სალომე ფაჟავა - იუნიორებიდან პირდაპირ ელიტაში

AutoSharing Option
ახლახან ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც საუკეთესოდ გამოვიდა ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა.

გვესაუბრება საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნელი სალაძე:

- ჩემპიონატისთვის დიდი მონდომებით ვემზადებოდით, რადგან მისი შედეგებით ვლინდებოდა ელიტარული ოცეული, რომელიც გაისად ბაქოში ევროპის, ასე ვთქვათ, დახურულ ჩემპიონატში იასპარეზებს. შარშან ამის შესაძლებლობა დავკარგეთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახლა კარგად გამოსვლა.

სამწუხაროდ, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე სალომეს მტკივანი ტერფი გაუმიზეზდა. მკურნალობაში ექიმებთან ერთად უანგაროდ დაგვეხმარა სახალხო მკურნალი ბიჭიკო ასკურავა.

რადგან დრო აღარ ითმენდა, სპორტსმენმა ნაადრევად შეწყვიტა მკურნალობა, ფიცარნაგზეც
კი კოჭლობით გამოდიოდა. დიდი მცდელობის შედეგად, ვენაში ჩვენმა გუნდმა C-დან B ჯგუფში აინაცვლა, ინდივიდუალურ ჩათვლაში კი "ცალფეხა" გოგონა ელიტარულ ჯგუფში მოხვდა და გაისად ბაქოში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ისიც აღსანიშნავია, რომ სალომე პირველად ასპარეზობდა დიდებში, წლეულს გადმოვიდა სენიორებში, მანამდე იუნიორებში გამოდიოდა.

ვენაში ყველა წამყვანი ქვეყნის სპეციალისტი აცხადებდა, რომ ეს არის გამორჩეული სპორტსმენი. გურზებით ვარჯიში ქართულ მუსიკაზეა აგებული და ამბობდნენ, რომ ეს იყო საუკეთესო პროგრამა.

- ახლა სალომე მკურნალობს?
- ევროპის ჩემპიონატზე ექიმი არა გვყოლია, მაგრამ რუსების ექიმები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ სალომეს შეძლებოდა ასპარეზობა. მათ სურდათ მოსკოვში ემკურნალა, მაგრამ მე თავაზიანი უარი ვუთხარი და მკურნალობის გაგრძელება საქართველოში ვარჩიე.

- აგვისტოს ბოლოს კიევში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. მოასწრებს სალომე ამ დროისთვის ტრავმის მოშუშებას და სპორტული ფორმის აღდგენას?
- დრო გვიჩვენებს, თუმცა ექიმები ამბობენ, ორი თვე ვარჯიშს ვერ შეძლებსო. ახლა მეორე ნომერზე ვფიქრობთ. სამი კანდიდატურიდან ერთი უნდა შევარჩიოთ. მთავარია, ფაჟავას დიდად არ ჩამოუვარდებოდეს.

ელისო ბედოშვილი: - მე გუნდს, როგორც საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გავყევი, მწვრთნელი ლალი დოლიძე იყო. მსაჯები აღფრთოვანებულები დარჩნენ სალომეს გამოსვლით. ფიჟ-ის ტექნიკური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარია ჩისკოვსკამ მითხრა, წინადადება უნდა წამოვაყენო, სალომეს გურზებით ვარჯიში ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ვარჯიშად აღიარონო.

ჩემთვის ორი სპორტსმენი იყო აღმოჩენაო - რუსი კუდრიავცევა და სალომე ფაჟავა. ისინი თანატოლები არიან.

სალომე გამოირჩევა თავისი პროგრამით, რაც ლალი დოლიძის დამსახურებაა, რადგან მისი დადგმულია ყველა ვარჯიში. თუ სათანადო პროგრამა არა გაქვს, ძნელია შთაბეჭდილება დატოვო და მაღალი ქულა დაიმსახურო. სალომეს ოთხივე ვარჯიში ძალიან განსხვავებულია.

გურზებით ვარჯიშზე უკვე გითხარით. ასევე განსაკუთრებით აღნიშნეს ბაფთით გამოსვლა, რომელსაც სალომე მაიკლ ჯექსონის სიმღერაზე ასრულებს.

შეჯიბრების შემდეგ მსაჯების ოთახში რომ შევედით, ყველა მსაჯი ცეკვავდა, დიმპიტაური-დამპიტაური ჰქონდათ გამართული. ქართული "ლეზგინკაო", ასე შეარქვეს რაჭულ მელოდიას.

კუდრიავცევას მწვრთნელმა გამაჩერა და სალომეს გამოსვლის შემდეგ ყველა მასზე ვლაპარაკობთო, მითხრა. იგივე თქვა ლატვიელმა მწვრთნელმა. ჩვენი ბავშვები რომ გაიგებენ, სალომე გამოდისო, თავქუდმოგლეჯილი გარბიან მის სანახავადო.

ლალი დოლიძე: - მხოლოდ ერთს დავამატებ. ჩვენი კოლეგები ამბობდნენ: ჩვენ ვვარჯიშობთ მხატვრულ ტანვარჯიშში, სალომემ მხატვრული ტანვარჯიშის ხელოვნება, სრულიად განსხვავებული ტანვარჯიში გვიჩვენაო. და კიდევ, რუსმა მსაჯმა გვითხრა, ვარსკვლავი გყავთ გუნდშიო.

ელისო ბედოშვილი: ევროპის ჩემპიონატის წინ საფრანგეთში მსოფლიო თასის გათამაშება მოეწყო და სალომემ უკვე იქ გააკეთა სერიოზული განაცხადი. ასე რომ, მართლაც ვარსკვლავი გვეზრდება და ახლა მას გაათმაგებული ყურადღების მიქცევა სჭირდება.

დავით ჭელიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვედელიძე სადღაა
niko
14:54 19-06-2013
0
სალომე, რომ წარმატებული სპორტსმენია, ალბათ ამაში მისი დიდიშრომაა ჩადებული და არანაკლები მისი მშობლების, რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდეს...
ნანა კეზუა
23:52 17-06-2013
0

სიახლეები პოპულარული