან მას ტიტულიც მოეგო, რადგან ასეთი მარათონისთვის 92-პროცენტიანი შედეგიანობა შესანიშნავი მაჩვენებელია, მაგრამ რონის უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდა - 94!

რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონატი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო. სნუკერისტმა, რომელიც 11 თვე არ ასპარეზობდა, უმაღლესი ხარისხის თამაში აჩვენა და სიამოვნება მიანიჭა მილიონობით გულშემატკივარს. სხვათა შორის, მან ამ ჩემპიონატზე ორი რეკორდი დაამყარა - მსოფლიოს პირველობებზე "სენჩური-ბრეიკების" საერთო რაოდენობითა და ფინალში ასეთივე ბრეიკების რიცხვით (6).

ფინალი
რონი ო'სალივანი (ინგლისი, 1)-ბარი ჰოუკინსი (ინგლისი, 15) 18:12
უმაღლესი ბრეიკი - 134:133; სენჩური - 6:2; 50-იანი სერიები: 10:6

ჩემპიონის გზა
I რაუნდი - მარკუს კემპბელი 10:4
II რაუნდი - ალი კარტერი 13:8
1/4-ფინალი - სტიუარტ ბინემი 13:4
1/2-ფინალი - ჯად ტრამპი 17:11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ფინალს რონი ო'სალივანი იგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული