"თოვლის ჯიქები" ახალი ნახტომისთვის ემზადებიან -ათკაციანი საერთაშორისო ექსპედიციის (ხელმძღვანელი - უკრაინელი მესიმაღლე იგორ სვერგუნი) შემადგენლობაში პაკისტანში 8126 მ სიმაღლის მწვერვალის - ნანგა პარბატის დალაშქვრას აპირებენ.
ჩრდილო-დასავლეთი ჰიმალაის (ქაშმირის ჰიმალაი)
8-ათასიან მწვერვალებს შორის ნანგა პარბატი მე-9 სიმაღლის მთაა, რომელიც ალპინისტურ წრეებში "მკვლელი მთის" სახელითაა ცნობილი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მონაცემებით, ალპინისტთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ ამ მწვერვალზე მოდის და მსოფლიოს სამ ყველაზე რთულ მთას შორისაა დასახელებული.
1970 წელს ნანგა პარბატიდან დაშვებისას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის - რეინჰოლდ მესნერის ძმა გიუნტერ მესნერი დაიღუპა.
საერთაშორისო ექსპედიცია, რომლის შემადგენლობაში ქართველი ალპინისტებიც შედიან, ნანგა პარბატის დალაშქვრას დიამარის კედლით შეეცდება.
აღნიშნული მარშრუტი პირველად 1962 წელს გაიარეს და დღემდე სტანდარტულ-კლასიკურ (კომბინირებული თოვლიან-ყინულოვანი, კლდოვანი მონაკვეთებით) მარშრუტად მიიჩნევა.
ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით, 6 ივნისს ბიძინა გუჯაბიძემ და აფი გიგანმა პრესკონფერენცია გამართეს, 7 ივნისს, გამთენიისას კი ქართველი მთამსვლელები თბილისიდან გაემგზავრნენ. ექსპედიცია, სავარაუდოდ, ორ თვემდე გასტანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"