მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ღია წერილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ლევან ყიფიანს

AutoSharing Option
მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ღია წერილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ლევან ყიფიანს

ბატონო ლევან!

მოგახსენებთ, რომ ქართული მხატვრული ტანვარჯიშის აღმასვლა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სპორტის ამ ულამაზეს სახეობას სათავეში ჩაუდგა საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ნელი სალაძე.

პირველი დიდი წარმატება საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებმა 1979 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მოიპოვა, სადაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

იმავე წელიწადს, ლონდონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელსაც ნელი სალაძე
ხელმძღვანელობდა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მათ შორის, ქართველები ირინა გაბაშვილი და ლალი დოლიძე.

მას შემდეგ, ვიდრე 1993 წლამდე, ნელი სალაძემ არაერთი მსოფლიოს თასისა და ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელები გაზარდა.

ესენია: ირმა ყიფშიძე, ირინა ჟემჩუჟინა, ელისო ბედოშვილი, მაია ნადიბაიძე და სხვები. სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს ხომ თვლა არ აქვს. პირველი მხატვრული ტანმოვარჯიშე, რომელმაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა - ეკა აბრამია - ასევე ნელი სალაძის აღზრდილია.

1993 წელს ქალბატონი ნელი სალაძე სრულიად უკანონოდ, ისე, რომ არცერთი დონის ტურნირზე მარცხი არ განუცდია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ ქართული მხატვრული ტანვარჯიში რეგრესს განიცდის. განსაკუთრებით მწვავე გახდა მდგომარეობა უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში.

2008 და 2012 წლების ოლიმპიადამ ქართველი ტანმოვარჯიშეების გარეშე ჩაიარა. მეტიც, ორიოდ წლის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ საქართველოს სახელით გაიყვანეს ბულგარელი ტანმოვარჯიშე. ქართველი ტანმოვარჯიშეები კი, რომლებიც უფრო ძლიერები იყვნენ, არ წაიყვანეს, რადგან ისინი ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის აღზრდილები იყვნენ. ბულგარელმა კი ჩვენი სამშობლო ვერაფრით ასახელა, დაიკავა რა ერთ-ერთი ბოლო ადგილი.

მეტიც, მსოფლიოს სატანვარჯიშო სამყაროს დასაცინი გავხდით, რა გიჭირდათ ასეთი ქართველებსო? ფედერაციაში სხვა დარღვევებიც ბევრი ხდებოდა.

ჩვენ, მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელები, ქორეოგრაფები და ვეტერანი ტანმოვარჯიშეები, გთხოვთ, სპორტის ამ სახეობას ქვეყანაში ისევ ნელი სალაძემ უხელმძღვანელოს, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი და რეალურად შესწევს უნარი, სპორტის ეს სახეობა გადაარჩინოს.

ირმა ყიფშიძე - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი; მსოფლიოს თასის პრიზიორი ჯგუფურ ვარჯიშში; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის მფლობელი; მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული.

ელისო ბედოშვილი - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი; მსოფლიოს თასის მფლობელი ჯგუფურ ვარჯიშში; ევროპის ჩემპიონი.

ინგა სააკაშვილი - სპორტის ოსტატი; საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი გუნდურ ჩათვლაში.

მარინა მორბედაძე - სპორტის ოსტატი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი გუნდურ ჩათვლაში.

მაია ნადიბაიძე - სპორტის ოსტატი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი; საქართველოს ჩემპიონი; მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ინგა ჩხაიძე - საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი გუნდურ ჩათვლაში; საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული.

ლალი დოლიძე - სპორტის ოსტატი; საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი.

ინესა მელაძე - ქორეოგრაფი.

მაკა ღამბაშიძე - ვეტერანი ტანმოვარჯიშე.

ნინო შავაძე - ვეტერანი ტანმოვარჯიშე.

ნათია ჩანტლაძე - ვეტერანი ტანმოვარჯიშე.

ნუცა მეღვინეთუხუცესი - ვეტერანი ტანმოვარჯიშე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული