გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს დაიბადა. ის M-1-ის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია. გუგენიშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და რინგზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოდიოდა.
მისი წარმატებები 2009 წელს დაიწყო, როდესაც კარიერის დასაწყისში გულშემატკივარს ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი. გუგენიშვილმა M-1 Ukraine-ის, M-1 Selection Western Europe-ისა და M-1 Challenge-ის ტიტულები მოიგო. შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი
მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მომავალ წელს კი M1-ში დაბრუნებასაც გეგმავდა...
გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც წლების წინ ქართველ მებრძოლთან mixfight.ru-მ ჩაწერა. მასში კარგად ჩანს ქართველი მებრძოლის ხასიათი და საქმისადმი დამოკიდებულება.
* * *
"ქართველები საბრძოლო ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიის ზეობის ხანაში რომაელი მეომრები სავარჯიშო გამოცდილებას ქართველებისგან იღებდნენ. სწორედ ამ ქვეყნის შვილია გურამ გუგენიშვილი", - ასე გააცნო გამოცემამ მკითხველს გუგენიშვილი სტატიაში, სახელწოდებით "ქართველი მანქანა"."ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და ყოველთვის იქნება იოსებ კობერიძე. ჩემს სავარჯიშო მეთოდიკაში რაიმე საიდუმლო არ იმალება: ის პრაქტიკასა და მუხლჩაუხრელ შრომაზეა აგებული".
იმავე პერიოდში ვებგვერდმა Bloody Elbow-მ ММА-ში მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მძიმეწონოსნად სწორედ გურამი დაასახელა. მასზე საუბრისას ყველა მახასიათებელი ერთ სიტყვაში ერთიანდება - პოტენციალი.
"ბრძოლისას თავისუფალი ჭიდაობისა და საბრძოლო სამბოს ილეთებს ვიყენებ, რაც კარგი კომბინაციაა ბრძოლაში მომგებიანი პოზიციის მისაღებად. ყოველთვის არ ვეშურები მეტოქის მოგუდვას, არამედ გამარჯვებისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მოქმედებებს მივმართავ. უბრალოდ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ამ ძალისხმევის შემდეგ მოგუდული მეტოქე მნებდება".
გუგენიშვილის ერთადერთ ნაკლოვანებად ბრძოლის დროს მის საწყის მდგომარეობას ასახელებდნენ, თუმცა მრავალი ათლეტისგან განსხვავებით, რომლებიც შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებენ, გურამი მუდმივად განვითარებასა და დახვეწას საჭიროდ მიიჩნევს. ახალგაზრდა ქართველის სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებდა მის მწვრთნელს, იოსებ კობერიძეს:
"მწვრთნელს არ შეუძლია, სპორტსმენს შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ასწავლოს. ეს ინსტინქტებია, რომლებიც ადამიანის ქვეცნობიერში ან არის, ან არა. გურამის შემთხვევაში, ეს მისი ყველაზე ძლიერი თვისებაა. ყველაფერთან ერთად, ის საკმაოდ გონიერია და საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია", - ამბობდა მწვრთნელი.
სპორტსმენისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ხომ ნებისყოფა და გამძლეობაა. გურამი ამ მხრივაც გამორჩეული იყო. აი, ასე აღწერდა სპორტსმენი საკუთარ სტილს:
"კარგად გავითავისე, რომ ბრძოლის დროს არამხოლოდ მე ვკარგავ ენერგიას, იგივე ემართება მეტოქესაც. რა თქმა უნდა, ორივე ვიღლებით, მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ სწორედ ახლაა აუცილებელი ძალისხმევა და შეტევა. საჭიროა მეტოქეზე მეტი გამძლეობის გამოვლენა.
შესაძლოა, ეს ყველაფერი სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა მინდა ჩემი ბავშვობის ამბავი მოვყვე. პატარაობისას პიტბული მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან დიდ დროს ვატარებდი. გაწვრთნისას ვაკვირდებოდი მის მოქმედებებს და ანალიზს ვუკეთებდი მის შეუპოვრობას.
სიტუაციის შეფასება ფხიზელი გონებითაა საჭირო, ბრძოლა კი მთელი შემართებით უნდა წარმართო. ბრძოლის დროს ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: რინგზე ყოველთვის თავდაჯერებული გავდივარ. არავითარი "შესაძლოა" ან "ვაითუ"... გონებაში ტრიალებს მხოლოდ "გამარჯვება" და "ეს უნდა შეძლო".
ასევე იხილეთ:
ქართველი მანქანა - გურამ გუგენიშვილი
Sebastian Chabal .France.
წყარო:France Mas Media Рaris